მარიამ ვეკუა
(29.09.2025)

4 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად, ერთ დღეში ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობასთან" დაკავშირებით ოპოზიციის რიტორიკა იცვლება. ენმ-ის ლიდერები აცხადებენ, რომ თუ მიზნის მიღწევა 4-ში ვერ მოხერხდა, ბრძოლა 5 ოქტომბერს გაგრძელდება. მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ ამ განცხადებების უკან არაფერი დგას და ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული.

„ნაცმოძრაობის" ლიდერები და „რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე რამდენიმე თვეა აანონსებენ, რომ „4 ოქტომბერი ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ" ცხადდებოდა. თუმცა 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღეით ადრე ოპოზიციის ნაწილი ტონს ცვლის და ამბობს, რომ ბრძოლა „5 ოქტომბერსაც გაგრძელდება".

„ხშირად მეუბნებიან - 4 ოქტომბერს თუ არ გამოვიდა, 5 ოქტომბერს რას აკეთებ? 5 ოქტომბერს ბრძოლას ვაგრძელებ, თუ 4-ში არ გამოვიდა. 4 ოქტომბერს რომ გამოვიდეს, შესაძლებლობა გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით. დღეს რომ ქუჩაში დადიხარ და ადამიანები გაჩერებენ, მეკითხებიან - „4 ოქტომბერს რევოლუცია ხომ იქნება? ჩვენ რევოლუციისთვის გამოვდივართ..." მე მახსოვს პერიოდი, როდესაც ისე ჰყავდათ დაკომპლექსებული სიტყვა „რევოლუციით", არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკოსები, ოპოზიციური პოლიტიკოსები ვერ იმეორებდნენ ამას", - აღნიშნა ენმ-ის წევრმა ანა წითლიძემ „პალიტრანიუსთან".

„ფედერალისტების" ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმაც განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში იქნებიან, თუმცა დედლაინებს საკუთარ თავებს არ უწესებენ.

„4, 3 და 2 ოქტომბერსაც ქუჩაში ვიქნებით. ჩვენი აზრია, რომ ქუჩა არის ერთადერთი გადაწყვეტა, მაგრამ არანაირ დედლაინებს საკუთარ თავებს არ ვუწესებთ, ჩვენი დედლაინი არის გამარჯვება. როცა გავიმარჯვებთ, მაშინ გავიმარჯვებთ და ყველა დაინახავთ", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ სახელმწიფო ყველანაირი სცენარისთვის მზადაა, თუმცა ოპოზიციონერების გეგმები, მათივე თქმით, წარუმატებელი იქნება.

„4 ოქტომბრისთვის კი არა, ნებისმიერი დღისთვის - 5-სთვის, 10-სთვის - სახელმწიფო ყოველთვის ემზადება, თუ რაიმე კანონდარღვევა იქნება. მინდა ე.წ. ოპოზიციას მივმართო - რატომ 4 ოქტომბერი? რატომ ჩამოეკიდნენ ამ არჩევნების თარიღს? ეს თარიღი 4 ნოემბრისთვის რომ გადაიწიოს, რევოლუციაც 4 ნოემბერს მოხდება? ან ერთი წლით რომ გადაიწიოს, ერთი წლით გადაწევენ რევოლუციას? მოუწევთ ერთი წლით კი არა, მრავალი ათეული და ასეული წლით გადაწევა", - აღნიშნა „ხალხის ძალის" დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

რა დგას შეცვლილი ტონის უკან

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ თუ 4-ში არ მოხდა ხელისუფლების შეცვლა, მოსახლეობას იმედი არ უნდა გადაეწუროს და ბრძოლა გაგრძელდეს. სწორედ ამით ხსნის ოპოზიციონერების შეცვლილ რიტორიკას:

„თუ 4-ში, 8 საათზე არ მოხდა ხელისუფლების შეცვლა, როგორც ეს განაცხადა პაატა ბურჭულაძემ - „8 საათისთვის ვიბარებთ ხელისუფლებას" - თუ ეს არ მოხდა, მოსახლეობას იმედი არ უნდა გადაეწუროს; ვგულისხმობ ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობას. მასობრივი დემონსტრაცია, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა 4-ში დასრულდება. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და საპროტესტო მოძრაობა აქტიურ ფაზაში უნდა გადავიდეს."

ჩიტაძემ აღნიშნა, რომ 4-ში ხელისუფლება დიდ დარტყმას მიიღებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ძალაუფლებას ამ დღესვე დაკარგავს.

„ხელისუფლება დიდ დარტყმას მიიღებს. შესაძლოა, ეს ხელისუფლების გადადგომით არ დასრულდეს, თუმცა იქნება დიდი დარტყმა და „ოცნებას" დროთა განმავლობაში კომპრომისებზე წასვლა მოუწევს. მე ვერ ვიტყვი, რომ 4-ში 8 საათზე ხელისუფლება დასუსტდება", - განაცხადა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას მასშტაბური საპროტესტო აქციის გასამართად რესურსები არ გააჩნია და უკვე 5 ოქტომბრის ხსენებაც იმაზე მიუთითებს, რომ თავად ოპოზიციაც აცნობიერებს, რომ 4 ოქტომბერს ვერაფერს მიაღწევენ.

„იმის რესურსები, რომ რაღაც მასშტაბური მოაწყონ, ვგულისხმობ საპროტესტო აქციას, ეს არ აქვთ, მითუმეტეს მაშინ, როცა ჩვენმა სამართალდამცავებმა გამოცდილება შეიძინეს, ვეღარ განმეორდება ის ფეიერვერკების დარიგება, რაც მთელმა საქართველომ ნახა. ეს აღარ იქნება.

„გამოიყვანენ ხალხს, ბევრს ვერ გამოიყვანენ და ისეირნებენ. ერთი სიტყვით, ისე იქნება, როგორც ხაბეიშვილი აცხადებდა, რომ შევარდებოდა „ვივამედში" და გამოიყვანდა სააკშვილს, თუმცა ვერაფერი ვერ ქნა. 5-იც რომ ახსენეს, ეს ნიშნავს, რომ თვითონაც იციან რომ 4-ში ვერაფერი გამოვა. 13 სექტემბერს იქადნიდნენ, ცეცხლში გაეხვევა თბილისიო, თუმცა ვნახეთ, რომ არაფერი იყო. ახლაც ასეთი ვითარებაა", - განაცხადა მამრაძემ.

რა იქნება 5 ოქტომებრს

ნიკა ჩიტაძე საუბრობს სამ სცენარზე და აღნიშნავს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციის ტაქტიკაზე, სტრატეგიასა და ქუჩაში ხალხის რაოდენობაზე.

„რამდენიმე ვერსიაა. პირველი სცენარი - ბევრი ადამიანი გამოვა, თუმცა ხელისუფლება შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას. მეორე სცენარის მიხედვით, ხელისუფლება იძულებული ხდება, როცა ამხელა საპროტესტო ტალღას დაინახავს, დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. მესამე სცენარი - 4 ოქტომბერს ყველაფერი დასრულდება. ვფიქრობ, სამივე სცენარისთვის უნდა მოემზადოს ოპოზიცია. მე პირადად, რა თქმა უნდა, ვემხრობი, რომ 4-შივე მოხდეს ხელისუფლების შეცვლა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად 4-ში მოხდება - ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული: რამდენად ბევრი ადამიანი გამოვა და რამდენად სწორი იქნება სტრატეგია და ტაქტიკა. ჯერჯერობით ბევრი დეტალი არ არის გასაჯაროვებული".

პეტრე მამრაძე დარწმუნებით აცხადებს, რომ აქციამდე დარჩენილ დღეებში საპროტესტო მუხტი არ გაძლიერდება. ის აღნიშნავს, რომ უფრო ლოკალურ პერფორმანსებს ელოდება, რომლებიც ტელევიზიებით დაიფიქსირება.

„როგორც შარშან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა გამოცხადდა შედეგები, დაახლოებით საღამოს 10 საათიც არ იყო, არავინ გავიდა ქუჩაში, იმდენად არავინ, რომ „ნაცების" მიერ აშენებული სცენის დაშლა მოუწიათ. 3 დღე დასჭირდათ, რომ მიტინგი ჩაეტარებინათ. რას ნიშნავს ეს? გულის კარნახით მოქმედება - როცა საპროტესტო მუხტი აქვს ადამიანს - ეს არ იყო და, მითუმეტეს, ახლა არ იქნება, გამორიცხულია.

„აქციის ორგანიზებას სჭირდება დიდი ფული. ეს არ სურთ, რადგან ფული დაიხარჯება და შედეგი რეალური არ იქნება. მე, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, უფრო ლოკალურ პერფორმანსებს ველოდები, რომ მერე ეს ტელევიზიით ახლოდან გადაიღონ. როცა 20 კაცს ახლოდან იღებენ, ეს ისე ჩანს, თითქოს დაიქცა ქვეყანა, მე ამას უფრო ველდოები", - განაცხადა მამრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე