მარიამ ვეკუა
(26.09.2025)

4 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად ქართულ პოლიტიკურ ველზე ტემპერატურა მატულობს. ენმ ისევ აანონსებს, რომ ამ დღეს ხელისუფლებას მშვიდობიანად დაამხობს, მაშინ როცა არჩევნებში მონაწილე პარტიები საარჩევნო კამპანიებს აქტიურად აგრძელებენ. მმართველი პარტია კატეგორიულად აცხადებს, რომ მიუხედავად ანონსებისა, 4 ოქტომბერი მშვიდობიანად ჩაივლის და ნებისმიერი კანონდარღვევისთვის შესაბამისი რეაგირება იქნება. რას უნდა ველოდოთ 4 ოქტომბერს და როგორ აისახება შედეგები პოლიტიკურ პროცესებზე?

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე 4 ოქტომბრის სამი შესაძლო სცენარის შესახებ ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ამ დღეს ბევრი ხალხი მოვა.

„მოვლენათა განვითარების 3 შესაძლო სცენარია. პირველი, ის რომ, "ოცნება" გამოიყენებს ძალას და შეძლებს ხელისუფლების შენარჩუნებას, ამისთვის ყველაფერზე წავა- ეს არის პესიმისტური სცენარი. მეორე სცენარი არის, რომ დაინახავს ხალხის დიდ რაოდენობას და იძულებული იქნება გამართოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების თაობაზე. მესამე ვარიანტია , რომ ხელისუფლებაა ვერ უძლებს ზეწოლას"-განაცხადა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე 4 ოქტომბერს სკეპტიკურად უყურებს, კითხვაზე როგორი იქნება 5 ოქტომბერი საქართველოსთვის კი გვპასუხობს:

„5 ოქტომბერს გაიღვიძებს საქართველო, ჩვეულებრივ როგორც იღვიძებს და იქნება ისეთ სიტუაციაში, როცა ეს ძალა, რომელსაც ჰქვია ე.წ. ოპოზიცია, სინამდვილეში კი არის მე-5 კოლონა, გამქრალი იქნება, როგორც პოლიტიკურად და ვფიქრობ, სულ მალე სამართლებრივადაც."

შეგახსენებთ, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები, რომელზეც საკრებულოს დეპუტატებსა და მერებს აირჩევენ, საქართველოში 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება.ცესკოს ცნობით, არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია და პარტიული სია.

ენმ-ს ანონსი და „ოცნება"

ნაცმოძრაობაში აცხადებენ , რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში ხალხის დიდი რაოდენობა უნდა იყოს მობილიზებული.

„ძალიან მარტივი გეგმა არსებობს, უნდა ვიყოთ იმდენი, რამდენიც არ ვყოფილვართ. რეჟიმმაც უნდა გააცნობიეროს, რომ არანაირი აზრი არა აქვს ძალადობას, ძალადობრივად ძალაუფლებაში ხელოვნურად დარჩენას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა .

კითხვაზე, „ხართ თუ არა მზად პასუხისმგებლობის ასაღებად, თუ აქტივისტებს შეატოვებთ პროცესს", ფავლენიშვილმა აღნიშნა, რომ არ არსებობს შემთხვევა, როცა წინა ხაზზე არ დგას „ნაციონალური მოძრაობა".

„მათ შორის ლევან ხაბეიშვილი, თუნდაც ჩემი მეგობრები, მეც. ამის უამრავი ვიდეომტკიცებულება არსებობს, ამას არასდროს ვმალავდით და ახლაც ასე იქნება. არასოდეს არავის უკან არ ვდგებით. კონკრეტულ მოლოდინს და ვინმესთვის პასუხისმგებლობის აკიდებას რაც შეეხება, ძალიან მარტივია, ეს არის ეროვნული ბრძოლა, სადაც ყველა ვთანხმდებით, რომ ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი საპროტესტო ქუჩის გზით არის გარდაუვალი. ყველა ერთად ვიღებთ პასუხისმგებლობას. არავინ გაურბის პასუხისმგებლობას.- განაცხადა ფავლენიშვილმა.

ენმ- ს წევრი ირაკლი ნადირაძე სოციალურ ქსელში ვრცელპოსტს აქვეყნებს:

„არ ჰყოფნით გდდ-ს სპეცრაზმი, არ ჰყოფნით და არ ენდობიან პოლიციას, ჯარის პოზიცია და განწყობები ისედაც იციან, ვერ იმატებენ საჭირო რაოდენობის ადამიანებს დაცვის პოლიციიდან თუ სხვა სამთავრობო ძალოვანი უწყებებიდან და ახლა მიადგნენ კაზინოებისა და ბარ-რესტორნების კერძო დაცვის სამსახურებს და თანამშრომლებს, რომ იქნებ "კარგი" ანაზღაურების სანაცვლოდ ხალხი დაიმატონ 4 ოქტომბრისთვის ფაქტია, ძალიან ეშინიათ ქოცებს...,- წერს ნადირაძე.

მმართველ გუნდში კი ფიქორბენ, რომ 4 ოქტომბერ მშვიდად ჩაივლის.

„დღეს გვაქვს მშვიდი ვითარება. ჩვენ წინ გველოდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ვფიქრობთ, რომ არჩევნები ჩაივლის მშვიდად და ასევე 4 ოქტომბრის დღე, მიუხედავად გარკვეული არასერიოზული ანონსებისა, ჩაივლის მშვიდად და გაგრძელდება ქვეყნის მშვიდი და სტაბილური განვითარება. რა თქმა უნდა, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ბიზნესისთვის ბუნებრივია, საკვანძო მნიშვნელობა აქვს სიმშვიდეს და სტაბილურობას პოლიტიკური თვალსაზრისით. ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა თქვენ გქონდეთ სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო თქვენი ბიზნესსაქმიანობის განხორციელებისთვის."-განაცხადა პრემიერმა

ემზადებიან თუ არა 4 ოქტომბრისთვის „ლელო" და გახარიას პარტიები

„ლელოს" პოზიცია - „დილით არჩევნებზე, საღამოს აქციაზე" - ჯერჯერობით, უცვლელია, თუმცა ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას 4 ოქტომბრის აქციისგან დიდი მოლოდინები არ აქვს. აღსანიშნავია, რომ „ლელო", რომელიც არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება, უკვე ოთხმა მაჟორიტარობის კანდიდატმა კანდიდატურა „ოცნების" სასარგებლოდ მოხსნა."

მიიღებენ თუ არა მონაწილეობას გახარიასა და „ლელოს" პარტიები 4 ოქტომბრის აქციაში, ამ საკითხზე ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს:"

„ვფიქრობ, ეს რვა ოპოზიციური პარტია არავის დაუშლის იქ მისვლას. ეს ორი პარტია ორგანიზატორები არ არიან, თუმცა არ მგონია ვინმემ არ დაუშვას. წინააღმდეგი, ყოველ შემთხვევაში, არავინაა. თვითონ აქციის თემაც ისეთია, რომ ვფიქრობ ამას ყველა ოპოზიციური პარტია იზიარებს, მიუხედავად იმისა, როგორიც არ უნდა იყოს მათი პოზიცია და დამოკიდებულება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე".-განაცხადა ზურაბიშვილმა.

უფრო ადრე ექპრემიერი გახარია აქტიურად აცხადებდა,რომ რომ „მისთვის მშვიდობიანი დამხობა საერთოდ ოქსიმორონია".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე