თამთა ჩაჩანიძე
(26.09.2025)

გურამ მაჭარაშვილი იმ ადამიანების დაკავებას აანონსებს, რომლებიც „გაბედავენ და კანონის წინააღმდეგ წავლენ". ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციაში არიან სპიკერები, რომლებიც განცხადებებს „კანონის ზღვარზე სიარულით აკეთებენ" და ამას შეიძლება მასობრივი დაკავებები მოჰყვეს.

„ნაცრადიკალების ლიდერებს რატომღაც ჰგონიათ, რომ სახელმწიფოს დააშანტაჟებენ, მის სამართლადამცავ სტრუქტურებს გამოიწვევენ და თავისუფლად ილაპარაკებენ ისეთ უკანონო მოწოდებებზე, რაც, მაგალითად, ამერიკაში შიდა ტერორიზმად არის შერაცხული. შესაბამისად, გვარს, სახელს, სქესს და პოლიტიკაში გამოცდილებას მნიშვნელობა არ აქვს, ვინც ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს გააკეთებს, ის რასაკვირველია გისოსებს მიღმა აღმოჩნდება კანონიერად და დემოკრატიულად. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას ნუ სცდიან, ეს სააკაშვილისდროინდელი ჯიბის სასამართლო არაა, დამოუკიდებელი არაპოლიტიზირებული მართლმსაჯულება გვყავს და ეს სხვადასხვა საერთაშორისო ანგარიშებითაა აღიარებული, შესაბამისად, იქნება უკანონი რეაქცია? მიიღებენ კანონიერ კონტრრეაქციას.

„არ მინდა დავკნკრეტდე, მაგრამ როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობაში" და მათ სატელიტებში არიან სპიკერები, რომლებიც თავხედურად, კანონის ზღვარზე სიარულით ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომლებიც თუ უფრო გაბუქდა და უფრო უკანონობისკენ გადაიწია, რასაკვირველია ხაბეიშვილის მსგავსად ციხეში აღმოჩნდებიან. კიდევ ერთხელ მათ უნდა შეიგნონ, რომ ვერც დასავლური შეშფოთება-აღფოთება უშველით და ვერც პოლიტპატიმრებად შერაცხვა, იქნება მასობრივი დაკავებები ისევე, როგორც საფრანგეთში, ინგლისში, აშშ-ში, როდესაც ესა თუ ის მარგინალი ჯგუფები სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოდიან", - განაცხადა აბაშიძემ.

„ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილს მშვიდობიანი დამხობა უნდოდა და მშვიდობიანად დააკავეს, ასე მშვიდობიანად დააკავებენ იმ ადამიანებს, რომლებიც გაბედავენ და კანონის წინააღმდეგ წავლენ, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი.

„ნუ მადარდებთ იმაზე, „ნაცმოძრაობას" რომ გეგმა არ აქვს. ლევან ხაბეიშვილს მშვიდობიანი დამხობა უნდოდა და მშვიდობიანად დააკავეს. ასე მშვიდობიანად დააკავებენ იმ ადამიანებს, რომლებიც გაბედავენ და კანონის წინააღმდეგ წავლენ, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. „ნაცმოძრაობას" და მის ლიდერებს ჰკითხეთ, რა უნდათ. თავად არ იციან, რა უნდათ. ხელისუფლებაში უკანონო მოსვლა უნდათ, მაგრამ ამით რესურსი არ გააჩნიათ და ხელისუფლებაში კანონიერად ვერ მოვლენ, რადგან ხალხის მხარდაჭერა არ გააჩნიათ. მეტიც, თავისივე მხარდაჭერების მხარდაჭერა არ აქვთ ძალადობრივი დამხობის", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე