თამთა ჩაჩანიძე
(25.09.2025)

საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები დაიბარეს. მოგვიანებით გერმანიის ელჩს ცალკე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსიც შეხვდა. საქართველოს ხელისუფლება დასავლელი დიპლომატების ნაწილს ვენის კონვენციიის პრინციპების „უხეშ დარღვევაში" ადანაშაულებს. თავად ელჩები ამას გადაჭრით უარყოფენ. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი „კატეგორიულად დაგმო" საქართველოს საგარეო უწყებაში მათი ელჩის დაბარება.

პრემიერი ირაკლი კობახიძე მიანიშნებს, რომ, სავარაუდოდ, ეს პროცესი ამით არ დასრულდება.

„ევროკავშირიდან ელჩები ხშირად უხეშად არღვევენ პრინციპებს, წესებს, რაც მიუღებელია, თუმცა ყველა არ იქცევა ისე, როგორც იქცევა ევროკავშირის, ბრიტანეთის, გერმანიის ელჩები", - განაცხადა კობახიძემ ხუთშაბათს ამ თემაზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი ვენის კონვენციის 41-ე მუხლზე მიუთითებს და ელჩების დაბარებას იმით ხსნის, რომ ელჩებზე „სხვა ინსტრუმენტების" გამოყენებამ „არ გაჭრა":

„ჩვენ გამოვიყენეთ ყველა სხვა ინსტრუმენტი, როგორც პირადი შეხვედრების, საჯაროდ მოწოდების, განმარტების, მაგრამ ვხედავთ, რომ, ზოგ შემთხვევაში, ეს არ ჭრის. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ამ დიპლომატიური ზომის გამოყენებაც, ელჩის დაბარება, რათა მათთვის აეხსნათ, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არავინ უნდა დაარღვიოს".

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ თუ ელჩებს ვენის კოვენციის დარღვევაში ადანაშაულებენ, მაშინ ხელისუფლებამ ამის მტკიცებულებებიც უნდა წარმოადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის „ბინძური პროპაგანდა".

ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ „ოცნება", საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ელჩების სახით საზოგადოებაში მტრის ხატს ქმნის. ნაწილი კი აცხადებს, რომ „ოცნება" იმ პოლიტიკას მიჰყვება, რაც ბოლო პერიოდში წამოიწყო და ეს ბუნებრივია. ერთ საკითხზე კი ყველა თანხმდება - რომ ამას დასავლეთიდან რეაგირება მოყვება.

აღსანიშნავია, რომ დიპლომატების დაბარებამდე, 24 სექტემბერს 27-მა საელჩომ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ დიპლომატებისთვის, ფართო სპექტრის წარმომადგენლებთან - მთავრობასთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ზოგადად მოქალაქეებთან - შეხვედრა დიპლომატიური მუშაობის ნორმალური ნაწილია და ვენის კონვენციას სრულად შეესაბამება. ამასთან, აღნიშნავენ, რომ არცერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას არ უჭერენ მხარს და განცხადებები მათ მიერ ძალადობისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერის შესახებ „უბრალოდ სიმართლე არ არის" და „უსაფუძვლო და ზიანის მომტანი ბრალდებებია".

განცხადება გავრცელდა ავსტრიის, ბელგიის, ბულგარეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, კვიპროსის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის და დიდი ბრიტანეთის საელჩოების სახელით.

ოფიციალური განცხადებები

25 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეთ უორდი დაიბარეს, შეხვედრის შემდეგ მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

24 სექტემბერს კი საგარეო უწყებას სტუმრობდა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი. შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ ესაა ურთიერთობების ისტორიაში დაბარების პირველი შემთხვევა, ელჩმა დაწერა, რომ "მე რადიკალი არ ვარ, მე არავინ მომისმინა, მე მეგობრად ვრჩები".

აღნიშნულს მალევე გერმანიის საგარეო უწყება გამოეხმაურა და „კატეგორიულად დაგმო „ოცნების" აგრესიული რიტორიკა". მათი შეფასებით, „ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობოს პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით".

25 სექტემბერს გერმანიის ელჩს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანიც შეხვდა. მთავრობის დამინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ბოლო პერიოდის დინამიკა განიხილეს. გარდა ამისა, აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა არ არის კმაყოფილი ორ ქვეყანას შორის დღეს არსებული ურთიერთობების დონით და იმედოვნებს, რომ ვითარება შეიცვლება.

„საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატის დაბარებას. აღინიშნა, რომ ეს დიპლომატიური ზომა შესაბამის წინაპირობებს ეფუძნებოდა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობებს და იმედოვნებს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლების საქმიანობა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის პრინციპების შესაბამისად გაგრძელდება.

„შეხვედრისას ასევე ისაუბრეს გრანტების შესახებ საქართველოს კანონზე. გერმანიის ელჩმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს სთხოვა, საქართველოს მთავრობამ დაუშვას გამონაკლისი გერმანული ორგანიზაციების მიერ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაცემული გრანტების შეთანხმების მიმართულებით. ლევან ჟორჟოლიანმა ელჩს გრანტების გაცემაზე თანხმობის მიღების პროცედურა განუმარტა და აღნიშნა, რომ კანონი ყველასთვის თანაბრად მოქმედებს, შესაბამისად საქართველოს მთავრობა დისკრიმინაციულ მიდგომებს ვერ დაუშვებს", - ნათქვამია მთავრობის ადმინისრრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რას ნიშნავს დაბარებების სერია

როგორ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ამბობს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ იმ პოლიტიკის ფარგლებში, რასაც ბოლო წლებია ატარებს, ელჩების მიმართულებითაც გადადგმულიყო ნაბიჯები.

„გერმანიის ელჩის პასუხი უკვე მოვისმინეთ და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სწრაფი რეაგირებაც ელჩის დაბარებაზე. ცხადია, რომ ეს ყველაფერი ორმხრივ ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება. მაგრამ, მეორეს მხრივ, ელჩების დაბარება ნიშნავს იმას, რომ „ოცნება", როგორც მმართველი პარტია, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ერთგვარად მოთმინებით ეკიდებოდა, თუ როგორ უგულებელყოფდნენ ცალკეული აკრედიტებული დიპლომატები ვენის კონვენციას - აკრიტიკებდნენ ჩვენი სასამართლოს განაჩენებს, შიდაპოლიტიკურ საკითხებს, აღარაფერს ვამბობ სასამართლოზე დემონსტრაციულ დასწრებაზე, დიდი ალბათობით მოსამართლეზე ზემოქმედების მიზნით და ა.შ.

„ეს ყველაფერი დაგროვდა და თუ სოცპლატფორმებს თვალს გადავავლებთ ჩვენს საზოგადოებაშიც დაგროვდა კითხვები, თუ ელჩების ასეთ მოქმედებებზე სახელწიფო რეაგირებას რატომ არ ახდენს.

„ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ იმ პოლიტიკის ფარგლებში, რასაც ხელისუფლება ბოლო წლებში ატარებს, ამ მიმართულებითაც გადადგმულიყო გარკვეული ნაბიჯები, რომ ელჩებისთვის ვენის კონვენცია შეეხსენებინათ; ასევე ის, რომ ისინი ელჩებად სუვერენულ სახელმწიფოში იმყოფებიან და არ გასცდნენ ჩარჩოებს. ეს მიანიშნებს, რომ „ოცნება" თანმიმდევრულად ატარებს იმ ხაზს დასავლეთის და ამ შემთხვევაში ევროკავშირის მიმართ, რაც ბოლო ორი წლის მანძილზე აირჩია", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნება" მტრის ხატის შექმნას ცდილობს ელჩების სახით.

„ოცნება" ჩვენი პარტნიორების მიმართ იმ პოლიტიკას აგრძელებს, რაც ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე კობახიძის განცხადების შემდეგ ჩამოუყალიბდა. იქიდან მოყოლებული ჩვენი პირველი „საფრთხე" ევროკავშირისა და აშშ-სგანაა.

„ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს სხვა ქვეყანაში რევოლუციას, თუ ხალხი ხელისუფლებას მხარს უჭერს, ეს ზღაპარია. „ოცნებას" 2016 წელს არც პროპაგანდა და არაფერი არ სჭირდებოდა, საპარლამენტო არჩევნები კოლოსალური უპირატესობით ისე მოიგო. 2020-ში ცოტა გაუჭირდა, 2024-ში უკვე რეალური საფრთხე შეექმნა და ახლაც მშვენივრად იცის, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მას მხარს არ უჭერს. ამიტომაც მისთვის ახლა ყველაფერი საშიში და სახიფათოა. ამიტომაც ისრები რომ გადაიტანოს საზოგადოებაში არსებულ განწყობიდან, ახალი მტრის ხატის ძიებას იწყებს და მტრის ხატი ახლა ეს საქართველოში აკრედიტებული სრულუფლებიანი ელჩები არიან.

„იძახებენ იმ მოტივით, რომ ქვეყანაში მდგომარეობა ცუდი კი არაა, არამედ რევოლუციის ექსპორტს ახდეენ ევროპელები. საზოგადოებას თუ ამ 30-წლიანი გამოცდილებიდან ანალიზის გაკეთება შეუძლია, ხედავს, რომ თუ გამსახურდიას ხელისუფლების ცვლილებას არ ჩავთვლით, შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებების ცვლილებები ყოველთვის მაშინ ხდებოდა. როცა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არსებული ხელისუფლების მომხრე არ იყო.

„ამ ზღვარს ახლაც ვუახლობდეით. ჯერჯერობით არჩევნების გაყალბება მოახერხეს, მაგრამ ეს რეალობას და საზოგადოებაში არსებულ განწყობებს არ ცვლის. ამის ეშნიათ და ამ განწყობებზე სათამაშოდ, პროპაგანდისტულად ახალი მტრის ხატის შექმნა სჭირდება", - განაცხადა ძაბირაძემ.

შესაძლო საპასუხო ნაბიჯები

ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, რომ ამის საპასუხოდ ევროპიდან, სავარაუდოდ, იქნება განცხადებები საგარეო უწყების დონეზე, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ეს დამატებითი არგუმენტი აღმოჩნდეს საქართველოს წინააღმდეგ უფრო ხისტი ზომების გატარებაში.

„დასავლეთის პასუხი რა უნდა იყოს... დიდი ალბათობით, იქნება ის განცხადებები, რაც ჩვენ ვნახეთ გერმანიის საგარეო უწყების მხრიდან. დიდი ალბათობით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც გააკეთებს, მაგრამ ეს ზოგადად ხელს შეუწყობს ისედაც გაციებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაციებას და შეიძლება დამატებითი არგუმენტი აღმოჩნდეს მათთვის, ვინც ევროკომისიასა და ევროკავშირის სხვა სტრუქტურებში საქართველოსთვის სანქციებს და უფრო ხისტი ზომების დაწესებას ლობირებს, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერებას. ელჩების დაბარებები ორმხრივ ურთიერთობებზე დადებითად არ აისახება", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ რეაგირება იქნება, თუმცა დასავლეთი შეეცდება არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც საქართველოს მოსახლეობას დააზარალებს.

„ვნახოთ, ჯერ დასავლეთში რადიკალური ზომების მიღებას არ ჩქარობენ, თუმცა, ეს ყველაფერი არც უპასუხოდ არ დარჩება. ოღონდ რა გამოსავალს მოძებნიან, როგორ შეაფასაბენ და რას მოიმოქმედებენ, ვნახავთ. ისინიც საკმაოდ რთულ დღეში არიან - უნდათ, ხელისუფლებას ისეთი პასუხი გასცენ, რომ საქართველოს მოსახლეობა არ დაზარალდეს, იქნება ეს ვიზალიბერალიზაცია, თუ ეკონიმიკური სანქციები. პასუხი აუცილებლად იქნება, ოღონდ რა დონის, ამაზე საუბარი მიჭირს", - განაცხადა ანალიტიკოსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე