აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რამდენიმე პუნქტიანი ღაზის სამშვიდობო გეგმაზე „ჰამასი" ნაწილობრივ თანახმაა. აშშ-ს პრეზიდენტმა ეს გეგმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას 29 სექტემბერს წარადგინა და მძევლების გასათავისუფლებლად „ჰამასს" ვადაც მისცა. „ჰამასში" აცხადებენ, რომ გეგმას ძირითადად ეთანხმებიან, თუმცა გეგმის გარკვეული მოთხოვნები არარეალისტურია. ისრაელი კი, ცეცხლის შეწყვეტაზე მუშაობას საკუთარი პრინციპებით აგრძელებს.
„ჰამასის" პასუხთან დაკავშირებით, ისრაელი ემზადება ტრამპის გეგმის პირველი ფაზის დაუყოვნებლივი განხორციელებისთვის, რომელიც მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას გულისხმობს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას პრეზიდენტთან და მის გუნდთან სრული თანამშრომლობით, რათა დავასრულოთ ომი იმ პრინციპებთან შესაბამისობაში, რომელიც გაწერილია ისრაელის მიერ და რომელიც ეთანხმება პრეზიდენტ ტრამპის ხედვას", - წერია ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.
ტრამპის გეგმა რამდენიმე პუნქტისგან შედგება:
ისრაელი არ მოახდენს ღაზის ანექსიას ან ოკუპაციას;
არავის აიძულებენ დატოვოს ღაზა, წასვლის სურვილის შემთხვევაში კი თავისუფლად შეძლებენ ღაზის დატოვებას და თავისუფლად შეძლებენ უკან დაბრუნებას;
შეიქმნება ეკონომიკური განვითარების გეგმა ღაზის აღსადგენად;
ისრაელის მიერ წინადადების მიღებიდან 72 საათის განმავლობაში ყველა დარჩენილი მძევალი დაუბრუნდება ისრაელს, მათ შორის გარდაცვლილების ცხედრებიც, აშშ დაამყარებს დიალოგს ისრაელსა და პალესტინელებს შორის „მშვიდობიანი და აყვავებული თანაარსებობის პოლიტიკური პერსპექტივების შესახებ შეთანხმების მისაღწევად";
აშშ არაბულ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშავებს დროებითი საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების შესაქმნელად, რომლებიც დაუყოვნებლივ განთავსდებიან ღაზაში;
„ჰამასის" წევრებს, რომლებიც ვალდებულებას იღებენ მშვიდობიანი თანაარსებობაზე და განიარაღდებიან, მიენიჭებათ ამნისტია; ყველა მძევლის გათავისუფლების შემდეგ, ისრაელი გაათავისუფლებს 250 პირს, რომელთაც უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი; ასევე 1 700 პირს, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ დააკავეს;
ჰუმანიტარული დახმარების შეტანა და განაწილება განხორციელდება ორივე მხარის ჩარევის გარეშე, გაეროს მეშვეობით;
თუ ორივე მხარე დათანხმდება ამ წინადადებას, ომი დაუყოვნებლივ დასრულდება.
დონალდ ტრამპმა „ჰამასს" მძევალთა გასათავისუფლებლად დრო 5 ოქტომბრამდე, ვაშინგტონის დროით 18:00 საათამდე მისცა.
ტრამპმა „ჰამასს" მოუწოდა, მძევლებთან ერთად, ისრაელს დაღუპულთა ცხედრებიც გადასცეს.
ტრამპის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთის დიდი, ძლიერი და ძალიან მდიდარი ქვეყნები, ასევე მომიჯნავე რეგიონები, აშშ-სა და ისრაელთან ერთად, მშვიდობაზე შეთანხმდნენ.
„ამ შეთანხმების ბოლო შანსი თუ არ იქნება გამოყენებული, „ჰამასის" წინააღმდეგ დაიწყება ისეთი ჯოჯოხეთი, როგორიც არავის უნახავს", - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა მოუწოდა პალესტინელებს დატოვონ პოტენციური საფრთხის ზონა და გადავიდნენ ღაზის უსაფრთხო რაიონებში.
„დოკუმენტის დეტალები მსოფლიოსთვის ცნობილია და ის ყველასთვის მისაღებია. ჩვენ, ამა თუ იმ გზით, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობას დავამყარებთ. ძალადობა და სისხლისღვრა შეწყდება. ახლავე გაათავისუფლეთ მძევლები, ყველა მათგანს, მათ შორის გარდაცვლილთა ცხედრებსაც დააბრუნებენ", - წერს ტრამპი.
„ჰამასის" ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, მუსა აბუ მარზუკის თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნა, რომ 72 საათში გათავისუფლდნენ მძევლები, არარეალურია. მისი თქმით, „ჰამასი" ძირითადად თანხმდება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ წარდგენილ 20-პუნქტიან გეგმას ღაზაში ომის დასასრულებლად, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი გარკვეული მოთხოვნები არარეალისტურია.
მუსა აბუ მარზუკის თქმით, „ჰამასს" შუამავლებისთვის ადრეც განუცხადებია, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია ყველა გარდაცვლილი მძევლის ცხედრების ადგილმდებარეობის შესახებ და მათ მოძიებას გარკვეული დრო დასჭირდება.
მუსა აბუ მარზუკი ასევე აღნიშნავს, რომ ამერიკულ გეგმაში წარმოდგენილი ხედვა ღაზაში ისრაელის ძალების ჩასანაცვლებლად საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების განთავსებასთან დაკავშირებით დაზუსტებას მოითხოვს. მაღალჩინოსანი ასევე აცხადებს, რომ „ჰამასი" არ დაყრის იარაღს, ვიდრე ისრაელი არ დაასრულებს „ოკუპაციას" და რომ ღაზის მომავალი პალესტინურ ეროვნულ სტრუქტურებთან უნდა იქნას განხილული, რომლის ნაწილიც იქნება „ჰამასი".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე