არჩევნებამდე ორი დღით ადრე - კიშინიოვიდან განგაშის სიგნალი მოდის: მოლდოვა მსოფლიო საზოგადოებას აფრთხილებს, რომ რუსეთი ქვეყნის გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებში მასშტაბურ ჩარევას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სი-ენ-ენი ავრცელებს. მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს. როგორ დასრულდება მოლდოვასთვის ისტორიული არჩევნები და შეძლებს თუ არა პროევროპული მმართველი გუნდი პოზიციების შენარჩუნებას?
მოლდოვა 28 სექტემბერს საპარლამენტო არჩევნებს ატარებს, რამაც შესაძლოა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში , ფართომასშტაბიანი შედეგები მოიტანოს .
მედიის ცნობით, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ირწმუნება, რომ კრემლი მოლდოველების ხმის მოსასყიდად, ონლაინ დეზინფორმაციის გასავრცელებლად და არეულობის, ძალადობისა და შიშის გაღვივების მიზნით პროვოკატორების დასაქირავებლად ასობით მილიონ ევროს ხარჯავს. ამბობენ, რომ რუსეთის მიზანი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოს დასავლეთისკენ სწრაფვის შეჩერების თავხედური მცდელობა და ქვეყანაში მოსკოვის მორჩილი მთავრობის არჩევაა.
„რუსეთი მოლდოვაზე კონტროლს თუ მოიპოვებს, შედეგები მთელი რეგიონისთვის დაუყოვნებლივი და საშიში იქნება. ყველა მოლდოველი დაზარალდება, მიუხედავად იმისა, ვის მისცა ხმა", - აღნიშნა მაია სანდუმ, რომლის პროევროპული პარტია „მოქმედება და სოლიდარობა" მმართველი უმრავლესობის შენარჩუნებას ცდილობს.
ცნობისთვის, მოლდოვისთვის, რომელიც უკრაინას ესაზღვრება და დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვა, რუსული ჩარევა უცხო არ არის.
ვინ იყრის კენჭს ?
პრეზიდენტ მაია სანდუს მიერ დაარსებული მმართველი პროევროპული მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია (PAS) იმედოვნებს, რომ უმრავლესობას პარლამენტში შეინარჩუნებს. თავად სანდუ პრეზიდენტი 2020 წელს გახდა და გასულ წელს ხელახლა აირჩიეს.
სანდuს პარტიას სავარაუდოდ, სერიოზული გამოწვევა ექნება პრორუსული ოპოზიციური პარტიების ჯგუფის, „პატრიოტული ბლოკისგან", სადაც სოციალისტებიც ერთიანდებიან, რომელთა ლიდერი იგორ დოდონია.
„როიტერზი" აქვეყნებს საინტერესო მიმოხილვას, თუ რას უნდა ველოდოთ რუმინეთსა და უკრაინას შორის მდებარე 2.4 მილიონიანი ქვეყნის არჩევნებისგან, რომელზეც მაღალი ფსონებია დადებული.
ბოლოდროინდელი გამოკითხვების თანახმად, მმართველი პარტია 101-ადგილიან ორგანოში უმრავლესობას დაკარგავს, რამაც შესაძლოა მცირე სუბიექტთან კოალიციის მოძებნისკენ უბიძგოს, რომლებიც 7%-იან ბარიერს გადალახავენ.
ეს შეიძლება იყოს პოპულისტური „ჩვენი პარტია" და ნომინალურად პროევროპული ალტერნატიული ბლოკი.
რა არის ძირითადი საკითხები?
დომინანტურ საკითხად ევროკავშირთან ინტეგრაცია რჩება. „პასი"მიზნად ისახავს, 2030 წლისთვის ქვეყანა 27 წევრისგან შემდგარ ბლოკში შეიყვანოს და აცხადებს, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთის მცდელობების შესაკავებლად, რათა მოლდოვა მოსკოვის ორბიტაზე არ აღმოჩნდეს.
აღსანიშნავია, რომ შედეგი მნიშვნელოვანი ევროპისთვისაც არის, რადგან ის ცდილობს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის გავლენას წინააღმდეგობა გაუწიოს. აგვისტოში საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები კიშინიოვს ეწვივნენ, რათა სანდუსადმი მხარდაჭერა ერთხმად დაეფიქსირებინათ.
თუმცა,2024 წელს ჩატარებულმა რეფერენდუმმა, რომლითაც ამომრჩევლებს სანდუს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვის მხარდაჭერა სთხოვეს, მხოლოდ 50%-იანი უმრავლესობა მიიღო.
რას ამბობს მთავრობა რუსეთის ჩარევაზე?
მოლდოვას ოფიციალური პირები რუსეთს დიდი ხანია ადანაშაულებენ, რომ მოსკოვი მოლდოვას დამოუკიდებლობის შელახვას ენერგეტიკული კრიზისის გამოწვევითა და ანტისამთავრობო განწყობების გაღვივებით ცდილობს, რათა მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებას ხელი შეუშალოს.
რუსეთი უარყოფს მოლდოვას საქმეებში ჩარევას და აცხადებს, რომ კიშინიოვი პოლიტიკური მიზნებით ანტირუსულ ისტერიას იწვევს.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სანდუმ რუსეთი არაერთხელ დაადანაშაულა.
ბოლო კვირების განმავლობაში პოლიციამ უკანონო პოლიტიკური დაფინანსების სავარაუდო ფაქტზე უამრავი რეიდი ჩაატარა, ხოლო ორშაბათს უსაფრთხოების ძალებმა 74 ადამიანი დააკავეს, ხელისუფლების ინფორმაციით, , რუსეთის მიერ მხარდაჭერილი არეულობის წაქეზების მცდელობის გამო.
„ჩვენ {რუსეთთან } 30 წელია, ვცხოვრობთ. ტროპიკებში თუ ცხოვრობ, ყოველთვის წვიმს", - განაცხადა მოლდოვას ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ, თუმცა მისივე თქმით, ამჯერად ყველაფერი სხვაგვარადაა, რადგან მოლდოვა ახლა „დეზინფორმაციის ცუნამის" წინაშე დგას, რაც პრორუსული ოპოზიციის, „პატრიოტული ბლოკის" გაძლიერებას ისახავს მიზნად
რა როლს ასრულებს პარლამენტი?
მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვას პრეზიდენტი პირდაპირი წესით ირჩევა, საკანონმდებლო ორგანოს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, მათ შორის კაბინეტის შემადგენლობაზე.
„პას"-ის მიერ კონტროლირებადი პარლამენტი ხელს შეუწყობს მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას, რაც ფართო საკანონმდებლო ძალისხმევას მოითხოვს.
თუმცა, პრორუსული უმრავლესობის მქონე კოალიცია ან პარლამენტი, სავარაუდოდ, ამ ძალისხმევას გაჭიანურებულ პოლიტიკურ ბრძოლად გადააქცევს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე