მარიამ ვეკუა
(27.09.2025)

ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ „ნაცმოძრაობისა" მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წამოწყების გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით კი, ეს პროცესი უკვე ოქტომბერში დაიწყება. როგორ იმოქმედებს ასეთი ნაბიჯი პოლიტიკურ პროცესებზე და რატომ გააქტიურდა ეს თემა სწორედ არჩევნების წინ?

XI მოწვევის პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია თებერვალში შეიქმნა. მისი უფლებამოსილების ვადა სამჯერ გაგრძელდა და მუშაობა ექვს თვეში დაასრულა. საბოლოო დასკვნა 500 გვერდისგან შედგება. როგორც კომისიაში აცხადებენ, „კომისიის დასკვნა არ არის მხოლოდ ტექსტი, სადაც მოთხრობილია სხვადასხვა ტრაგედია, არამედ, ეს არის ფაქტებით და მტკიცებულებებით გამყარებული დოკუმენტი".

სავარაუდოდ, დაანონსებული აკრძალვა "ნაციონალური მოძრაობის" გარდა შეეხება პარტოიებს: „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „ახალი", „სტრატეგია აღმაშენებელი"„ფედერალისტები" და „ევროპული საქართველო".

საქართველოს პირველი არხის ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და „დასკვნის საფუძველზე საგამოძიებო კომისიაში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებიც დაიწყება".

„საპარლამენტო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ", როგორც პარტიამ, მიიღო გადაწყვეტილება, ეს დასკვნა გახდეს საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წამოწყებისა, რომლის მიზანიც იქნება „ნაციონალური მოძრაობის" და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა. ეს არის მიზანი, ვინაიდან, მიგვაჩნია, რომ ამის გარეშე ქვეყანას არ უწერია განვითარების პერსპექტივა.

„ქართული ოცნება" მუდმივად ვერ იქნება ხელისუფლებაში და ჩვენი ვალი, ჩვენი გასაკეთებელი საქმე და მისიაა, რომ ხელისუფლებიდან წასვლა როცა მოგვიწევს, არა 5 ოქტომბერს და დამხობის გზით, არამედ არჩევნების გზით, ამისი დრო დადგება ოდესღაც, მორიგი არჩევნების დროს, გამორიცხული გვქონდეს იმ დროისთვის შანსი და რისკი, რომ დასკვნაში აღწერილი ფაქტების ჩამდენი პირები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში", - განაცხადა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი ჟურნალისტებთან თქვა, რომ სარჩელი სასამართლოში, სავარაუდოდ, ოქტომბერში შევა.

„საკონსტიტუციო სასამართლოში ოქტომბერში შევა შესაბამისი სარჩელი ყველა იმ პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მოიაზრება კოლექტიური „ნაცმოძრაობის" ქვეშ," - აღნიშნა კობახიძემ

შეგახსენებთ, კომისია თავდაპირველად „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შესწავლის მანდატით შეიქმნა, თუმცა მალევე მნდატი გაფართოვდა და მოიცვა ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობა 2003 წლიდან დღემდე.

ყურადღების გადატანა, თუ დაპირების შესრულებ

როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, ხელისუფლებამ „ნაცმოძრაობის" აკრძალვაზე საუბარი ახლა იმიტომ გააქტიურა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებისგან ყურადღების გადატანას ცდილობს. ჩიტაძის თქმით, ისინი ცდილობენ ხალხი დაარწმუნონ, რომ აქციაზე „დამნაშავეების" გვერდით არ დადგნენ.

„თითქოს სურთ ყურადღების გადატანა 4 ოქტომბრის მოვლენებისგან: ერთი მხრივ, აქვთ ოპოზიციის დისკრედიტაციის მცდელობა 4 ოქტომბრამდე. ხალხს მოუწოდებენ - არ დადგეთ იმ ოპოზიციის გვერდით, რომელმაც ომი დაიწყო და სხვადასხვა დანაშაულება ჩაიდინა ცხრა წლის განმავლობაში. ცდილობენ ამაში დაარწმუნონ საზოგადოება და, ვფიქრობ, ეს პირდაპირ უკავშირდება 4 ოქტომბერს: სურთ, რომ ხალხს არ ჰქონდეს მოტივაცია, რათა არ გავიდნენ ამ დღეს რუსთაველის გამზირზე.

„რაც შეეხება გრძელვადიან მიზნებს, მათი ამოცანაა მთავარი ოპოზიციური ძალის დისკრედიტაცია და გაუქმება, რათა საკუთარი ძალაუფლება გაიმყარონ. ფორმალურად დარჩება სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომ თქვან - ქვეყანაში მრავალპარტიულობაა", - განაცხადა ჩიტაძემ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, ამ თემის გააქტიურებით „ოცნება" რეიტინგის ამაღლებას ცდილობს.

„ოცნება" ცდილობს რეიტინგის ამაღლებას. თუმცა რეიტინგის ამაღლებას ცდილობს არა გაკეთებული საქმეებით, არამედ მუდმივი საუბრით იმაზე, თუ რა ცუდი იყო წინა ცხრაწლიანი რეჟიმი", - განაცხადა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ „ნაცმოძრაობის" აკრძალვაზე საუბარი დიდი ხანია მიდის და ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას 4 ოქტომბერთან კავშირი არ აქვს.

„ნაცმოძრაობა" თავისი სატელიტებით რომ აიკრძალებოდა, ამის შესახებ, ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ რამდენჯერმა თქვა ბიძინა ივანიშვილმა და პარტიის სხვა ლიდერებმაც. შესაბამისად, შეიქმნა კომისია, დაიწერა დასკვნა და სწორედ ეს დასკვნა იქნება საფუძველი სარჩელის შეტანისათვის.

„ქრონოლოგიურად რომ შევხედოთ, „ნაცმოძრაობის" შესაძლო აკრძალვაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა, საერთაშორისო კონიუქტურიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო „ნაცმოძრაობის" პარტიის აკრძალვის საკითხის წამოწევა.

„ბოლო სამი წელია საქართველომ აქტიურად დაიწყო საკუთარი სუვერენიტეტის განმტკიცება. შესაბამისად, აღარაფერს წარმოადგენს არც ევროპარლამენტარების, არც ევროკომისრის ცალკეული განცხადებები.

„მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რას იტყვის ბრიუსელიდან - „ნაციონალური მოძრაობა", თავისი შავბნელი საქმიანობიდან გამომდინარე, აიკრძალება. თუმცა ეს აკრძალვა არ მოხდება სწრაფად; პროცესს დრო დასჭირდება. შესაძლოა, ეს წელს მოხდეს ან გაისად", - განაცხადა აბაშიძემ.

რა მოხდება, თუ 7 პარტიას მართლაც აკრძალავენ

ნიკა ჩიტაძის აზრით, „ნაცმოძრაობის" აკრძალვა ავტორიტარულ რეჟიმს უფრო გაამყარებს და გააძლიერებს.

„საქართველოში კიდევ უფრო გამყარდება ავტორიტარული რეჟიმი, თუ 4 ოქტომბერს ხელისუფლება არ შეიცვლება. საქართველო კიდევ უფრო მეტად დაშორდება დემოკრატიულ სამყაროს და უფრო მეტად დამოკიდებულები აღმოვჩნდებით რუსეთსა და ჩინეთზე. პრობლემა არ ეხება მხოლოდ ევროპულ ინტეგრაციას. ჩნდება ძირითადი კითხვა - გვექნება თუ არა საერთოდ სახელმწიფო. დღესაც ისმის ეს კითხვა, როცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ერთი პარტიის კონტროლს ექვემდებარება", - განაცხადა ჩიტაძემ.

გია აბაშიძის აზრით, „ნაცმოძრაობის" აკრძალვა პოლიტიკურ ველს გაათავისუფლებს და გააჩენს ადგილს ჯანსაღი ოპოზიციისათვის.

„ნაცმოძრაობის" ხელისუფლებასთან ვინც პირდაპირ ან ირიბად არ იყო დაკავშირებული, არაფერი ემუქრება. შესაბამისად, „ნაცმოძრაობისა" და იმ პირების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა, რომლებიც დამნაშავე ხელისუფლების წევრები იყვნენ, პირიქით, წაადგება ქართულ დემოკრატიას. ჟანგბადივით საჭიროა, რომ პოლიტიკიდან გაქრეს მავნე ძალა, ოპოზიცია გაჯანსაღდეს და ისე გაძლიერდეს, რომ ღირსეულ და ძლიერ კონკურენციას გაუწიოს ხელისუფლებას. „ნაცმოძრაობის" მავნებლური წნეხი კი ხელს უშლის ოპოზიციური ძალების განვითარებას", - განაცხადა აბაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე