ადგილობრივ არჩევნებამდე ორი დღით ადრე მერობის კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა. მხარეებმა საკუთარ ამომრჩევლებს მიმართეს და ერთმანეთს კითხვები დაუსვეს. ცხარე დებატები გაიმართა „ოცნებისა" და „მწვანეთა პარტიის", ასევე კახა კუკავასა და ლელო-გახარიას საერთო კანდიდატ შორის.
„პირველი არხის" ეთერში 2025 წლის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებში მონაწილე რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა.
დებატებში მონაწილეობდნენ:
„ქართული ოცნება" - კახა კალაძე (საარჩევნო ნომერი 41).
„ენა მამული სარწმუნოება" - თემურ ბოკელავაძე (საარჩევნო ნომერი 1);
„კონსერვატორები საქართველოსთვის" - ზურაბ მახარაძე (საარჩევნო ნომერი 3);
„თავისუფალი საქართველო" - კახა კუკავა (საარჩევნო ნომერი 7);
„პატრიოტთა ალიანსი" - ოთარ ჭითანავა (საარჩევნო ნომერი 8);
„ძლიერი საქართველოსთვის - ლელო" - ირაკლი კუპრაძე (სარჩევნო ნომერი 9);
„საქართველო" - გიორგი ლილუაშვილი (საარჩევნო ნომერი 11);
„მწვანეთა პარტია" - გიორგი გაჩეჩილაძე (საარჩევნო ნომერი 12);
„გირჩი" - იაგო ხვიჩია (საარჩევნო ნომერი 36).
კანდიდატებს შორის დებატებს გიორგი გვიმრაძე გაუძღვა.
თავდაპირველად კანდიდატებმა საკუთარ ამომრჩევლებს მიმართეს, შემდეგ დებატები დაიწყო.
„მწვანეთა პარტიის" თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ კალაძეს დაუსვა კითხვა, რომლის თანახმადაც: „იმ სიტუაციაში, როცა დაუპირისპირდით მთელ დასავლეთს, უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავთ ლიდერებს, არა მარტო ევროკავშირის, არამედ აშშ-ის, უკვე ევროკავშირშია ის პროექტი, რომ საქართველოდან უვიზო რეჟიმით წასულ ადამიანებს შეუჩერდეთ უვიზო რეჟიმი, ასიათასობით ადამიანი აქ რომ დაბრუნდება, შემდეგ რას აპირებთ?"
კალაძის თქმით, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველამ უნდა გაიგოს, რომ ამ ქვეყნის ბატონ პატრონი არის ქართველი ხალხი, რომელიც გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში.
„ჩვენ არავის ვესხმით თავს, არავის არ ვებრძვით, გვიწევს საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხის დაცვა, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესების დაცვა. ძალიან დიდი ბოდიში, ვის აქვს უფლება, ქვეყნის გარედან მათ შორის, თუნდაც დიდ სახელმწიფოებს, დიდ პოლიტიკურ მოთამაშეებს, თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, ქართულ სახელმწიფოს, რომელიც არის დამოუკიდებელი, რომელიც არის სუვერენული და თავისუფალი?! ამ ყველაფრისთვის ჩემმა, თქვენმა წინაპრებმა, ბატონო გია, იბრძოლეს და სისხლით მოიპოვეს ეს ყველაფერი. ამას ყოველდღიური ბრძოლით სჭირდება გაფრთხილება, სჭირდება შენარჩუნება, განმტკიცება", - განაცხადა კალაძემ.
დებატებისას „თავისუფალი საქართველოს" მერობის კანდიდატმა, კახა კუკავამ განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძის „თიბისი ბანკი" საცხოვრებელი სახლიდან თავისივე მაჟორიტარ დეპუტატს ასახლებს. კუკავამ ირაკლი კუპრაძეს უთხრა.
„თიბისი ბანკი" ახლაც აგრძელებს ხალხის გამოსახლებას. მინდა, გითხრათ, რომ ახლა, ამ წუთებში „თიბისი ბანკი" მოითხოვს, გამოსახლდეს საცხოვრებელი სახლიდან თქვენივე მაჟორიტარი ზუგდიდის 32-ე საარჩევნო ოლქში. ხაზარაძის ბანკი ასახლებს საკუთარ მაჟორიტარს, თუ გინდა, გვარს და სახელს დაგისახელებ", - მიმართა კუკავამ კუპრაძეს.
ირაკლი კუპრაძემ კახა კუკავას აღნიშნულ განცხადებას ანეკდოტი უწოდა.
„საინტერესო ანეკდოტი იყო კახას მხრიდან, თუმცა, იმდენად მნიშვნელოვანი პრობლემებია ხოლმე საზოგადოებაში, ყურადღებით მოვეკიდები და კახასთან ერთად ამ საკითხს მოვიკვლევ, არ ავუვლი გვერდს, თუმცა ჟღერს, როგორც კარგი ანეკდოტი", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
აღსანიშნავია ისიც, რომ „გირჩის" მერობის კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ ოპოზიცია გააკრიტიკა და თქვა, რომ „ოპოზიციამ ისეთი კონცერტი მოაწყო, „ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევნები შერჩა, ახლა რომ ვთქვა, არ ვაღიარებ, რადგან კანონდარღვევით ჩატარდა, ეს არ იქნება სერიოზული".
„წინა არჩევნები სამართლებრივად უკანონოდ ჩატარდა. საყოველთაო ფარული არჩევნები ჩატარდა საყოველთაოდ საჯაროდ, იმიტომ, რომ ბიულეტენმა გაჟონა და ეს არსებითი დარღვევა იყო. იურიდიულად რომ შევხედოთ ამას, ასეთი არჩევნების შედეგი უნდა გაუქმდეს, მაგრამ ჩვენ როგორც კი დავინახეთ, რომ ოპოზიციამ არასწორი მიმართულებით წაიყვანა მთელი ეს პროცესი და დავინახეთ, რომ ხალხი შეაგუეს ამ შედეგებს, რაც დადგა, ჩვენ არ გვითქვამს, რომ მთავრობა არალეგიტიმურია, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცით, დარღვევები მოხდა. რატომ? იმიტომ, რომ ასე თუ შევხედავთ, 1992 წლის დასაწყისიდან ყველა მთავრობა არალეგიტიმურია ქვეყანაში, რადგან მოხდა სამხედრო გადატრიალება და დაირღვა ის ლეგიტიმაციის ჯაჭვი, რაც გვქონდა, მაგრამ ამაში ხომ არ ვართ ჩაკეტილი? რაღაცნაირად ხომ გამოვედით აქედან?", - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე