არჩევნების წინა სკანდალები, მანდატების გადანაწილება და მთავარი მოულოდნელობა
თამთა ჩაჩანიძე
(29.09.2025)

მოლდოვის 28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნები წინასწარვე განიხილებოდა, როგორც რუსეთისა და დასავლეთის დაპირისიპირების ახალი „ფრონტი". წინასწარი კვლევებიც დაძაბული ბრძოლის მოლოდინს ქმნიდა. თუმცა, პროდასავლელი პრეზიდენტი მაია სანდუს პარტიამ დამაჯერებელი და მარტივი გამარჯვება მოიპოვა, რაზეც, შესაძლოა, არჩევნების წინ მიმდინარე პროცესებმაც მოახდინა გავლენა.

ხმათა 100%-ის დათვლის შედეგად, სანდუს პარტია 50.20%-ით ლიდერობს და 101 წევრიან პარლამენტში მას 55 დეპუტატი ეყოლება. მმართველი პარტიის მთავარი კონკურენტი, ექსპრეზიდენტ იგორ დოდონის პრორუსულმა „პატრიოტულმა ბლოკმა", ცესკო-ს ოფიციალური მონაცემებით, 24.17%-იანი შედეგი აჩვენა, რაც 26 მანდატია, თუმცა იგი შედეგებს არ აღიარებს და ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.

არჩევნების წინ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები განსხვავებულ შედეგებს აჩვენებდა. სხვადასხვა ორგანიზაციების კვლევებისას, ზოგ შემთხვევაში გამოკვეთილი იყო სანდუს პარტიის ლიდერობა, ზოგ შემთხვევაში კი მათ და დოდონის პარტიას დაახლოებით თანაბარი მაჩვენებელი ჰქონდათ. ამასთან, ამ კვლევების უმრავლესობა აჩვენებდა, რომ ვერცერთი პარტია ვერ მოხერხებდა უმრავლესობის მიღებას და კოალიციის შექმნა იქნებოდა საჭირო. შესაბამისად, სანდუს მიარ ხმების ნახევარზე მეტის მიღება გარკვეული თვალსაზრისით მოულოდნელი იყო.

ცალკე სადავო თემა იყო საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნები. 28 სექტემბრის არჩევნებისათვის მოლდოვის ფარგლებს გარეთ სულ 300-ზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა და აქედან რუსეთში, სადაც ხმის უფლების მქონე დაახლოებით ნახევარი მილიონი მოლდოვის მოქალაქე ცხოვრობს, მხოლოდ 2. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც მოლდოვის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე სანდუს გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი სწორედ საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე დაფიქსირებულმა შედეგებმა ითამაშა.

გარდა ამისა, უშუალოდ კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე, ცესკო-სა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, არჩევნებიდან მოხსნეს ორი პრორუსული პარტია,

უშუალოდ საარჩევნო კამპანია ურთიერთბრალდებების, სკანდალური გადაწყვეტილებების, ჩხრეკისა და დაპატიმრებების ფონზე მიმდინარეობდა. დოდონის საარჩევნო შტაბი დასავლეთს ადანაშაულებდა არჩევნებში ჩარევაში, სანდუ და მისი პარტია კი - რუსეთს.

ინციდენტების გარეშე არც არჩევნების დღეს ჩაუვლია. ქვეყნის საგარეო უწყების ცნობით, საზღვარგარეთ აშშ-ის, ბელგიის, რუმინეთის, იტალიისა და ესპანეთის საარჩევნო უბნებში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინებები შევიდა. ასევე, დაფიქსირდა საარჩევნო და სამთავრობო ინფრასტრუქტურზე კიბერშეტევები, ამომრჩეველთა მიერ ბიულეტენისთვის ფოტოს გადაღებისა და საარჩევნო უბანზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანის ფაქტები.

ამასთან, მოლდოვის პოლიციის ცნობით, არჩევნების დღეს დააკავეს სამი დნესტრისპირელი მოქალაქე, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან არჩევნების შემდეგ არეულობის გამოწვევის დაგეგმვაში. მათი ჩხრეკის დროს აღმოჩენილია არაერთი ნივთი, მათ შორის პიროტექნიკა და აალებადი ნივთიერებები, რომლებიც, ძალოვნების ცნობით, პანიკის დასათესად და ქაოსის შესაქმნელად იყო განკუთვნილი. ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების ჩაშლის მცდელობების შესახებ განაცხადეს.

არჩევნების ღამეს „პატრიოტული ბლოკის" ლიდერები იგორ დოდონი და ვასილი ტარლევი მხარდამჭერებთან ერთად მოლდოვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წინ შეიკრიბნენ და ხმების სამართლიანად დათვლა მოითხოვეს. აქცია დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა. მანამდე დოდონმა ოპოზიციონერებს პარლამენტის წინ შეკრებისკენ მოუწოდა. ის ვარაუდს გამოთქვამდა, რომ ხელისუფლება რუმინეთის სცენარს გაიმეორებდა და არჩევნების შედეგების გაუქმებას შეეცდებოდა, თუ სანდუს პარტიისთვის არასახარბიელო შედეგები დადგებოდა.

„არ ვაღიარებთ ფალსიფიცირებულ არჩევნებს. ჩვენი პროტესტი მშვიდობიანია", - განაცხადა დოდონმა აქციაზე.

ცესკოსთან მივიდნენ კონტრაქციის მონაწილეებიც, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ევროპულ კურსს იცავენ.

ოფიციალური შედეგები

28 სექტემბერს მოლდოვაში უბნები ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიხურა. აქტივობამ 52%-ს შეადგინა, ანუ 2274 საარჩევნო უბანზე ხმა 1 597 015-მა ამომრჩეველმა მისცა. წინა საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა 48.51% იყო.

არჩევნებში სულ 23-მა სუბიექტმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა შორისაა 15 პარტია, 4 საარჩევნო ბლოკი და 4 დამოუკიდებელი კანდიდატი. მოლდოვაში პარტიებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%-ია, ბლოკებისთვის კი - 7%. ბარიერი მხოლოდ ხუთმა სუბიექტმა გადალახა, დანარჩენი 18-ის მაჩვენებელი კი 1%-ს ქვემოთაა.

ბარიერგადალახულებში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

პრეზიდენტ მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია" - 50.20% (792 557 ხმა, დაახლოებით 55 მანდატი);

ექსპრეზიდენტ იგორ დოდონის „პატრიოტული ბლოკი" - 24.17% (381 505 ხმა, დაახლოებით 26 მანდატი);

საარჩევნო ბლოკი „ალტერნატივა" - 7.96% (125 685 ხმა, დაახლოებით 8-9 მანდატი);

„ჩვენი პარტია" - 6.20% (97 852 ხმა, დაახლოებით 6 ადგილი);

პარტია „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმა" - 5.62% (88 679 ხმა, დაახლოებით 6 მანდატი).

მოლდოვის პარლამენტი 101 წევრიანია, რომელსაც 4 წლის ვადით ირჩევენ.

წინასაარჩევნო პერიოდი

სანდუს პარტიას ევროკავშირი მხარს ღიად უჭერს. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მოლდოვას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფინ დერ ლაიენი სტუმრობდა, 4 სექტემბერს კი ევროკომისიამ ქვეყანას რეფორმისა და ზრდის მექანიზმის ფარგლებში 18.9 მილიონი ევრო გამოუყო.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ არჩევნებამდე განაცხადა, რომ კრემლი მოლდოველების ხმის მოსასყიდად, ონლაინ დეზინფორმაციის გასავრცელებლად და არეულობის, ძალადობისა და შიშის გაღვივების მიზნით პროვოკატორების დასაქირავებლად ასობით მილიონ ევროს ხარჯავდა.

თავის მხრივ კრემლი უარყოფს მოლდოვის არჩევნებში ჩარევას და ქვეყნის ხელისუფლებას ანტირუსულ ისტერიაში ადანაშაულებს. მეტიც, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 29 სექტემბერს განაცხადა, რომ „კიშინიოვმა რუსეთში მცხოვრებ ასი ათასობით მოლდოვის მოქალაქეს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა წაართვა, რადგან რუსეთის ტერიტორიაზე მხოლოდ ორი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი".

სანდუს მთავარმა კონკურენტმა დოდონმა ხმის მიცემისას უარყო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვი მოლდოვას არჩევნებში მასიურად ერევა და აღნიშნა, რომ „ჩარევა დასავლეთიდან მოდის".

„ვნახეთ ეს ჩარევა სხვადასხვა ფონდების, სოროსის და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, რომლებიც ხალხს აშინებდნენ. მიგვაჩნია, რომ ეს არასწორია. ჩვენ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან კარგი ურთიერთობების მომხრე ვართ", - განაცხადა დოდონმა.

აქვე აღსანიშნავია, რომ არჩევნებამდე ორი დღით ადრე, მოლდოვის ხელისუფლებამ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა ორ პრორუსულ პარტიას - „მოლდოვის გულსა" და „დიად მოლდოვას". გავრცელებული ცნობებით, აკრძალვის მიუხედავად, ამომრჩეველს შეეძლო „დიადი მოლდოვის" შემოხაზვა საარჩევნო ბიულეტენებში. პარტიოების აკრძალვის საფუძველი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, უკანონო დაფინანსების წყაროები და უცხოური სახსრების უკანონოდ გამოყენება გახდა.

რას აცხადებენ ევროკავშირის ლიდერები

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის კარი მოლდოვისთვის ღიაა.

„მოლდოვა, შენ ეს კიდევ ერთხელ გააკეთე. შიშის ან განხეთქილების დათესვის ვერავითარი მცდელობა ვერ შეარყევს შენს გადაწყვეტილებას. შენ ნათლად გამოხატე შენი არჩევანი: ევროპა. დემოკრატია. თავისუფლება. ჩვენი კარი ღიაა და ჩვენ შენს გვერდით დავდგებით ყოველ ნაბიჯზე. მომავალი შენია", - წერს ფონ დერ ლაიენი.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა კი წერს, რომ „მოლდოვას მომავალი ევროპაშია! ამ ისტორიული წინგადადგმული ნაბიჯით, მოლდოველმა ხალხმა დემოკრატიის, იმედისა და შესაძლებლობების გზა აირჩია. მათ ევროპა აირჩიეს. ევროპა მოლდოვაა. მოლდოვა ევროპაა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე