„უოლ სთრით ჯორნალის" ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენეტს ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ მზადაა, მოხსნას აკრძალვა, რომელიც ხელს უშლიდა ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებას. ასევე საუბარია ახალი შეიარაღების გადაცემაზეც. რას გამოიწვევს ამ აკრძალვის მოხსნა და შეცვლის თუ არა ეს ძალთა ბალანსს ფრონტზე?
ამერიკული გამოცემა ამის შესახებ მაღალი რანგის ამერიკელ ოფიციალურ პირზე და უკრაინის ხელისუფლების წყაროზე დაყრდნობით წერს. მათი ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გაერო-ს გენასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე უთხრა.
„უოლ სთრით ჯორნალის" ცნობით, ზელენსკიმ ტრამპს სთხოვა, მეტი შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდება და ამ იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე განლაგებული სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენების უფლება. ტრამპმა უპასუხა, რომ ამის წინააღმდეგი არ არის.
თუმცა, როგორც გამოცემის ორივე წყარო აღნიშნავს, აშშ-ის პრეზიდენტმა საუბრისას არ აიღო არანაირი ვალდებულება ამგვარი აკრძალვის მოხსნასთან დაკავშირებით.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის დელეგაცია მომავალ კვირაში ვაშინგტონში ჩავა, რათა შეხვედრა გამართოს პენტაგონის ხელმძღვანელ პიტ ჰეგსეთთან.
შეგახსენებთ, მანამდე ზელენსკიმ „აქსიოსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ გაერო-ში გამართულ შეხვედრაზე ტრამპს სთხოვა კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება და, მისი თქმით, ტრამპმა უპასუხა, რომ აშშ „ამაზე იმუშავებს". მოგვიანებით, გამოცემის წყაროებმა მიანიშნეს, რომ შესაძლოა, საუბარი იყოს „ტომაჰავკის" ტიპის ფრთოსან რაკეტებზე, რომელთა მოქმედების რადიუსი 2000 კმ-ზე მეტია.
თუ ასეთი იარაღის მიღების მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ეს დაადასტურებს ვარაუდს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დამოკიდებულება უკრაინის მიმართ ისევ იცვლება.
გასულ კვირას ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „პუტინი და რუსეთი დიდ ეკონომიკურ პრობლემებში არიან და ახლა უკრაინისთვის მოქმედების დროა. მას შემდეგ, რაც ვნახეთ რა ეკონომიკური პრობლემები (ომი) აქვს რუსეთს, ვფიქრობ, უკრაინა იმ პოზიციაშია, რომ იბრძოლოს და მთელი უკრაინა პირვანდელი სახით დაიბრუნოს".
რა უპირატესობა ექნება უკრაინას და რას კარგავს რუსეთი
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტან მაისიას აზრით, ტრამპის ეს შესაძლო გადაწყვეტილება რუსეთისთვის დიდი დარტყმა იქნება. უკრაინა კი თავისუფლად შეძლებს მიაღწიოს მოსკოვს და აღმოსავლეთ ციმბირში განლაგებულ სამხედრო ობიექტებს, სადაც უკრაინის წინააღმდეგ განკუთვნილი იარაღი მზადდება.
„ამერიკელები უკრაინელებს გადასცემენ უკვე ოპერატიული ტაქტიკური ტიპის სარაკეტო კომპლექტებს, მათ შორის არაა გამორიცხული, რომ გადასცენ „ტომოჰავკის" ტიპის ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც საკმაოდ ეფქტური და საკმაოდ ძლიერია. ესეც სერიოზული ნაბიჯია.
„აშშ-ის ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, უკრაინელები თავისუფლად მიწვედებიან მოსკოვს და აღმოსავლეთ ციმბირში განთავსებულ სამხედრო ობიექტებს, სადაც მზადდება იარაღი უკრაინის წინააღდმეგ.
„მე ვიტყოდი ეს იქნება ძალინ სერიოზული ნაბიჯი, რადგან უკრაინელებს შეეძლებათ ზურგის კომუნიკაციური სიტემების განადგურება, რაც რუსეთის სამხედრო აგრესიას გახდის არაეფქტურს. ეს იქნება დიდი დარტყმა რუსეთისთვის", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".
მან ყურადღება გაამახვილა რუსეთში მიმდინარე შიდა პროცესებზე და აღნიშნა, რომ კრემლმა უკრაინაში თავისი მინიმალური ამოცანების შესრულებაც ვერ შეძლო.
„რუსების მხრიდან ზავის დადება პუტინის რეჟიმისთვის უბრალოდ წერტილის დასმა იქნება. პუტინი ისე გაეხლართა თავის აბლაბუდაში, რომ, შესაძლოა, აქედან ვერც გამოვიდეს. ახლა რუსეთში უკვე ცხადდება მობილიზაცია, ალბათ დეკემბერში გამოაცხადებენ. საუბარი არ არის ფარულ ან ნაწილობრივ მობილიზაციაზე, რუსეთმა ორივე ეს ფორმა უკვე გამოიყენა. ახლა იწყება ოპერატიული მობილიზაცია. ეს არ არის ტოტალური, თუმცა საკმაოდ სერიოზული პროცესი. რუსეთი ხვდება, რომ ვერ ასრულებს მობილიზაციის გარეშე იმ შეზღუდულ ამოცანებსაც კი, რაც სამხედრო ხელმძღვანელობას დაუსახა - საუბარია 4 რეგიონის ოკუპაციასა და ანექსიაზე, ოდესისა და ნიკოლაევის დაკავებაზე და სუმის რეგიონში ე.წ უსაფრთხოების ზონების შექმნაზე. თუნდაც, ხარკოვისა და ლიმანის დაკავება - ესეც უკევ ეჭვქვეშ დგება", - განაცხადა მაისაიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე