ოპოზიციის მიერ დაანონსებული 4 ოქტომბრის აქციას სააკაშვილის დროინდელი გენერლები ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი გამოეხმაურნენ და პირდაპირ თქვეს, რომ ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობრივ გეგმას. ყველას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან. „ქართულ ოცნებაში"ამას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ სახელმწიფოებრივი პოზიციის დაკავება მისასალმებელია.
მამუკა ყურაშვილი და ზაზა გოგავა სოციალურ ქსელში 4 ოქტომბერს დაგეგმილი აქციის შესახებ განცხადებას ავრცელებენ, სადაც წერია, რომ „მეორე მხრიდან არ ჩანს არანაირი რეალური და მკაფიო გეგმა, როგორ შეიძლება ხელისუფლების ცვლილება კანონიერი გზით. ცალკეული ჯგუფების მხრიდან ძალადობრივი მოწოდებები კი პირიქით - ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს".
ყურაშვილის და გოგავას განცხადებაში ნათქვამია, რომ კატეგორიულად ემიჯნებიან „ყოველგვარ ძალადობრივ გეგმას" და ყველას მოუწოდებენ „თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, რომელსაც თავს ახვევენ ახალგაზრდებს".
„ბოლო სამი ათწლეულია ვუყურებთ ჩვენს ქვეყანაში მუდმივ დაპირისპირებას. სამწუხაროდ, მოქმედმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაპირისპირება შემცირებულიყო, პირიქით, კიდევ უფრო აღვივებს მას, მათ შორის ახალგაზრდების პატიმრობით. როგორც ჩანს, არც ამ დღეებში აპირებენ უკანდახევას და რაიმე კომპრომისზე წასვლას.
„ამავე დროს, მეორე მხრიდან არ ჩანს არანაირი რეალური და მკაფიო გეგმა, როგორ შეიძლება ხელისუფლების ცვლილება კანონიერი გზით. ცალკეული ჯგუფების მხრიდან ძალადობრივი მოწოდებები კი პირიქით - ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.
„ამიტომ, კატეგორიულად ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობრივ გეგმას და მოვუწოდებთ ყველას, ვინც ფიქრობს ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, რომელსაც თავს ახვევენ ახალგაზრდებს და მომავალში ვიბრძოლოთ ისეთი მეთოდებით, რაც არ დააზიანებს არც ქვეყანას და არც ჩვენს ახალგაზრდობას! გენერალი მამუკა ყურაშვილი, გენერალი ზაზა გოგოვა!" - ნათქვამია ყურაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
ყურაშვილისა და გოგავას განცხადებას პრემიერი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ყველას არ უნდა ძალადობაში მონაწილეობა - ძალიან კარგია, რომ ამ ორმა ადამიანმა დაიკავა სახელმწიფოებრივი პოზიცია, ასეთი ბევრი სხვა ადამიანიც იქნება, მათ შორის შესაბამისი პოლიტიკური შეხედულებების".
„თავისთავად, როდესაც საუბარია დამხობაზე, ეს შინაარსობრივად ძალადობას გულისხმობს. დამხობა ძალადობის გარეშე არ არსებობს. ასეთი რამ ბუნებაში ვერ იარსებებს. გაცხადებული მიზანი აქვს მიტინგს - მათ უნდა სცადონ კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, რაც თავის თავში გულისხმობს ძალადობას.
„ყველას არ უნდა ძალადობაში მონაწილეობა. ძალიან კარგია, რომ ამ ორმა კონკრეტულმა ადამიანმა დაიკავა სახელმწიფოებრივი პოზიცია, რაც მისასალმებელია. ბევრი ასეთი სხვა ადამიანიც იქნება, მათ შორის შესაბამისი პოლიტიკური შეხედულებების მქონე, რომელსაც არ მოუნდება ძალადობაში მონაწილეობა. გვინდა ყველა გავაფრთხილოთ. ასეთი ტიპის ძალადობაში მონაწილეობა ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს. ეს მეგობრული რჩევაა ჩვენი მხრიდან, ნუ გააკეთებენ ისეთ რაიმეს, რის გამოც მოუწევთ მრავალი წლის განმავლობაში აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა", - თქვა პრემიერმა.
გენერლების განცხადებას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიც გამოეხმაურა.
„მამუკა ყურაშვილი როცა სამშვიდობო ბატალიონს ხელმძღვანელობდა, საკუთარ მოვალეობას საკმაოდ მაღალ დონეზე ასრულებდა და რეგიონში საქართველოს უპირატესობაც ჰქონდა. შემდეგ ის პროცესები დაიწყო, რაც სააკაშვილმა თავის თავზე აიღო და თქვა, კონსტიტუციური წესრიგი უნდა აღვადგინოო. ეს ყურაშვილმაც გაიმეორა, რასაც მოჰყვა მისი ლანძღვა და მთავარ დამნაშავედ წარმოჩინება. სააკაშვილმა მას არც ერთი ბინძური სიტყვა არ დააკლო, თუმცა ამის მიუხედავად, „ნაცმოძრაობასთან" იყო ასოცირებული და მისი წევრი იყო.
„გოგავა ყოველთვის პროფესიონალი იყო, მაგრამ „ნაცმოძრაობაში" როგორ მოხვდა, ვერ გეტყვით. როცა ისინი ასეთ განცხადებას აკეთებენ, ეს ყველასთვის საყურადღებო უნდა იყოს. განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოში სისხლისღვრა დემოკრატიულ სამყაროსთან გაერთიანების წინაპირობაა. ამ განცხადებას საგანგებო მნიშვნელობა უნდა მივაქციოთ, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი იმას ემიჯნება, რასაც „ნაცმოძრაობა" უპირებს საკუთარ ქვეყანას. ჩემი აზრით, ექსტრემისტური ჯგუფების მიერ სერიოზული საფრთხე არსებობს გარკვეული პროვოკაციის მოწყობის, რამაც შეიძლება, მსხვერპლი გამოიწვიოს, რაც, რასაკვირველია, მათი გაგებით, საწყისი უნდა იყოს რევოლუციური პროცესების. ეს არის მათი გეგმა. რაღაც ჯგუფი ამ გეგმის შესასრულებლად იქნება მომზადებული. საქართველოში ამ რაოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანა იმად კმარა, რომ შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ. დემოკრატიულ სამყაროს აქციები არ უკვირს, მაგრამ დემოკრატიულმა სამყარომ კარგად იცის, როგორ უნდა დაუპირისპირდეს აქციას, რომელიც კანონს დაარღვევს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე