ევროპული ორგანიზაციები საქართველოს მშპ-ს პროგნოზს ზრდიან. ეს ხდება მაშინ, როდესაც ევროპაში "ქართული ოცნების” ხელისუფლებას აკრიტიკებენ და არჩეულ პოლიტიკასაც უწუნებენ, მაგრამ, მეორე მხრივ, ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს ძალიან დადებითად აფასებენ. საინტერესოა, როგორ არის ეს ორი ამბავი ერთმანეთთან თანხვერდაში და რა შეფასება შეიძლება მიეცეს ერთი მხრივ კრიტიკას და მეორე კუთხით განვითარებაზე საუბარს?
საქართველოს ეკონომიკური პროგნოზი ბოლოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გაზარდა და დაადასტურა, რომ ქვეყნის მშპ 2025 წელს 7%-ით მოიმატებს, რაც წინა პროგნოზზე 1%-ით მეტია.
"საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2024 წლის 9.4%-იდან 2025 წლის პირველ ნახევარში 8.3%-მდე შენელდა. ზრდას ხელს უწყობდა საკრედიტო ექსპანსია, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და განათლების სექტორების გაძლიერება და მომსახურების ექსპორტის ბუმი.
ინფლაცია, რომელიც 2024 წელს საშუალოდ 1.1% იყო, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში 3.5%-მდე გაიზარდა - ოდნავ მეტი, ვიდრე ეროვნული ბანკის 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებელი. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კი უცვლელად 8%-ზე ნარჩუნდება.
ფისკალური და საგარეო პოზიციები სტაბილურად გამოიყურებოდა, რასაც მხარს უჭერს ტურიზმის მდგრადი პოზიცია. თუმცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2024 წელს და 2025 წლის დასაწყისში შემცირდა, რაც ინვესტორთა სიფრთხილის შედეგია.იამავდროულად, საერთაშორისო რეზერვები 2025 წლის აგვისტოში 5.2 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, რაც სამ თვეზე მეტი იმპორტის დაფარვას უზრუნველყოფს.
2025 წლისთვის ეკონომიკური ზრდა 7%-ზე არის ნავარაუდევი, ხოლო 2026-ში 5%-მდე შენელდება. პოზიტიურ რისკს შორისაა გარე მოთხოვნის გაძლიერება და მომსახურების სექტორის სტაბილური დინამიკა. ნეგატიურ რისკებს ქმნის გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელება, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება დემოკრატიული უკუსვლის გამო და ინვესტორთა მზარდი სიფრთხილე”, - წერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ანგარიშში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან, გარდა თურქეთისა, პროგნოზი შემცირებულია.
აღსაღნიშნავია, რომ ბანკი რეგიონში საქართველოს ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას უწინასწარმეტყველებს. ასე მაგალითად, სომხეთში ეს მაჩვენებელი 5%-ია, აზერბაიჯანში - 2%, თურქეთში - 3.1%, უკრაინაში - 5%, რუსეთი - 1.3%.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მსგავსად, ჯერ კიდევ ივლისში, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც 7.2%-მდე გაზარდა.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, რომლებიც რეალურ მონაცემებს ეფუძნება და არა რიგი ევროპოლიტიკოსის განცხადებები. როგორც ეკონომისტი ნოდარ კაპანაძე მიიჩნევს, `ის ხალხი, ვინც საქართველოს მუდმივად ამუნათებს, არიან უბრალოდ მოსაუბრე ადამიანები, რომელთა ბრიფინგების და პრესკონფერენციების უკან არაფერი არ დგას.
"დავიწყოთ იმით, რომ არსებობს ერთი ასეთი ტერმინი - ქარიშხალი ჭიქაში. შეფასებები, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა სააგენტოები ავრცელებენ, ეფუძნება რეალურ მონაცემებს, არის სიმართლე და არ არის ემოციები. ეს არის სტატისტიკა, რომელიც ემოციებისგან დაცლიალია, ხოლო ისინი ვინც არ ეთანხმებიან ამ მონაცემებს, საქართველოს დემოკრატიის უკუსვლას ადამაშაულებენ და წყევლისშემცველი ტერმინებით საუბრობენ, ემოციებიდან გამომდინარე მოქმედებენ. ის ხალხი, ვინც საქართველოს მუდმივად ამუნათებს და ქვეყნის მიმართ უარყოფით შეფასებებს აკეთებენ, არიან უბრალოდ მოსაუბრე ადამიანები, რომელთა ბრიფინგებისა და პრესკონფერენციების უკან არაფერი დგას. ხელმოწერილი, რეალური და დათვლილი დოკუმენტი არის ის, რასაც სხვადასხვა ეკონომიკური სააგენტოები ავრცელებენ.
რაც შეეხება იმას თუ რამდენად რეალურია მათი მონაცემები, იმ მეთოდოლოგიით, რომლითაც დათვლა ხდება. მართლაც ასეა. საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გაცილებით უფრო უკეთესია, ვიდრე ირგვლივ, სამეზობლოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ პრობლემები არ არის. პრობლემები, რა თქმა უნდა, არის, თუმცა საერთო მდგომარეობა პოზიტიურია. ასე რომ, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები რეალური მონაცემებს ეყრდნობა და არა ვიღაცის ემოციებს.
ევროპარლამენტის რომელიღაც ფრაქციის მიმდევრები ანგაჟირებულები არიან. იქ დღე ისე არ გავა, რომ რაღაც კორუფციული სკანდალი არ აფეთქდეს. ერთი და იგივე სახეები საქართველოში რაღაც პრობლემებზე საუბრობენ, თუმცა ეს არის მხოლოდ ვერსიები და ემოციები.
ეს ორი რამ ერთი შეხედვით ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც გითხარით, უფრო საიმედო არის ის შეფასებები, რომლებიც ეყრდნობა რეალურ მონაცემებს და არა ვიღაცის ემოციებს”, - განუცხადა ნოდარ კაპანაძემ "რეზონანსს”.
კიდევ ერთი ეკონომისტი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წევრი ბაჩო ჯინჭარაძე ფიქრობს, რომ საქართველოს მიმართ ეკონომიკური პროგნოზის ზრდა სავსებით ლოგიკურია.
"მე პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გავაკეთებ და შემიძლია ეკონომიკური მიმართულებით ვისაუბრო. საქართველოს მშპ-ს პროგნოზი მუდმივად უმჯობესდება და ეს სავსებით ლოგიკურია. ზოგადად, საერთაშორისო ორგანიზაციები თავიანთ პროგნოზებს, გარკვეულწილად, კონსერვატული მიდგომით აყალიბებენ და ურჩევნიათ, არ შეცდნენ თავიანთ ნათქვამში, რადგან საკმაოდ ავტორიტეტული ორგანიზაციები არიან. მას შემდგომ, რაც ხედავენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა გაცილებით დიდია, ვიდრე ისინი პროგნოზირებდნენ, რა თქმა უნდა, თავიანთ მოსაზრებას გადახედავენ ხოლმე და მოლოდინს აუმჯობესებენ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რეგიონში საპროგნოზო მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ჩვენ მოგვცეს, თანაც ისეთმა ორგანოზაციებმა, როგორიც არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და საერთაშიროსი სავალუტო ფონდი”, - განუცხადა ბაჩო ჯინჭარაძემ "რეზონანსს”.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე