4 ოქტომბერს დაანონსებული „მშვიდობიანი რევოლუციის" წინ, დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი, რაც გარკვეულ წარმოდგენას ქმნის იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს აქციის ორგანიზატორების ძირითადი სამოქმედო გეგმა და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები - ოპოზიციის მტკიცებით, გეკა გელაძის უწყების სამოქმედო გეგმა გაშიფრა, თავის მხრივ მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მიმართავს და ვარდების რევოლუციაზე უყვება, ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ორგანიზატორებს ოთხი სცენის გამართვა სურდათ, თუმცა თბილისის მერიამ ამის ნება არ დართო.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიცია შეეცდება ძველი სცენარების გამეორებას. მისი თქმით, ოპოზიცია მთელ ფსონს ამ აქციაზე დებს, არაა გამორიცხული, რომ ხელისუფლების ყოფილი, ან მოქმედი წარმომადგენელიც გამონახონ. თუმცა, თუ „ოცნებამ" ამის ჩახშობა მოახერხა, აქციაში ჩართულები „ჩირგვებში დიდი ხნით იქნებია გადასროლილები".
„ოპოზიციის ადრინდელი სცენარებიდან გამომდინარე, ვიცით საქართველოში რევოლუციის მხდელობები ჯერ კიდევ 2003 წლიდან როგორ იწყებოდა. ერთი შეხედვით, თითქოს ჯერ მშვიდობიანი დემონსტრაციებით იწყებდნენ, შემდეგ მუხტი ნელ-ნელა იმატებდა. მომიტინგეები უფრო და უფრო მწვავე მოთხოვნებს აყენებდნენ, რომელთა დაკმაყოფილებაც ხელისუფლებას აპრიორი არ და ვერ შეეძლო, ამის ნიადაგზე ისინი ცდილობდნენ ხალხის ბრაზი გამოეწვიათ. აეწიათ მუხტი და შემდეგ ხდებოდა ის, რაც ხდებოდა. შარშან ნოემბერში ვნახეთ როგორი დინამიკით წავიდა პროტესტი - ჯერ შეიკრიბნენ და მერე რაში გადაიზარდა.
„ვფიქრობ, დაახლოებით იგივე სცენარით წავა, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ შიდა სამზადისის კუთხით რაღაც მომზადებული ჰქონდეთ, მაგალითად, ხელისუფლების რომელიმე ყოფილი წარმომადგენელი გამოიყვანონ, შესაძლოა მონახონ ვინმე ყოფილი, ან მოქმედი ძალოვანი. სააკაშვილის მიმართვაში ჩანს, რომ მთელ პოლიტიკურ ფსონს ამ აქციაზე ჩამოდის, რომ თუ ახლა არაფერი გამოგვივა, ამის მერე დიდი ხანი არაფერი გამოგვივა. ამ შემთხვევაში სააკაშვილს დავეთანხმებოდი - თუ ხელისუფლებამ განეიტრალება-ჩახშობა მოახერხა და ეს აქცია ჩაუვარდათ, მერე ოპოზიცია და მასთან აფილირებული ჯგუფები, რომლებიც ამ აქციაში მონაწილეობენ (სამოქალაქო სექტორის შეძლებული ნაწილი, სხვადასხვა ახალგაზრდული ჯგუფები, ე.წ. ცნობადი სახეები, ექსპერტები და ა.შ), მართლაც დიდი ხნით იქნებიან სადრაც უკან ჩირგვებში გადასროლილი. ისინი რაიმე სერიოზულ პოლიტიკურ აქტოვობის განხორციელებას ვერ შეძლებენ, რადგან მარცხით იმედგაცრუებული საზოგადოება მათ უკვე აღარ გაჰყვება.
„ამას თავისი საერთაშორისო განზომილებაც აქვს, ევროპასა და აშშ-ში დიდი ყურადღებით აკვირდებიან აქ მიმდინარე პროცესებს და თითქმის ეჭვი არ მეპარება, რომ მათგან გარკვეული დახმარება წამოვა. იქნება ეს სიტყვიერი გამხნევებები, განცხადებები და ა.შ. - ეს რაც ხილულია და შესაძლოა, ფარული არხებით სხვა დახმარებაც იყოს, სპეციალისტები მოავლინონ და ა.შ. ასე ხდებოდა ვარდების რევოლუციის და სხვა რევოლუციური ცვლილებების დროსაც. თუ ნახავენ, რომ ოპოზიციამ ამჯერადაც მარცხი განიცადა (როგორც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა განაცხადა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში), მაშინ ოპოზიციას სხვა არჩევანი აღარ დარჩება გარდა იმისა, რომ 2028 წლის არჩევნებისთვის ემზადოს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი „რეზონანსთან" ამბობენ, რომ შესაძლოა ფიზიკურ დაპირისპირებასაც ჰქონდეს ადგილი, ან სპეცრაზმელთა ნაწილმა შეიძლება უკანაც დაიხიოს.
„არაა გამორიცხული გარკვეულ ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდეს ადგილი. საუბარია, რომ სადღაც 4700-მდე სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელი იქნება განთავსებული. არ გამოვრიცხავ, რომ სპეცნაზელთა ნაწილმა უკან დაიხიოს და დათმობაზეც წავიდნენ, მოწოდებების გარდა, თავადაც აცნობიერებენ, რომ თავიანთი ხალხის წინააღმდეგ არ უნდა წავიდნენ.
„მშვიდობიანი სცენარიც შესაძლებელია - ნეტავ ასე მოხდეს, როგორც ვარდების რევოლუციის დროს იყო მშვიდობიანად, როცა პოლიციამ მომიტინგეებს დაუთმო გზა. შესაძლოა პოლიციამ არ განაცხადოს, რომ თქვენს მხარეს გადმოვდივარო, მაგრამ არც წინააღმდეგობა არ გაუწიოს დიდ მასას",- განაცხადა ჩიტაძემ.
რევოლუცია ერთ დღეში
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, რომ მოცემულ პოლიტიკური ვითარებაში, ერთ დღეში რევოლუცია შეუძლებელია.
„ეს რეალისტური არაა, რევოლუციის ავტორებს მაგალითად ხშირად მოჰყავთ ხოლმე 2003 წელი, მაგრამ მაშინ იმ დღესვე მოხდა ხელისუფლების ხელისუფლების ხელში ჩაგდება? თუკი მაშინ, როცა შევარდნაძის ხელისუფლება სუსტი და მორყეული იყო და შიგნითაც ბევრი მოღალატე ჰყავდათ, დღევანდელი ხელისუფლება ამ კონდიცოაში ნამდვილად არაა. ის, რომ იმ დღესვე მოახდენენ ხელისუფლების დემონტაჟს, ძალიან არარეალისტური სცენარი მგონია. აქციის ცალკეული მონაწილეები ამას აღიარებენ და ასევე ის ექსპერტები, რომლებიც ოპოზიციასთან აფილირებულად მოიხსენიებიან.
„ამ გამოსვლის კიდევ ერთი მახასიათებელი ისაა, რომ იქ მოსულმა ელექტორატმა არ იცის ხელისუფლების დამხობას მომდევნო დღეებში რა მოჰყვება, როგორი იქნება ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რა დაემართება ვალუტის კურსს, ფასები როგორი იქნება და მთელი რიგი მოვლენებია. გაურკვევლობის შეგრძნება შესაძლოა შემაკავებელი ფაქტორი აღმოჩნდეს მოსახლეობის ერთი ნაწილისათვის. აქციის მონაწილლეები მხოლოდ იმას ეუბნებიან, რომ ტექნიკური მთავრობა შეიქმნება, რომელიც თითქოს ყველა პრობლემას მოაგვარებს, მაგრამ როგორ მოაგვარებს, ამას აღარ ეუბნებიან. წინა გამოცდილებებიდან გამომდინარე, საზოგადოებას დამცავი მექანიზმები გამოუმუშავდა, ასე, რომ შესაძლოა ამ გაურკვევლობაში დიდი ენთუზიაზმით ყველა არ გადაეშვეს",-განაცხადა ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი ამბობს, რომ ერთ დღეში რევოლუცია რთულია, მაგრამ შესაძლებელია.
„ეს შესაძლებელია, თუ ხალხის დიდი მასა გარეთ გამოვა. ოღონდ განცხადება უნდა გაკეთდეს დროებითი მთავრობის შექმნაზე, შემადგენლობაზე. რთულია, მაგრამ შესაძლებელია, შესაძლოა 4-შივე არ შეიცვალოს ხელისუფლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, დიდ დარტყმას მიიღეებს იმის გამო, რომ ქუჩაში ბევრი ადამიანი გამოვა", - განაცხადა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე