თამთა ჩაჩანიძე
(03.10.2025)

დღეს სრულდება წინასაარჩევნო კამპანია, თბილისის მერობის კანდიდატებმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდეს და ბოლო გზავნილებიც გააჟღერეს. მთავარ კონკურენტებს გამარჯვების იმედი აქვთ. თუმცაღა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, განსაკუთრებით ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტის ფონზე, კალაძეს მერობის მესამე ვადა გარანტირებული აქვს.

თბილისის მერობისა და საკრებულოს არჩევნებზე 9 კანდიდატი და 12 პარტია იბრძვის. სია ასე გამოიყურება:

#1 -„ენა მამული სარწმუნოება" - თემურ ბოკელავაძე;

#3 - „კონსერვატორები საქართველოსთვის" - ზურაბ მახარაძე;

#7 - „თავისუფალი საქართველო" - კახა კუკავა;

#8 - „პატრიოტთა ალიანსი" - ოთარ ჭითანავა;

#9 - „ძლიერი საქართველოსთვის - ლელო" - ირაკლი კუპრაძე;

#11 - „საქართველო" - გიორგი ლილუაშვილი;

#12 - „მწვანეთა პარტია" - გიორგი გაჩეჩილაძე;

#36 - „გირჩი" - იაგო ხვიჩია;

#41 „ქართული ოცნება" - კახა კალაძე.

რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მონაცემები და არსებული ვითარება იძლევა იმის პროგნოზირების საშუალებას, რომ კალაძეს მესამე ვადა გარანტირებული აქვს.

„შეჩვეული ვარ, სოციოლოგიას ვენდო, მით უმეტეს ინტუიციისგან დიდად არ განსხვავდება ის შედეგები, რაც კვლევაშია (გორბის). კალაძის სახელს უკავშირდება ქალაქში მნიშვნელოვანი პროექტები. მის მიმართ ბუნებრივია პრეტენზიებიცაა, მაგრამ ამას, რაც გაკეთებულია, თუ ახალი კადიდატი დაამატებს, რა თქმა უნდა ყურადღება მისკენ გადავა, მაგრამ თუ გამოაკლებს, მაშინ მიღწეულის დაკარგვა არავის არ უნდა უნდოდეს. ამ დროს, „ლელოს" კანდიდატი იძახის ამირჩიეთ და დავანგრევ მთელ მერიის ადმინისტრაციასო - ეს ხომ ქალაქის მშენებლობის დანგრევას ნიშნავს? ეს რევოლუციური სულისკვეთება ამომრჩეველს ალბათ კიდევ უფრო დააფრთხობს.

„ვერის პარკში შემთხვევით მომიწია გავლა, რომელიც კალაძის სახელს უკავშირდება, სავსე იყო ხალხით, ძალიან კმაყოფილი სახეებით ასეირნებდნენ ზოგი ბავშვებს, ზოგი ძაღლებს და ამ კმაყოფილი და ნორმალური ცხოვრების მოთხოვნილება აქვთ ადამიანებს.

„რაც შეეხება იაგო ხვიჩიას, მას რადიკალიზმი საერთოდ არ აქვს და მე მგონი ძირითადად ამის დამსახურებაა ეს რეიტინგი. ამომრჩეველი დეტალებში არ ერკვევა-ხოლმე, ვინ რას ჰპირდება, არ აქვს წვრილმანებში შესვლის არც დრო და არც სურვილი. ზოგად სურათში ხვიჩიას წამოწევა ყველასთვის უდაოდ საყურადღებოა, რადგან ეს ამომრჩევლის განწყობაზე მიუთითებს, რომ მას მშენებარე კანდიდატები უნდა და არა დამანგრევლები.

„პატრიოტთა ალიანსი" უფრო ტრადიციულია და უფრო ადვილად პოულობს ადამიანთა გულებისკენ გზას, „ალტ-ინფორლები" უფრო გამოუცდელები არიან და ნაწილობრივ ბევრი რამ მაგის ბრალია, რომ გადაწყვეტილებას უცბათ იღებენ. მათი შანსები დაახლოებით თანაბარია, რადგან იმ პოლიტიკურ ჯგუფებს განეკუთვნებიან, რომლებიც აგრეთვე რადიკალურები არიან, ეს თავისთავად არ მგონია, რომ ამ ტიპის არჩევნების სიტუაციისთვის გამოსადეგი იყოს.

„იმ სოციოლოგიური კვლევების ციფრებით და განწყობებით, კალაძეს მერობის მესამე ვადა გარანტირებული აქვს. (ოპოზიციას) მერობის კანდიდატზე უფრო ადრე რომ ეფიქრათ, ეფიქრათ იმაზე, რა პლუსები და მინიუსები აქვს ძირითად კონკურენტს, ეს კონკურენციას უფრო გაამწვავებდა. მიიყვანდა ვიღაცას იმ ზღვრამდე, სადაც კალაძესთან შანსი გათანაბრდებოდა. ამათ არაფერი არ უფიქრიათ და მხოლოდ ის განაცხადი გააკეთეს, რაც უშუალოდ ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველს უნდა გაიგოს, რომ, აი, „ოცნებას" დავანგრევთ. ამ განაცხადით ოპოზიციური ამომრჩეველი კმაყოფილი იქნება, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობა ამ კანდიდატურაზე უარს იტყვის",- განაცხადა საყვარელიძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კალაძე მესამე ვადაზეც წავა.

„კალაძე იქნება, მანდ არაფერი არც არის განსახილველი. ახლა „ოცნების" პრობლემა ის კი არაა, ვინ იგებს, თავად ამაყად აცხადებენ, რომ 64-ივე მინუციპალიტეტში ვიმარჯვებთო, არამედ ის, ამომრჩევლის რამდენი პროცენტი გამოცხადდება საარჩევნო უბნებთან. თუმცა, აქაც შეეცდებიან რაღაც მანიპულაციები გამოიყენონ. 2024 წლის არჩევნების წინ ამაყად აცხადებდნენ 60%-იანი რეიტინგი გვაქვსო და ცესკო-მ დაახლოებით ამდენი ხმა დააფიქსირა, მაგრამ ეგზიტპოლებსა და ცესკოს მონაცემებს შორის ცდომილება იყო, აქაც შეიძლება ამომრჩეველთა რაოდენობა ხელოვნურად გაზარდონ",- განაცხადა ჩიტაძემ.

ერთ-ერთი კვლევა, რაც წინასაარჩევნოდ 29 სექტემბერს გამოქვეყნდა, ეს არის „იმედის" დაკვეთით „გორბის" გამოკითხვა. კითხვაზე, „თბილისის მერის არჩევნები რომ ამ კვირას ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი კანდიდატებიდან?" - შედეგები ასე გადანაწილდა:

კახა კალაძეს - „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი - 66,5%

ირაკლი კუპრაძეს - „ძლიერი საქართველო " - 13,5%;

იაგო ხვიჩიას - „გირჩის" კანდიდატს კი 13%;

სხვა კანდიდატებს საერთო ჯამში გამოკითხულთა 7% უჭერს მხარს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 6-25 სექტემბრის პერიოდში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ხაშურსა და თელავში. გამოიკითხა ორი ათასი ადამიანი. ცდომილების ზღვარი ქვეყნის მასშტაბით +/- 3 პროცენტია.

ამა წლის ივნისში, როდესაც კანდიდატები ჯერ კიდევ დასახელებული არ იყო, გამოქვეყნდა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) კვლევა, სადაც ალოკაციის პრინციპით პარტიების რეიტინგი ასე გამოიყურება:

ქართული ოცნება 35,2%;

კოალიცია ცვლილებებისათვის - 16,9%;

ნაციონალური მოძრაობა 14,6%;

ლელო ძლიერი საქართველო - 13,4%;

გახარია საქართველოსთვის 12,4%.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე