პრემიერის პროგნოზის სპეციალისტებს სრულიად კანონზომიერად მიაჩნიათ
ქეთო გოგოხია
(29.09.2025)

მთავრობა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე დიდ იმედს ამყარებს. მზარდი ტრენდის შენარჩუნება იძლევა იმედს, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი  წლის ბოლოსთვის 100 მლრდ ლარზე მეტი იქნება წლის ბოლოსთვის და ერთ სულ მოსახლეზე პირველად გადავაჭარბებთ 10 000-დოლარიან მაჩვენებელს.  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას ეკონომიკურ წრეებშიც იზიარებენ და აცხადებენ, რომ ეკონომიკური ზრდის შესახებ მთავრობის მოლოდინი რეალურია.

სულ 2024 წელს, მყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით, მშპ-ს მაჩვენებელი ბულგარეთში  264.7 მლდ დოლარს შეადგენს, ერთ სულზე 41,1 ათასი დოლარი.  რუმინეთში მშპს 926.8 მლრდ დოლარია, ხოლო მოსახლეობის ერთ სულზე  - 48.7 ათასი დოლარი.

საქართველოში არსებული საპროგნოზო მაჩვენებლით საქართველო რეგიონის ქვეყნებს უსწრებს, მათ შორის, ევროკავშირის სახელმწიფოებს, სადაც ეკონომიკური ზრდის ნიშნული 1,5-2%-ის ფარგლებშია.

მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის შეფასებით, აქტიური ზრდის ტემპის შენარჩუნება არის მთავარი იმისათვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ძლიერი პოზიციები და გაუმჯობესდეს მოსახლეობის კეთილდღეობის დონე.

„გამოწვევები რჩება, თუმცა არსებული ტემპებით, ვფიქრობთ, რომ საქართველო საშუალოვადიან პერსპექტივაში უკვე შეძლებს მაქსიმალურად დაუახლოვდეს ეკონომიკური კეთილდღეობის ევროპულ სტანდარტებს. წელს პირველად გადავაჭარბებთ 100 მლრდ ლარს. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი 100 მლრდ ლარზე მეტი იქნება წლის ბოლოსთვის და ერთ სულ მოსახლეზე პირველად გადავაჭარბებთ 10 000-დოლარიან მაჩვენებელს, რაც ერთგვარი სიმბოლური, საინტერესო ნიშნულია ჩვენთვის.

რა თქმა უნდა, ამ ტემპის შენარჩუნება არის მთავარი იმისათვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ძლიერი პოზიციები და იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის დონე. ეკონომიკის ზრდა აისახება მოსახლეობის ფართო ფენებზეც. მნიშვნელოვნად გაიზარდა დასაქმების მაჩვენებელი. 2022-24 წლებში 185 000-ით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში და საშუალო ხელფასი გადასცდა 2 200 ლარს, როდესაც, დაახლოებით, ამის ნახევარი იყო მაჩვენებელი 2021 წლისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ეკონომისტების უმეტესობა საქართველოს ეკონომიკის მიღწევებს უდავოდ აღიარებს და სტაბილიზაციის საფრთხეს ვერც პოლიტიკური პროცესების ფონზე ხედავს. მოლოდონია, რომ ზრდის არსებული ტემპი შენარჩუნდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ბიზნეს-რეზონანსთან" სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ ისაუბრა.

,,2024 წელს საქართველოს მშპ  92 მილიარდ ლარს შეადგენდა.  იმედი გვაქვს, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად მოიმატებს. საერთაშორისო ინსტიტუტების პროგნოზების მიხედვითაც, მოლოდინი პოზიტიურია. როცა ვსაუბრობთ 7,5%-იან ზრდაზე, ეს არის რეალური მაჩვენებელი, ამიტომ 100-მილიარდიან ზღვარს სავსებით დამაჯერებლად გადავაბიჯებთ. ამ თვალსაზრისით, პრემიერის განცხადება რეალური და დამაჯერებელია.

აღსანიშნავია, რომ რეგიონში სხვა ქვეყნებთანმ შედარებით, ეკონომიკური წინსვლის ტემპით მოწინავე პოზიციაზე ვართ. რუსეთში პროგნოზი შემცირდა 2,5%-დან 1,5%-მდე,  თურქეთზე ყველა ოპტიმალური შეფასებით 3,5%-ია, სომხეთის მშპ-ს ტემპი, პროგნოზის მიხედვით, - 4,5%, გაცილებით ნაკლებია აზერბაიჯანის პროგნოზი და 2,5%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი, 1,5-2%ის ფარგლებშია. ამიტომ ამ მიმართულებით თუ შევხედავთ საქართველო საკმაოდ პოზიტიურად გამოიყურება. 

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად ვითარდება და საკმაოდ მაღალი ტემპი ახასიათებს. ამას აღიარებენ და ეთანხმებიან როგორც საერთაშორიო ორგანიზაციები, ისე ქვეყნის შიგნით სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლები,  ამით ყველაფერი ნათქვამია", - განაცხადა სოსო არჩვაძემ

სპეციალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ ქვეყანამ , გარკვეული წარმატების მიუხედავად, კიდევ ვერ შეძლო სრულყოფილად  თავისი შესაძლებლობების გამოყენება, თუმცა თავისი პოზიციები და რეიტინგი აშკარად გააუმჯობესა, მათ შორის, მშპ-თან დაკავშირებითაც.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე საქართველოს მიღწევებს სრულიად დამაჯერებლად მიიჩნევს და საუბრობს რამდენიმე ფაქტორზე, რამაც მშპ-ს ზრდაზე დადებითად იმოქმედა.

,,ბოლო პერიოდის განმავლოაბში გარკვეული პრობლემებია, მაგრამ ეკონომიკა ამ პირობებშიც პასუხობს გამოწვევებს. თავისი პოზიციების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ქვეყანამ მაინც შეძლო. თუკი საყურადღებო ფაქტორებზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი პირველია ექსპორტის შდეგები, ასევე  ტურისტული სფერო ბოლო პერიოდში კარგად ვითარდება და დადებით დინამიკას აჩვენებს, რაც  საბოლოოდ ეკონომიკური მაჩვენებლებზე დადებითად აისახა.  

ფაქტობრივად ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი მწყობრშია. გარდა ამისა, იზრდება საგარეო მოთხოვნა, მათ შორის ფულადი გზავნილები დიდი სისწრაფით მატულობს, რაც უკვე საქართველოდან ჩვენი მოქალაქეების გადინების ფაქტით არის გამოწვეული. არჩევნების შემდეგ პერიოდში პოლიტიკური სტაბილიზაცია თუ იქნება და ინვესტიორებისთვის მიმზიდველი დავრჩებით, ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება და მრავალი შესაძლებლობაა ამისთვის. ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი არის  ოპტიმისტურ ნიშნულზე. 

აქედან გამომდინარე, პრემიერის განცხადებას ვეთანხმები და ვიტყოდი, რომ არსებული შესაძლებლობების სწორად გამოყენების შემთხვევაში, 100-მილიარდიანი მშპ-ს მიღწევა სავსებით რეალურია. ქვეყნის ეკონომიკაში ამისთვის თითქმის ყველა პირობაა", - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს" გიორგი კაპანაძემ.

როგორც ცნობილია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა. 

ანგარიშის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონში, რომელშიც აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მაჩვენებლებია მოცემული, წელს მშპ-ს ყველაზე დიდი, 7%-მდე ზრდა მხოლოდ საქართველოშია მოსალოდნელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე