4 ოქტომბრის დაანონსებულ რევოლუციამდე და მუნიციპალურ არჩევნებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება და როგორც წესი, დაპირისპირებული მხარეები სწორედ გადამწყვეტი თარიღის წინა დღეებში აჩენენ თავის მთავარ „კოზირებს". რა "სიურპრიზები" აქვთ დარჩენილი მხარეებს და რას უნდა ველოდოთ არჩევნების წინა დღეებში?
ანალიტიკოსთა შეფასებით, ოპოზიციიის კოზირებში შესაძლოა მოიაზრებოდეს ის, რასაც 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები ჰპირდებიან „ოცნებას" - „სიურპრიზები" მათივე ყოფილი თანაგუნდელებისგან და ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსანი ძალოვნების საგანგებო მიმართვები.
რაც შეეხება „ოცნებას" შაბათს პარლამენტის საგამოძიებო კომისსი თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ოფიციალურად დაიწყეს ენმ-სა და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვის პროცესი. გარდა ამისა, ანალიტიკოსები მოელიან, რომ ამ დღეებში ხელისუფლება გამოაქვეყნებს სხვადასხვა „სენსიტიურ ინფორმაციას", რომელიც ოპოზიციისათვის პოლიტიკურად და რეპუტაციულად დამაზიანებელი იქნება.
როგორც ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ 17 სექტემბერს „პალიტრანიუსთან" განაცხადა, „ოცნებას" ყოფილი თანაგუნდელებისგან სიურპრიზები ელის.
„ველი, რომ ძალიან ბევრი სიურპრიზი ექნება „ქართულ ოცნებას", მათ შორის შეიძლება თავისი ყოფილი თანაგუნდელებისგან. სულელი იქნება ღარიბაშვილი და ლილუაშვილი, თავი ისე დააჭერინონ კობახიძეს, რომ უბრალოდ გაჩუმდნენ და არაფერი არ თქვან", -ამბობს წითლიძე.
იგივეს აანონსებს ენმ-ის წევრი ირაკლი ნადირაძეც: „ყველა ერთად ნახავთ ოთხში სიურპრიზებზე რომ გველაპარაკებოდნენ, რამდენი სიურპრიზი ელოდება „ქართულ ოცნებას". აუცილებლად ოთხში დაიწყება 4 საათზე ოთხშივე დამთავრდებიან".
ოპოზიციაში ასევე არ გამორიცხავენ, რომ მმართველ პარტიას ყოფილმა ძალოვნებმაც მოუწონ სიურპრიზი. 15 სექტემბერს „რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ აქციის ორგანიზატორებს შსს-დან „შინაურები" ურეკავენ და ეუბნებიან, რომ თუ აქციაზე ბევრი ხალხი გამოვა, ისინი „ხელს არ აწევენ"; ამასთან აფრთხილებენ, რომ „პროვოკაციებია მოსალოდნელი".
ბურჭულაძე აანონსებს, რომ რამდენიმე დღეში ძალოვნები მიმართავენ კოლეგებს, რომ „ხელი არ წაუცდეთ და არ მიაყენონ შეურაცხყოფა აქციის მონაწილეებს".
პრემიერი ირაკლი კობახიძემ კი ამბობს, რომ 4 ოქტომბრის ერთ-ერთი სიურპრიზი ის იქნება, რომ „ოცნება" ამ არცევნებს მოიგებს. მისი თქმით, მმართველი პარტია ენმ-ს ასეთ „სიურპრიზებს" ტრადიციულად უკეთებს-ხოლმე.
„სიურპრიზებს ჩვენ ტრადიციულად ვუკეთებთ ხოლმე „ნაცმოძრაობას". 9 სიურპრიზი გავუკეთეთ უკვე, როდესაც არჩევნები წააგეს. ბევრი სხვა სიურპრიზიც იყო, როცა სამართალდამცავმა უწყებებმა საქმე გამოიძიეს და დააკავეს „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი. სიურპრიზების მთავარი ადრესატი ჩვენთვის არის რადიკალური ოპოზიცია", - განაცხადა კობახიძემ 11 სექტემბერს „იმედი ლაივში".
ამასთან, „ოცნების" ერთ-ერთ წინასაარჩევნო კოზირად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ ოქტომბერში ხელისუფლება „ნაცმოძრაობისა" და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვის სამართლებრივ პროცედურას იწყებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე განაცხადა.
ოპოზიციის „კოზირები"
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რომელიმე ყოფილ მაღალჩინოსანს შესაძლოა გარკვეული კომპრომატი ჰქონდეს „ოცნებაზე", თუმცა ერთი კვირა საკმაოდ ცოტა დროა იმისთვის, რომ ამან იმუშაოს.
„ყოფილი ძალოვანი მაღალჩინოსნების ხელში რა კოზირი შეიძლება იყოს, ძნელი სათქმელია. ისინი ამჟამად თანამდებობაზე რომ იყვნენ - კი, მაგრამ თანამდებობას ჩამოშორებულმა ადამიანმა დიდი-დიდი კომპრომატი თქვას რამე. თუმცა, მთავარია ითქვას და მერე მეორე მხარემ ამტკიცოს - „აქლემი არ ვარო". „ოცნების" წინააღმდეგ ასეთი ბრალდებების წარმოთქმა ყველას შეუძლია, ვინც მასთან რაიმე შემხებლობაში იყო.
„ერთი კვირა ძალიან ცოტა დროა იმისთვის, რომ რაიმე განცხადებამ ეფექტურად იმუშაოს და თუ ოპოზიციას ხელისუფლებაში უნდა, ასეთ განცხადებებზე რატომაა დამოკიდებული? თუ გახსოვთ შემთხვევა, რომ განცხადებების საშუალებები ხელისუფლებაში ვინმე მოსულიყოს?" - განაცხადა საყვარელიძემ.
კითხვაზე, მაშინ სხვა რა ე.წ. კოზირი შეიძლება ჰქონდეს ჩაფიქრებული ოპოზიციას, ანალიტიკოსმა განგვიცხადა: „მაგალითად, ისეთი ფიზიკური კონფლიქტი და დაპირისპირებები, რაც მოულოდნელი იქნება და მეტ-ნაკლებად დიდ მასშტაბს მიიღებს. თუმც, ჯერჯერობით ანალოგიური არაფერი არ ისმის".
დამატებით კითხვაზე, კონკრეტულად როგორი დაპირისპირება იგიულისხმა, საყვარელიძემ გვითხრა:
„დავუშვათ ძალოვნებში - ჯარის, ან პოლიციის მოქმედმა ნაწილებმა გამოაცხადონ ოპოზიციის მხარეს გადავედითო და ოპოზიციას გაუჩნდეს იარაღის მფლოელი ადამიანები. დაახლოებით იგივე სურათი, ზვიადის დროს კიტოვანი რომ აღმოჩნდა ოპოზიციის მხარეს, რამაც სამოქალაქო ომის გაჩაღებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. როცა იარაღი მეორე მხარესაცაა, იქ უკვე სამოქალაქო ომის დიდი შანსია.
„თუ ოპოზიციის მხრიდან ვინმე ძალოვნებთან მუშაობს, მაშინ ასეთი სცენარი მოსალოდნელია. მაგრამ ეს სცენარი დღეს პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან ძალოვანი მინისტრები შეიცვალა, ახალდანიშნული მინისტრები სავარაუდოდ ასეთ ნაბიჯებზე არ წავლენ, რაც მათ ფიზიკურ არსებობასაც კითხვის ქვეშ დააყენებს" - განაცხადა საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ, შესაძლოა, ოპოზიციას ჰყავდეს მოსყიუდულ-გადაბირებული ვინმე „ოცნების" მომხრეებიდან ან ყოფილი ჩინოვნიკებიდან.
„შესაძლოა მათ ჰყავდეთ მოსყიდული, გადაბირებული „ოცნების" რომელიმე მომხრე, ან თუნდაც ყოფილი ძალოვანი მაღალჩინოსნები. ჩვენს სინამდვილეში გამორიცხული არაფერია. არიან „ოცნების" ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც შესაძლოა მმართველ პარტიაზე განაწყენებულები იყვნენ, ან სტრუქრურებიდან წამოსულები თვლიან, რომ ისინი სათანადოდ არ დააფასეს.
„შესაძლოა ბევრი არა, მაგრამ რომელიმე მათგანი გამოიყვანონ და რამე ათქმევინონ. ერთ-ერთი მაგალითი და ბოლო კოზირი სასულიერო პირების - დოროთე ყურაშვილის და მისი დაჯგუფების წვრის ჩართვაა, რომლებიც პირდაპირ პოლიტიკოსებად გადაიქცნენ და ამბიონს პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებენ ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც შეურაცხმყოფელია და კონკორდატის უხეში დარღვევაა. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ეს ადამიანები ენმ-სთან არიან დაკავშირებული და ამ გეგმებში არიან ჩართული. შემთხვევით არ იყო ბურჭულაძის და ხაბეიშვილის ვიზიტი „მამა" დოროთესთან (ის უკვე სასულიერი პირად ვეღარ ჩაითვლება). დიდი ალბათობით, ისაუბრეს, თუ როგორ შეიძლება სასულიერო პირები 4 ოქტომბრის მოვლენებისვის გამოიყენონ.
„კიდევ შეიძლება სხვა რესურსები ჰქონდეთ. დაიწყეს დიდი ტირაჟით გაზეთების ბეჭდვა, არიგებენ და შესაძლოა კიდევ რაღაც აქვთ, რაც არ ვიცით, მაგრამ ფაქტია - ამ დღისთვის სერიოზულად ემზადებიან და განცხადებები მიუთითებს, რომ მთელი პოლიტიკური ფსონი 4 ოქტომბერზე დადეს", - განაცადა ანჯაფარიძემ.
მმართველი პარტიის „კოზირები"
რამაზ საყვარელიძე გვეუბნება, რომ პარტიების აკრძალვის პროცესის დაწყება არჩევნებამდე შეიძლება გარკვეულ პოლიტიკურ მანევრად ჩაითვალოს.
„პარტიების აკრძალვის პროცესის დაწყებაზე განცხადებაც და შესაბამისი ნაბიჯებიც შესაძლოა არჩევნებამდე რაღაც მანევრად ჩაითვალოს, თუმც, არ მგონია, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები დაჩქარდეს.
„სხვა „სიურპრიზებს" რაც შეეხება, მთავარი მოქმედი პირები თითქმის ყველა დაჭერილია. გამოშვებულებიც არიან - ხაზარაძე-ჯაფარიძე, მაგრამ არ ჩანან, ცდილობენ აქტიურ ცხოვრებას გაერიდონ. სავარაუდოდ, თავად ოპოზიციის ლიდერებს არ აწყობთ თვალსაჩინო აქტიურობა. მათთვისაც მემგონი მოსალოდნელია ისეთი გაუგებრობები, რომელმაც შეიძლება ბევრი ოპოზიციონერი უსიამოვნო მდგომარეობაში ჩააყენოს", - განაცადა საყვარელიძემ.
ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, რომ „ოცნებისგან" მოსალოდნელია ოპოზიციის მისამართით სენსიტიური ინფორმაციის გამოქვეყნება და შესაძლოა სხა „კოზირებიც" ვიხილოთ.
„ენმ-ის აკრძალვის საკითხი შესაძლოა სიურპრიზი არაა. ეს „ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება იყო და ასრულებენ, მაგრამ თუ მმართველმა პარტიამ 4 ოქტომბრის აქციის ჩახშობა-ნეიტრალიზება მოახერხა, მას მეტი საფუძველი ექნება, რომ ენმ კანონგარეშედ გამოაცხადოს.
„ოცნების" შიდაპარტიულ საქმეებში ჩახედული არ ვარ, მაგრამ მეორე სიურპრიზი შეიძლება რაიმე სენსტიური ინფორმაციის გამოქვეყნება იყოს, რომელიც „ნაცმოძრაობას" პოლიტიკურად და რეპუტაციულად დააზიანებდა. ან გამოქვეყნდეს ის, თუ როგორ ემზადებიან აქციისთვის. წინა წლის აქციების დროსაც გამიოქვეყნდა, თუ რადიკალური ჯგუფები ერთმანეთს როგორ ამზადებენ. სუს-მა პარტიების ოფისში ამუნიციაც აღმოაჩნია და არაა გამორიცხული მსავსი რაღაცა ვიხილოთ", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე