თამთა ჩაჩანიძე
(28.09.2025)

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, ომის დასრულებიდან 32 წლის შემდეგ, ყოფილი მინისტრთა საბჭოს შენობის განახლება გადაწყვიტა. მასშტაბური რეკოსნსტრუქციის ფარგლებში შენობის მთავარი, ცენტრალურ ნაწილი, შესაძლოა მთლიანად ან ნაწილობრივ დაანგრიონ და მის ადგილას რაღაც ახალი ააშენონ. დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს რეკონსტრუქცია „მთელი ქვეყნის აღორძინების სიმბოლო" გახდება.

აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობა, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს, აფხაზეთის ომის სიმბოლოა.

შენობა 12-სართულიანია და ის 1939 წელს აშენდა. 1993 წელს 27 სექტემბერს ის სეპარატისტთა შეიარაღებულმა ნაწილებმა ბრძოლით აიღეს. იმავე დღეს მათ ტყვედ აიყვანეს შენობის ბოლო დამცველები - აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს იმდროინდელი თავმჯდომარე ჟიული შარტავა და მისი თანმხლები პირები, რომლებიც მოგვიანებით დახვრიტეს.

დე ფაქტო პრეზიდენმა ბადრა გუნბამ სოხუმის დე ფაქტო მერს, ტიმურ აგრბას 5 სექტემბერს დაავალა რეკონსტრუქციის საუკეთესო კონკურსის გამოცხადება. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, შენობის წინ მდებარე მოედანზე საზეიმო კონცერტი გაიმართა, რა დროსაც ისტორიულ შენობაზე ჩამოფარებული იყო ზეწრები აღდგენილი შენობის პრინტით. წინა წლებში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სოხუმში გეგმის განხორციელებას სერიოზულად უდგებიან.

როგორც აფხაზური მედია წერს, კონკურსის მთავარი პირობაა, რომ შენობის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელები აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს, რადგან, დე ფაქტო პრეზიდენტ გუნბას თქმით, „ისინი ქვეყნის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სიაში შედიან".

როგორც გუნბამ განაცხადა, „30 წელზე მეტია ეს შენობა სავალალო მდგომარეობაშია და არღვევს დედაქალაქის იერსახეს", სოხუმის მთავარ მოედანზე ამ შენობის აღდგენა ან ახალი ობიექტის აშენება კი „უნდა გახდეს არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის აღორძინების სიმბოლო".

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მოსკოვიდან წამოსული დირექტივის შედეგია, რათა მსგავსი ტიპის ობიექტებმა, განსაკუთრებით სოხუმსა და გაგრაში, „ცივილიზებული იერი მიიღოს".

რატომ მაინცდამაინც ახლა

მამუკა არეშიძე დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფხაზეთის ე.წ. კურატორად კრემლში წარმოშობით სოხუმელი სერგეი კირიენკოს დანიშვნას უკავშირებს.

„აქამდე ეს შენობა სიმბოლოდ იყო ქცეული, ახლა გადაწყვიტეს, რომ ამ სიმბოლოს ასე დატოვება არ შეიძლება. უნდა ითქვას, რომ ადრე კორუფციის წარმოუდგენელი დონე იყო და ამ ბოლო დროს რუსეთიდან აფხაზეთში წამოსული თანხების გადანაწილება ხდებოდა, როგორც გზად მოსკოვიდან სოხუმამდე, ისე თვითონ სოხუმშიც. ახლა მიდგომები შეიცვალა, მოსკოვიდან მკაცრი გაფრთხილებაა, მას მერე, რაც განსაკუთრებით კირიენკო მოვიდა, როგორც აფხაზეთის კურატორი.

„მოგეხსენებათ, კირიენკო წარმოშობით სოხუმელია, სოხუმში დაბადებულ-გაზრდილი კაცია. ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ქალაქის ინფრასტრუატურა გააჯანსაღონ და შეცვალონ. მთავარი აქცენტი კი გაკეთებულია სოხუმსა და გაგრაზე, სადაც ტურისტული ზონებია. ალბათ აქედან გამომდინარე ხდება ამის გარემონტებაც, რადგან სხვა მოტივი არ ვიცი. ამდენი წლის განმავლობაში სიმბოლოსავით ჰქონდათ და გარემონტება ახლა გადაწყვიტეს.

„ამ შენობაში ალბათ შეიძლება განთავსდეს დე ფაქტო სახელმწიფო უწყებები, ქალაქის ცენტრში ამხელა შენობას უბრალო ძეგლად ხომ ვერ დატოვებენ? ამის თაობაზე კონკრეტული გეგმა მათ ჯერ ჩამოყალიბებული არ აქვთ, ეს ზუსტად ვიცი. რაც შეეხება იმას, რომ ეს უნდა გარემონტდეს, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თან მოსკოვის მოთხოვნაც იყო მოთხოვნა, რომ ასეთი ტიპის ობიექტებმა ცივილიზებული იერი უნდა მიიღოს", - განაცხადა არეშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე