თამთა ჩაჩანიძე
(29.09.2025)

ბოლნისის პრეცედენტმა განგრძობითი ხასიათი მიიღო და ამ დროისთვის „ლელოს" მერობის თუ მაჟორიტარობის ხუთი კანდიდატი ჰყავს მოხსნილი „ოცნების" სასარგებლოდ. ეს ძირითადად ქვემო ქართლში ხდება. „ლელოში" მმართველი პარტიის მხრიდან ძლიერ წნეხზე, დაშინებებსა და ფულად გარიგებებზე საუბრობენ. შესაბამისი ჩანაწერიც კი გამოაქვეყნეს ერთ-ერთ კანდიდატთან დაკავშირებით, რაზეც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ ეს მართლაც შეიძლება დაშინების და დიდი ზეწოლის შედეგი იყოს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ „ლელოს" თავიდანვე უნდა გაეთვალისწინებინა ზოგიერთი რეგიონის სპეციფიკა და აქედან გამომდინარე შეერჩია კანდიდატები.

მათივე შეფასებით, თუ კანდიდატურების მოხსნამ არჩევნებამდე დარენილ დღეებში სისტემური სახე მიიღო, ამას შესაძლოა ნეგატიური გავლენა ჰქონდეს ოპოზიციის როგორც ამომრჩეველზე, ისე სხვა კანდიდატებზე.

ვინ მოხსნა კანდიდატურა

22 სექტემბერს „ლელოს" ბოლნისის მერობის კანდიდატმა ასაფ ჩირაგოვმა საკუთარი კანდიდატურა „ოცნების" მერობის კანდიდატის, ზამურ ჭითანავას სასარგებლოდ მოხსნა.

ამის შემდეგ 25 სექტემბერს ცხნობილი ხდება, რომ „ლელოს" ოთხმა მაჟორიტარობის კანდიდატმა მოხსნა საკუთარი კანდიდატურა „ოცნების" სასარგებლოდ - სოფელ ყულარში ჰუმბატ ჯალილოვმა, სოფელ პირველ ქესალოში გულმამედ ქასიმოვმა და სოფელ ყიზილაჯლოში კარა ორუჯოვმა - სამივე მარნეულის რაიონში. გარდა ამისა, როგორც „ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევა ზესტაფონშიც მოხდა.

„მარნეულში სამი მაჟორიტარი დღეს გამოვიდა და მთელი დღე ვერ ვუკავშირდებოდით. გვქონდა ინფორმაცია, რომ უბრალოდ გაქრნენ რამდენიმე დღე. ხაზზე არ გამოდიოდნენ, ვერ ვურეკავდი, ვერ ვუკავშირდებოდი დღეს და აგერ უცებ გამოაცხვეს, რომ ჩვენც „ქართული ოცნების" სასარგებლოდ ვტოვებთ", - განაცხადა ელისაშვილმა „ტვ პირველის" ეთერში 25 სექტემბერს და დაამატა, რომ ზესტაფინშიც „დანამდვილებით იცის", რომ მათმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ასევე მოხსნა კანდიდატურა.

აუდიოჩანაწერი და გამოძიება

29 სექტემბერს „ლელომ" ამ საკითხზე სპეციალური პრესკონფერენცია გამართა. თბილისის მერობის კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის თქმით, პარტიის წევრებზე, მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატებზე ხდება სისტემური ზეწოლა, რომელიც დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან" და ხორციელდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობით.

„ჩვენ გვაქვს ხელთ ის ჩანაწერი, სადაც დასტურდება ერთ-ერთი მაჟორიტარის მიერ, რომ მან კანდიადტურა მოხსნა ზეწოლის, ძალადობის, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობის პარალელურად. ის ასახელებს „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულ ბიზნესებს, ის ასახელებს „შავ სამყაროს", „კანონიერ ქურდებს", რომლებთანაც თანამშრომლობს „ქართული ოცნება". ის ასახელებს, რომ სუს-ისა და ადგილობრივი პოლიციელების ჩართულობით, მასზე ზეწოლა განხორციელდა, რომ მოეხსნა კანდიდატურა კონკრეტული მუქარის, ძალადობის და მოსყიდვის სანაცვლოდ", - განაცხადა კუპრაძემ.

მოგვიანებით, „ლელო - ძლიერი საქართველოს" მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე.

„ლელოს" მტკიცებით, აუდიოჩანაწერში ისმის ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატის კარა ორუჯოვის ხმა, თუმცა ვის ესაუბრება - ეს ცნობილი არაა.

„მე ჩემმა ბიჭებმა გამიკეთეს ეს ამბავი. მე უკვე მრცხვენია შენთან მოსვლის. იქ დიდი ბიზნესმენები არიან, „ქურდები". მე ეგენი არ მაინტერესებს, შვილი მუშაობს, მაგათ დავადე... ის მუშაობდა მათთან (ძმისშვილი), ჰო და ჩემი ნათესავი მაგათთან სპორტდარბაზში მუშაობდა. მაშინ მაგათმა (ბიზნესმენებმა) 100 ათასი ლარის, 100 ათასზე მეტი იყო, ინვენტარი მისცეს სპორტული დარბაზისთვის, გეფიცები. მერე მე მითხრეს, 70 წლის ხომ არ ვარ, ახალგაზრდა ვარ, მითხრეს, ყველგან იმუშავებ სადაც ხარ და მეტიც, მერე გამიმეორეს, რაც მანამდე მითხრეს. 4-ის მერე ახალი არჩევნები დაინიშნება, მარტში იქნება საპარლამენტო და იქაც დაინიშნებიო. მე მას ვუთხარი, ყველას პატივს გცემთ, მაგრამ ცხოვრებისეულად ცუდი სახელი გამიკეთეთ", - ეუბნება აუდიოჩანაწერში სავარაუდოდ ორუჯოვი თანამოსაუბრეს.

რა ხდება „ლელოს" თავს

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ქვემო ქართლის რეგიონის სპეციფიურობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, „ლელო" და მისი კანდიდატები არ აღმოჩნდნენ მზად იმ ზეწოლისათვის, რაც, ზოგადად, ამ რეგიონისათვის დამახასიათებელია.

„რადგან შიგნით სამზარეულოში ვერ ჩავიხედავთ, გარეგნული მსჯელობით მაინც მგონია, რომ „ლელო" მარცხს თავს არიდებს. წესით, მას კანდიდატურები არც უნდა წამოეყენებინა და ეს სალაპარაკო აღარ გახდებოდა. არაა გამორიცხული, რომ მათ სხვა ვითარება ეგონათ და სხვას შეეჩეხნენ. როგორც ჩანს, წინასაარჩევნო პროცესში ვითარების შეფასება შეიცვალა.

„ვერ ვიტყვით, რომ „ლელოს" სტიქიური გადაწყვეტილებები სჩვევია, საკმაოდ საქმიანად უდგება ხოლმე, მაგრამ ეს მოხსნები ნიშნავს, რომ კარგად არ სწავლობენ იმ რეგიონს და იმ სიტუაციას, სადაც შედიან და თავისი ხალხი შეჰყავთ. ამ რეგიონებში ყოველთვის ასეა, კანდიდატებად ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან ხოლმე. მუქარას და დაშინებას იმიტომ არ განვიხილავ პირველ სცენარად, რომ თუ ადამიანები პოლიტიკაში შემოდიან, უნდა იცოდნენ, რომ მუქარაც იქნება და ჭიდაობაც.

„აღნიშნულ რეგონებში ადრეც ჰყავდათ წამოყენებული კანდიდატები და მსგავსი რამ არ ყოფილა. საერთოდ, ამ რეგიონებში ძალისმიერი მეთოდები ძალიან ხშირად გამოიყენება და ამით ვერავის გააკვირვებ. ამიტომ ცოტა გაუგებარია „ლელოს" მოქმედება, რადგან ის, ზოგადად, დაუფიქრებელ ნაბიჯებს არ დგამს", - განაცხადა საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი „ლელოს" იმის გამოძიებას ურჩევს, პარტიის მიერ დასახელებულ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებს მანამდეც ხომ არ ჰქონდათ კავშირები მმართველ პარტიასთან.

„როგორც ჩანს, კანდიდატებზე ზეწოლა მიდის და ისინიც იძულებული არიან მოხსნან. აქ გადაწყვეტილებას ხაზარაძე კი არა, არამედ ის იღებს, ვინც ვიღაცის სასარგებლოდ ხსნის კანდიდატურას. საკუთარი კანდიდატურის მოხსნის საფუძველი „ოცნების" ზეწოლაა - კომპრომატებს, მოსყიდვის საშუალებებს იყენებს, ან რაღაც პირობას უყენებს და იბირებს არა მხოლოდ კანდიდატურის მოხსნით, არამედ ხმამაღალი განცხადებებითაც, რომ ისინი „ოცნების" სასარგებლოდ ხსნიან.

„ახლა „ლელოსგან" თუ რამეა გასარკვევი, ისაა - როცა ეს ხალხი კანდიდატებად დაასახელეს, მათ „ოცნებასთან" ურთიერთობა უკვე ჰქონდათ, თუ მერე მოხდა", - განაცხადა ძაბირაძემ.

„ლელოს" სხვა კანდიდატები და ამომრჩეველი

რამაზ საყვარელიძე გვეუბნება, რომ თუ კანდიდატურის მოხსნებს კამპანიის სახე მიეცა, მაშინ ეს აისახება როგორც ოპოზიციის სხვა კანდიდატებზე, ისე ამომრჩეველზე.

„შესაძლოა, ამ შემთხვევებშიც და მომავალშიც, კანდიდატურის მოხსნა უკავშირდებოდეს იმას, რომ თავად კანდიდატმა აღარ მოისურვა პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება. ვვარაუდობ, რომ თუკი ამას მეტ-ნაკლებად კამპანიის სახე მიეცა (და უკვე არის მიცემული, პიარში გადავიდა ეს ყველაფერი, რომ „ლელოს" ბრძოლის ველიდან ხალხი მიჰყავს), მაშინ შეიძლება სხვა კანდიდატებზეც იმოქმედოს. თუ ასეთი განზოგადება არ მოხდა და ერთ რეგიონულ ფრაგმენტად ჩაითვალა, მაშინ მემგონი არ იმოქმედებს.

„რაც სეეხება ამომრჩეველს, ეს ფაქტი მათზეც აისახება. მაგრამ „ლელოს", ამომრჩევლის თვალსაზრისით, ისედაც რთული მდგომარეობა აქვს და ამიტომ მეეჭვება დიდი სხვაობა მოგვცეს. „ლელოს" რთული მდგომარეობა დასაწყისიდანვე აქვს, თუნდაც იმით, რომ ბანკის ცოდვები პარტიაზე გადავიდა. ეს პოლიტიკოსები ხალხს ალბათ ეუბნებიან „დაგიცავთო" და ამ დროს ვიღაცამ შეიძლება წამოაძახოს - სახლი რომ წამართვი, როგორღა მიცავო", - განაცხადა საყვარელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ კანდიდატურების მოხსნას ამომრჩეველზე გავლენა არ ექნება და ეს არც სხვა კანსიდატებზე იმოქმედებს პირდაპირ, „თუ კიდევ ვიღაცეები არ ჰყავთ მოსყიდული".

„არ მგონია, რომ ამას დიდი ცვლილებები მოჰყვეს. ვინც ქართულ პოლიტიკაში ჩახედულია, ყველამ იცის, რომ კანდიდატურას ტყუილად არავინ ხსნის. ყველაზე ცუდი ისაა, რომ იფიქრებენ, რომ ისინი „ოცნებამ" ან დააშინა, ან მოისყიდა, ამიტომაც ეს ამომრჩეველზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. მათი ახლობლები თუ არ მისცემენ ხმას „ლელოს", არც ეს მოახდენს გავლენას.

„ოცნება" შეეცდება ყველასთან რაღაც დიალოგი იქონიოს. გავლენა, როგორ ასეთი, რომ რადგან იმან მოხსნა, სხვაც მოხსნის - ეს არ იქნება. მაგრამ თუ კიდევ ვიღაცეები ჰყავთ მოსყიდული, რა თქმა უნდა, ეს დროში გაიწელება და მიმდინარე კვირა, სადღაც ხუთშაბათამდე, იქნება კულმინაცია და გამოჩნდება, თუ ვინმე ჰყავთ გადმობირებული, რასაც არ გამოვრიცხავ", - განაცხადა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე