პარტია „გახარია საქართველოსთვის" საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, ნებისმიერ ამომრჩეველს მიეცეს საშუალება, ფიქსირდება თუ არა არჩევნებში მისი მონაწილეობა, კონკრეტულად რომელ უბანსა და რომელსაათზე. იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციის მნიშნელოვანი ნაწილი და მისი მხარდამჭერები არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, ამას შეიძლება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს.
მსგავსი მოთხოვნით ექსპრემიერის პარტიამ ცესკო-ს ადრეც მიმართა, თუმცა უარი მიიღო ამომრჩეველთა „პერსონალური მონაცემების გასაჯაროების რისკის" მოტივით.
პარტიაში ხაზგასმით აცხადებენ, რომ საუბარია „არა პერსონალური მონაცემების გასაჯაროვებაზე", არამედ იმაზე, რომ მოქალაქის ჰქონდეს წვდომა საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციაზე. მათივე შეფასებით, ეს მოთხოვნა სრულ თანხვედრაშია ზოგადად საქართველოს, მათ შორის პერსონალური მონაცემების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან.
„იმის მოთხოვნა, რომ ამომრჩეველს შეეძლოს არჩევნების შემდეგ მოითხოვოს ინფორმაცია რომელ უბანზე მისცა მან ხმა, ან საერთოდ მისცა თუ არა ხმა, ამაში რაიმე უკანონოს ვერ ვხედავ", - ამბობს „რეზონანსთან" კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე და დასძენს, რომ ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტის ფონზე, შესაძლოა გახარიას პარტიასაც ეს მიზანი ჰქონდეს - რომ „გამოირკვეს არმისული ამომრჩევლის ნაცვლად, საარჩევნო ადმინისტრაციამ ხომ არ გაატარა ეს ამომრჩეველი, როგორც თითქოს მისული, რომ მან ხმა მისცა ვიღაცას".
რას ითხოვს გახარია
ექსპრემიერის პარტიამ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გასული წლის 29 ოქტომბერსაც მიმართა ცესკო-ს მსგავსი მოთხოვნით. მათ მოითხოვეს, რომ ცესკო-ს არჩევნებზე მისული მოქალაქეების ბაზა ნეიტრალური პლატფორმისთვის გადაეცათ, სადაც ამომრჩეველს ინდივიდუალურად შეეძლებოდა იმის ნახვა, იყო თუ არა ოფიციალურად დაფიქსირებული არჩევნებზე მისი მისვლა, რომელ უბანზე მისცა ხმა და რომელ საათზე. თუმცა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამაზე განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ბაზის შექმნა კანონითაა შეზღუდული და პერსონალური მონაცემების გასაჯაროების რისკს შეიცავს.
წელს, 23 სექტემბერს გახარიას პარტიამ კვლავ მიმართა ცესკო-ს და მოითხოვა არჩევნების შემდეგ დაუყოვნებლივ გახდეს შესაძლებელი ვერიფიკაცია გავლილმა ამომრჩეველმა გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები. კერძოდ, ფიქსირდება თუ არა მისი მონაწილეობა არჩევნებში და რომელ უბანზე ფიქსირდება მის მიერ მიცემული ხმა.
„მოთხოვნილია არა პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, არამედ მოქალაქის წვდომა საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციაზე. ზუსტად ისე, როგორც ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა, გადაამოწმოს საკუთარი თავი და იპოვოს თავისი საარჩევნო უბანი. საკუთარი ხმის გადამოწმების შესაძლებლობა ამომრჩეველს უნდა მიეცეს არჩევნების შემდეგ. შესაბამისად, ცესკოს მხრიდან არგუმენტად ვერ მიიღება არჩევნებამდე დარჩენილი დღეების რაოდენობა.
„ანალოგიური მოთხოვნა პარტიამ „გახარიასაქართველოსთვის" 2024 წლის არჩევნების შემდეგაც დააყენა. თუმცა, მაშინ სისტემამ, ფაქტობრივად, ეს მონაცემები დამალა და სიმართლის დადგენის შესაძლებლობა მძევლად აიყვანა. 2024 წლის არჩევნების შემდეგ, „ოცნებამ" საარჩევნო გარემო კიდევ უფრო დაამძიმა, შეცვალა კანონმდებლობა და სრულად მოარგო საკუთარ პარტიულ ინტერესებს.
„ასევე, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის" საზოგადოებას არაერთხელ მიაწოდა ინფორმაცია იმ ზეწოლებისა და დაშინებების შესახებ, რასაც „ოცნება" აქტიურად იყენებს კანდიდატების წინააღმდეგ, რის შედეგადაც რამდენიმე პირმა რეგისტრაციის შემდეგ საკუთარი კანდიდატურა ჩახსნა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მომავალ არჩევნებს ფაქტობრივად არცერთი სანდო საერთაშორისო ორგანიზაცია არ დააკვირდება", - აღნიშნულია პარტიის „გახარია საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კანონიერიერია თუ არა მოთხოვნა
როგორც კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, იმის მოთხოვნაში, რომ ამომრჩეველს მიეცეს საშუალება, გაიგოს მისცა თუ არა ხმა, ან რომელ უბანზე, უკანონობა არაფერია.
„იმის მოთხოვნაში, რომ ამომრჩეველს შეეძლოს არჩევნების შემდეგ მოითხოვოს ინფორმაცია რომელ უბანზე მისცა მან ხმა, ან საერთოდ მისცა თუ არა ხმა, ამაში რაიმე უკანონოს ვერ ვხედავ. თუმცა, ვის მისცა ხმა, ამ ინფორმაციას ვერ მიიღებს, რადგან ეს არ ფიქსირდება.
„მაგრამ ახლა პრობლემაა, ახლა ამომრჩეველი ცესკო-ს ვებ-გვერდის მეშვეობით ვერ მიიღებს ინფორმაციას, თუ რომელ უბანზე უნდა მისცეს მან ხმა. რამდენადაც მახსოვს, 12 სექტემბერს რამდენიმეჯერ ვცადე ცესკო-ს ვებ-გვერდის მეშვეობით გამერკვია რომელ უბანზე უნდა მიმეცა ხმა და ეს ინფორმაცია ვერ მივიღე", - ამბობს ხმალაძე.
მისი თქმით, გახარიას პარტიის მოთხოვნას აქვს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი მნიშვნელობაც.
„ვთქვათ, პირი არჩევნებზე არ მივიდა, შემდგომ მოითხოვა ინფორმაცია, რომ კომისიამ დაუდასტუროს რომელ უბანზე მონაწილეობდა იგი არჩევნებზე და თუ საარჩევნო ადმინისტრაციამ უთხრა, რომ კი, თქვენ არჩევნებში მონაწილეობა მიიღეთ ამა და ამ უბანზე და სინამდვილეში ამ პირს მონაწილეობა არ მიუღია, მაშინ ეს იქნება გონივრული ეჭვი იმის თაობაზე, რომ ამ პირის ნაცვლად ვიღაც სხვამ მისცა ხმა, რაც საარჩევნო კანონის და კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.
„ალბათ გახარიას პარტიის ინიციატივასაც ეს მიზანი აქვს, რომ გამოირკვეს არმისული ამომრჩევლის ნაცვლად საარჩევნო ადმინისტრაციამ ხომ არ გაატარა ეს ამომრჩეველი, როგორც არჩევნებზე თითქოს მისული და ხომ არ მისცა მან ხმა ვიღაცას, რადგან ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამიტომ ამ ინიციატივას აქვს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი მნიშვნელობაც. თუმცა, ცესკო ალბათ უარს ეტყვის.
„როდესაც ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე მიდის და ხმას აძლევს, ამის მერე მას აძლევენ ქვითარს, რომელზეც მან ხელი უნდა მოაწეროს, რომ ის ნამდვილად იყო მისული. ეს ქვითრები ინახება. ამიტომ ამომრჩეველს თუ აქვს პასუხი, რომ მან ამა და უბანზე ხმა მისცა და ამ უბანზე სინამდვილეში არ მისულა, მას შეუძლია გაასაჩივროს ეს და მოითხოვოს შემოწმება. მაშინ იმ უბანზე ქვითრები უნდა ამოიღონ და ნახონ ამ ამომრჩევლის ხელმოწერაა იმ ქვითარზე, თუ სხვისი. მსგავსი გაყალბება - ვითომ მივედი უბანზე და ვითომ ხმა მივეცი - შემოწმებადია, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ექნება საშუალება მოითხოვოს დაუდასტურონ მიიღო თუ არა მონაწილეობა არჩევნებში", - განაცხადა ხმალაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე