თამთა ჩაჩანიძე
(03.10.2025)

მოძრაობა „რუსთაველის გამზირი" მხარდამჭერებს საბათს 4 საათზე დედაქალაქის მთავარ გამზირზე ელოდება. მოწოდება „ნაციონალურმა მოძრაობამაც" გაავრცელა. ცნობილია ისიც, რომ სრული შემადგენლობით იქნება „კოალიცია ცვლილებებისთვის". რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე ბარიერგადალახულ სხვა ოპოზიციას, „ლელოში" ამბობენ, რომ დილით არჩევნებზე საღამოს - პროტესტზე. გახარიას პარტია კი მასში ჩართვაზე კატეგორიულ უარს ამბობს.

ამასთან, ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია „ქართულ ოცნებას" „სიურპრიზებს" ჰპირდება, მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე კი საპასუხოდ ამბობს, რომ „ნებისმიერ პატარა სიურპრიზს დახვდება დიდი სიურპრიზი". მისი თქმით, „ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, შეფარდებული სასჯელი ბევრად უფრო მკაცრი შეიძლება იყოს", ვიდრე შარშან.

პრემიერი ამბობს, რომ ოპოზიციის საჯარო განცხადებები „უკვე არაკონსტიტუციურია". კობახიძე პარტიებს და მოქალაქეებს მოუწოდებს გაემიჯნონ ხვალინდელ შეკრებას.

„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას და სხვა გაერთიანებას, ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო, ქმედითად გაემიჯნონ შეკრებას, რომლის მიზანი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლაა. ყველას მინდა შევახსენო, რომ დღეს საქართველო, მისი კონსტიტუციური სისტემა და სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სამართალდამცავი სტრუქტურები არის ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული, როგორც არასდროს. აქედან გამომდინარე, არავის ვურჩევთ, გარისკოს და დაუპირისპირდეს სახელმწიფო სისტემას და კანონს, რომლისგანაც ყველა სამართალდამრღვევი უმკაცრეს პასუხს მიიღებს",- განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, „რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა ხვალ დააანონსეს მიტინგი, რომლის გაცხადებული მიზანია, დაამხონ ან ძალადობით შეცვალონ საქართველოს კონსტიტუციური წყობილება. ამ მიტინგის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა აიღეს ან/და მის გაცხადებულ მიზანს მხარდაჭერა გამოუცხადეს ენმ-მ„ „ახალმა", „ლელომ" და რამდენიმე შედარებით მცირე პოლიტიკურმა პარტიამ. „გარდა ამისა, მიტინგსა და მის მიზანს მხარდაჭერა გამოუცხადეს მთელმა რიგმა რადიკალურმა და ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა და დაჯგუფებებმა, რომელთა უდიდესი ნაწილი უცხოური წყაროებიდან ფინანსდება".

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღეს ოპოზიცია ორად არის გახლეჩილი, „რომლის ერთი ნაწილი დამხობით ემუქრება ქართველ ხალხს, ხოლო მეორე ნაწილი გამარჯვების შემთხვევაში, თბილისში ყველა შესაბამისი სამსახურის გაჩერებით". კალაძის თქმით, საქართველოში ძალადობრივი ჯგუფების ადგილი არ არის როგორც პოლიტიკაში, ისე ჩვეულებრივი ცხოვრებაში.

სპეციალური ბრიფინგი ჩანიშნა მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ აქციაზე იდგება და არჩევნებზე არ მიდის. მისი თქმით, კობახიძე ტყუილებს ამბობს, როცა სამართლიან არჩევნებზე და დამხობაზე საუბრობს.

„მინდა ირაკლი კობახიძეს შევეხმიანო, რომელმაც დღეს ვითომცდა აქო ადგილობრივი სამართლიანი, არაჩვეულებრივი არჩევნები, რომელიც ხვალ ჩატარდება და ამავე დროს, დაგვემუქრა, რომ რაღაცის დამხობა იგეგმება - ეს ორივე მხრივ ტყუილია, არანაირი სამართლიანი, თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ. ეს ჩვეულებრივი ფარსი იქნება და იმ საზოგადოების დაცინვა, რომელიც ქუჩაში მშვიდობიანად გამოდის უკვე 300 დღეზე მეტია",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

აქციამდე საათებით ადრე პაატა ბურჭულაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და გამარჯვება დაანონსა.

„4 ოქტომბრამდე საათებია დარჩენილი, ქართველი ხალხის ეპოქალურ გამარჯვებამდე. ჩვენ ვიკრიბებით რუსთაველზე, რათა ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლება. მოგიწოდებთ ყველას, ვისაც გსურთ ღირსეული და თავისუფალი საქართველო, მოდით ყველანი 4 ოქტომბერს 16:00 საათზე რუსთაველზე. არავინ იფიქროთ, რომ სხვისი მისვლა საკმარისია.

„ხშირად გვეკითხებიან, რა მოხდება, როცა ივანიშვილის რეჟიმის დასრულდება? მინდა, გითხრათ, რომ ვიღეთ პსუხისმგებლობას: არცერთი სახელმწიფო ინსტიტუციის ფუნქციონირება არ შეფეხდება. თუ რომელიმე მინისტრი ან მაღალჩინოსანი გაიქცევა, ეს არ გამოიწვევს ფუნქცირების კოლაფსს. უფრო მეტიც, ამის შედეგად კოლაფსი მცირე ხნითაც კი არ შეიქმნება. ყველა სახელმწიფო სასიცოცხლო სერვისი, ისეთი, როგორიც არის ჯანდაცვა, ხელფასებისა და საპენსიო უზრუნველყოფა, მართლწესრიგი თუ სხვა, გარანტირებული იქნება. ხაზგამისთ გვინდა აღვნიშნოთ, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას უზრუნველყოფენ არა მხოლოდ მინისტრები, არამედ უწყებებში უამრავი სხვადასხვა პოზიციებზე განაწილებული პროფესიონალები. ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ მოლოდინი, არამედ ზუსტად ვიცით, რომ ეს ადამიანები გააგრძელებნ თავიანთი ფუნქციების შესრულებას. ამიტომ ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული," - განაცხადა ბურჭულაძემ.

„გელოდებით, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე!" - წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ფეისბუქზე.

„კოალიცია ცვლილებების" წევრი თენგო თევზაძე ელექტორატს მოუწოდებს არჩევნებზე არ წავიდნენ და დადგნენ რუსთაველზე.

„ხვალ, 4-ში რუსთაველზე - არ გახდე ღალატის თანამონაწილე და არ წახვიდე არჩევნებზე ! ... ხვალ, რუსთაველზე პარტია ახალი და კოალიცია ცვლილებისთვის სრული შემადგენლობით ვიქნებით",- წერს თევზაძე.

„ძლიერი საქართველოს" პოზიცია ასეთია, რომ ჯერ არჩევნებზე მივიდნენ და მერე აქციაზე.

„ჩვენი გზავნილი თუ როგორ უნდა მოვიქცეთ 4 ოქტომბერს, შემდეგია: დილით არჩევნებზე, საღამოს პროტესტის მხარდაჭერა!"- ამბობს თბილისის მერობის გახარია-ხაზარაძის პარტიების საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე „პალიტრანიუსთან".

გახარია და მისი გუნდი აქციას არ უერთდებიან. ყოფილ პრემიერს მიაჩნია, რომ დაანონსებული რევოლუციის თარიღი მმართველი პარტიის კულუარებში გაჩნდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ 4 ოქტომბრის თარიღი, „მშვიდობიანი რევოლუციის" თარიღი „ოცნების" კულუარებში გაჩნდა და არსად სხვაგან. ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი პატივსაცემია პარტიის მიმართ ერთგულებით, მაგრამ ამ ადამიანებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინახონ, რომ ბოლო 13 წლის განმავლობაში ფუჭი დაპირებების მეტი, ფეხების ბაკუნის გარდა და ძახილით: „ხვალ დავამთავრებთ", „გაიქცევიან" და ასე შემდეგ, არაფერი გაუკეთებიათ, რაც „ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს", - განაცხადა გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე