"მსგავსი ტიპის პროექტები თანდათან საინტერესო ხდება"
ირმა ჩიტაია
(29.09.2025)

საქართველოში სტუდენტების საერთო საცხოვრებლების მშენებლობის საკითხი კვლავ გააქტიურდა. კვლევები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუდენტების რაოდენობა მუდმივად იზრდება. ხოლო მათთვის ბიუჯეტური საცხოვრებელი ფართის დაქირავება მუდმივ პრობლემას წარმოადგენს. უძრავი ქონების სექტორში კი მიიჩნევენ, რომ მზარდი რაოდენობის ფონზე, საერთო საცხოვრებლები ერთ-ერთ პერსპექტიულ მიმართულებად უნდა განიხილებოდეს. ამას თან ერთვის ისიც, რომ მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურა დედაქალაქში შეზღუდული რაოდენობითაა. 

საინტერესოა, რამდენად არის სამშენებლო სექტორის ინტერესის საგანი სტუდენტური საცხოვერბლების მშენებლობა. სპეციელისტების თქმით, მთავარია ასეთი საცხოვრებლები ბიუჯეტური იყოს. რაც შეეხება უნივერსიტეტებს, ფაქტია, რომ მათ მსგავსი პროექტების განხორციელების რესურსი არ გააჩნიათ. ამიტომაც, საჭიროა კერძო სექტორი ამ მიმართულებითაც დაინტერესდეს და მოთხოვნა რეალობად აქციოს. 

"ჯეო რეალთის" დამფუძნებელი მაია გამზარდია აღნიშნავს, რომ თბილისში სტუდენტური საცხოვრებლების მშენებლობა და შემდეგ გაქირავება სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, მომგებიანი იქნება. 

„სტუდენტური საცხოვრებლების საკითხი არ არის მხოლოდ მეცენატობისთვის. თავისუფლად შესაძლებელია, რომ ეს მიმართულება იყოს კომერციულად მომგებიანი. თუ ეფექტურად დაითვლიან ხარჯებს, ააშენებენ კამპუსებს, სადაც უფასოდ კი არა, ბიუჯეტურად იცხოვრებენ სტუდენტები.

გვაქვს საერთაშორისო გამოცდილება ამ კუთხით, როდესაც ოთახები ქირავდება სტუდენტებისთვის თავისი სველი წერტილით და ხშირად საერთო სამზარეულოთი. ასეთი ტიპის საცხოვრებლები რომ აშენდეს სტუდენტებისთვის თბილისში, იქნება ძალიან კარგი, დიდი მომავალი ექნება“, - განაცხადა გამზარდიამ.

სტუდენტების მზარდი რაოდენობის ფონზე, საერთო საცხოვრებლები ერთ-ერთ პერსპექტიულ მიმართულებად უნდა განიხილებოდეს. უძრავი ქონების სააგენტო "ჯი მაილერ ინტერნეიშენალ ჯორჯიას" დირექტორის ნიკოლოზ ურუშაძის აზრით, უნივერსიტეტებთან ახლოს ახალი სტუდენტური კომპლექსების მშენებლობა შესაძლოა, ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო სეგმენტად იქცეს.

„თბილისის უნივერსიტეტებში საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს. ამ დროს შეთავაზება ამ სექტორში უკიდურესად შეზღუდულია. სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტებთან ახლოს ახალი სტუდენტური კომპლექსები შეიძლება იქცეს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და საინვესტიციო მიმართულებად“, - განაცხადა ურუშაძემ.

სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლების მშენებლობა შესაძლოა კერძო სამშენებლო კომპანიებისთვის მართლაც აქტუალური გახდეს. რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს ამ  ყველაფერს, რამდენად გადახდისუნარიანია ესა თუ ის სექტორი, შეუძლია თუ არა უნივერსიტეტებს დამატებითი ხარჯების დაძლევა და ა.შ. - ეს კვლევებმა უნდა აჩვენოს. ურბანისთ მამუკა სალუქვაძის შეფასებით, პროექტი მომგებიანი არ იქნა, ამით არავინ დაინტერესდება.  

,,ზოგადად, საქართველოში უნივერსიტეტების საერთო საცხოვრებლების  მდგომარეობა სახარბიელო არაა და განახლებას მოითხოვს. რაც შეეხება იმ ფაქტს, სად და როგორ აშენდება, ამას განხილვა სჭირდება. მოგეხსენებათ, უცხოელი სტუდენტები საკმაოდ დიდი რაოდენობით სწავლობენ საქართველოში. ამიტომ ცხადია, აღნიშნული საკითხი კერძო უმაღლესი სასწავლებლების ინტერესის სფერო უნდა იყოს. ბევრ უნივერსიტეტს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მსგავს პროექტებში ჩაერთოს. რაც შეეხება სახელმწიფო უნივერსიტეტებს, ალბათ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დახმარება აუცილებელი გახდება. 

ზოგადად, საკითხის მიმართ ინტერესი როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სასწაველებლების მხრიდან თანაბრად უნდა იყოს. რაც შეეხება კერძო სამშენებლო სექტორს, თუ უნივერსიტეტები შეთავაზებენ მსგავს წინადადებას და პროცესში ორივე მხარე ჩაერთვება, დაინტერესებაც იქნება. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების ბაზაზე არსებული სტუდენტური საცხოვრებლებიც არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს და მუდამ პრეტენზიები გვესმის.

საერთო საცხოვრებლები კერძო უნივერსიტეტებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა საკითხებთან ერთად  უცხოელ სტუდენტებს თუ ვთავაზობთ კეთილმოწყობილ საცხოვრებელ გარემოს, ბუნებრივია, უფრო მეტი შანსია, რომ სწავლა აქ აირჩიონ, რაც მეტი ფულის შემოსვლას გულისხმობს. ბევრ კერძო უნივერსიტეტს საკმაოდ კარგი შენმოსავალი აქვს, მათ შორის უცხოელი სტუდენტების ხარჯზე. აქედან გამომდინარე იდეის განხორციელება საკმაოდ რეალურად მეჩვენება," - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" მამუკა სალუქვაძემ და დასძინა, რომ მთავარია  საკითხის შესწავლა მოხდეს. თუ პროექტი მომგებიანი არ იქნება, არავინ დაინტერესდება. არავინ დაიწყებს ისე მშენებლობას თუ არ დარწმუნდა, რომ ეს მისთვის ფინანსურად მომგებიანია.

სტუდენტური საცხოვრებლების მშენებლობა ბიზნესისთვის მომგებიანი რომ ყოფილიყო, სფერო ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს გადადგამდა. ამ მიმართულებით დღემდე ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა, თუმცა კომპანია "არსის" დირექტორის ბესო ორთოიძის განცხადებით, ახლა შეიძლება მსგავსი პროექტები სექტორისთვის მართლაც საინტერესო გახდეს.

,,ადრე თუ გვიან ეს ბაზარიც უნდა განვითარდეს. საკითხს შეიძლება გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციებიც დასჭირდეს. ნებისმიერ მშენებელს ურჩევნია კომერციული კუთხით ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლები ააშენოს, ვიდრე სტუდენტური საცხოვრებელი. ამიტომაც, კერძო უნივერსიტეტებმა შესაძლოა, განავითარონ ეს მიმართულება. 

ჩვენ შეგვიძლია მაგალითი უცხოეთიდან გადმოვიღოთ. სტუდენტურ საცხოვრებლებს თავისი ინფრასტრუქტურა სჭირდება, სასადილო, ბიბლიოთეკა და ა.შ. მათი ფართები კვადრატულობით ძალიან პატარაა. აქამდე ეს სფერო ბიზნესისთვის ნაკლებ საინტერესო იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში იზრდება უცხოელი სტუდენტების რაოდენობა დედაქალაქში და ვფიქრობ, მსგავსი ტიპის პროექტები საინტერესო გახდება", - განაცხადა ბესო ორთოიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

საქართველოში როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუდენტების რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024-2025 სასწავლო წელს საქართველოში რეგისტრირებული იყო 187 799 სტუდენტი, საიდანაც 37 125 სტუდენტი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე