არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციურ სპექტრში პოლიტიკური ტემპერატურა უფრო მაღალ ნიშნულზე ადის. ამჯერად ლელოსა და გახარიას კოალიცია აანონსებს, რომ 5 ოქტომბრის შემდეგ უფრო „მეტს ამბავს მოეფინებს ნათელი". კოალიციის განაწყენება ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ TVP WORLD-თან გაკეთებულმა კომენტარმა გამოიწვია, სადაც ზურაბიშვილმა ახსნა, რომ არჩევნებში მონაწილეობა ოპოზიციურმა პარტიებმა მთავრობის ზეწოლის გადაწყვიტეს. სადამდე მივა დაძაბულობა და რა კარტებს გაშლის ოპოზიცია 5 ოქტომბრის შემდეგ?
„გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს ნამდვილად არ აქვს უფლება, პასუხიმგებლობა სხვაზე გადაიტანოს.
„არჩევნებამდე ორი დღით ადრე სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე რაიმე კომენტარის გაკეთების სურვილი არ მაქვს. არჩევნების შემდეგ იქნება დრო და ვისაუბრებთ. ახლა, ერთი შემიძლია, გავიხსენო, რომ ამის სურვილი თუ ჰქონდა ქალბატონ სალომეს, იყო საუბარი იმაზე, აეღო პასუხისმგებლობა და თავად გამხდარიყო თბილისის მერობის კანდიდატი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამაზე უარი თქვა. ბუნებრივია, ახლა მას ნამდვილად არ აქვს უფლება, რაიმე პასუხისმგებლობა სხვაზე გადაიტანოს. მოვუწოდებდი, საკუთარ პასუხისმგებლობაზეც ისაუბროს, მაგრამ ამაზე საუბარი ნაადრევია.
„კიდევ ვიმეორებ, ჩვენთვის მთავარია, დავიცვათ ხმები, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები მოგვცემენ და 4 ოქტომბერს ვიყოთ საარჩევნო უბნებზე, რათა ხელისუფლება ადგილობრივ დონეზე მშვიდობიანად შევცვალოთ. აუცილებელია, ჩვენს მოქალაქეებს საკრებულოებში ჰყავდეთ საკუთარი ღირსეული წარმომადგენელი, რომლებიც მათ უფლებებს დაიცავენ", - განაცხადა შარაშიძემ.
კითხვაზე, რატომ თქვა უარი სალომე ზურაბიშვილმა მერობის კანდიდატობაზე, შარაშიძემ აღნიშნა:
„ვერ გეტყვით, არ მინდა, დეტალებში შევიდე. დღეს ადვილია გარედან დამკვირვებლის როლში კომენტარების კეთება და გაცილებით რთულია იმ ბრძოლაში მონაწილეობა, რასაც ჩვენი პოლიტიკური ძალის ბრძოლა ჰქვია „ოცნების" ავტოკრატიული და მოძალადე რეჟიმის წინააღმდეგ არჩევნების გზით. ჩვენ ვხედავთ, რამდენად დიდია ზეწოლა, დაშინება და რეპრესიები და რამდენად არ სურდა „ოცნებას", ამ არჩევნებში რეალური კონკურენტი ჰყოლოდა", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ამავე აზრზე არიან ლელოშიც. გრიგოლ გეგელია აანონსებს, რომ 5 ოქტომბრის შემდეგ ღიად ისაუბრებენ, თუ ვინ რა პროცესს, როგორ და როდის შეუშალა ხელი.
„ძალიან საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის იმის მოსმენა, ვის რა პოზიცია ჰქონდა კონკრეტულ მომენტში. ჩვენ ძალიან შეგნებულად შევიკავეთ თავი 5 ოქტომბრამდე მთელი რიგი ამბების გამჟღავნებისგან, ჩვენ არ დავესხით თავს კოლეგებს, რადგანაც ბევრი მათგანისგან განსხვავებით, მეტი წინდახედულობა გაგვაჩნია და გვესმის, რომ ამ ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას სჭირდება ერთობლივი ძალისხმევის გაღება,
„მაგრამ 5 ოქტომბრის შემდეგ უფრო მეტ ამბავს მოეფინება ნათელი, მეტი სიცხადე შემოვა და მერწმუნეთ, ეს სიცხადე იქნება მათ შორის იმასთან დაკავშირებით, ვის რა პოზიცია ჰქონდა არჩევნებზე, გაიგებთ ისეთ რაღაცებს, რაც აქამდე საზოგადოებამ არ იცოდა. ძალიან ბევრ რაღაცას გაიგებს საზოგადოება პარტიებზეც და არაპარტიულ აქტორებზეც, რა საუბრები იყო, ვინ რას ემხრობოდა, ვინ რას შეუშალა ხელი და ვინ შეუწყო. მათ შორის სალომე ზურაბიშვილზეც," - განაცხადა ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ.
ამავე პარტიის გუნდის წევრმა და თბილისში მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემაც აღნიშნა, რომ 5 ოქტომბრამდე „დუმილის უფლებით" ისარგებლებენ.
შეგახსენებთ, გახარიასა და ლელოს პარტიები თვითმმართველობის არჩვნებისთვის რამდენიმე თვეა აქტიურად ემზადებიან , ამასთან, გახარიას პარტია 4 ქოტომბრის აქციას ემიჯნება, ხოლოო ლელო დილით არჩვნებზე, საღამოს კი აქციაზე აპირებს მისვლას.
„ოპოზიცია ორად არის გახლეჩილი"
თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
„ნახეთ ოპოზიციაში რა ხდება, ორად არის გახლეჩილი ერთი მხარე დამხობით ემუქრება ქართველ ხალხს. მეორე ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში მთლიანად მუნიციპალიტეტს, თბილისზე მაქვს საუბარი, გააჩერებს მუნიციპალიტეტის მუშაობას და ყველა შესაბამის სამსახურს. წარმოუდგენელია, როდესაც საქმე გვაქვს რადიკალიზმთან, მოძალადეებთან. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, დღევანდელ საქართველოში, დღევანდელ რეალობაში და მომავალ საქართველოში ძალადობრივი ჯგუფების ადგილი არ არის როგორც პოლიტიკაში, ისე ჩვეულებრივი ცხოვრებაში", - განაცხადა კახა კალაძემ.
ათვლის წერტილი
„პოლიტიკური პარტიებისთვის ჩემი რჩევა იყო, რომ ამ არჩევნების იგნორირება მოეხდინათ - პრაქტიკულად არავინ მონაწილეობს და ისინი, ვინც მონაწილეობენ, ამას მთავრობის მხრიდან ზეწოლის ფონზე აკეთებენ," - განაცხადა ზურაბიშვილმა TVP WORLD-თან..
ზურაბიშვილის თქმით, პარტიის ორი ლიდერი, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, ციხეში იყო და ისინი ფაქტობრივად, იმისთვის გაათავისუფლეს, რომ მონაწილეობა მიიღონ.
„მათ დაიწყეს საუბრები მიიღონ, თუ არა არჩევნებში მონაწილეობა. საბოლოო ჯამში, პრაქტიკულად არავინ არ მონაწილეობს და ისინი, ვინც მონაწილეობენ, ამას მთავრობის მხრიდან ზეწოლის ფონზე აკეთებენ. ორი ლიდერი პარტიის, რომელიც მონაწილეობას იღებს, ციხეში იყო და ისინი ფაქტობრივად იმისთვის გაათავისუფლეს, რომ მონაწილეობა მიიღონ [არჩევნებში]...ასე რომ, არაფერია მოსალოდნელი [არჩევნებისგან], მაგრამ ბევრი რამეა მოსალოდნელი ქუჩაში პროტესტებისგან ვინაიდან, ხალხი აპირებს ამ არჩევნების პაროდიის გაპროტესტებას და იმის გამეორებას, რომ მათ სურთ რეჟიმის ცვლილება, ახალი დემოკრატიული არჩევნები, რომელშიც შევძლებთ წესიერად ბრძოლას და ქართველი ხალხის ხმის ასახვას," - თქვა ზურაბიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე