წელს ყველგან ნორმალური მოსავალია, ამიტომ მომავალ ზაფხულამდე მარცვლეულის ბაზარზე ვითარება სტაბილური იქნება
ქეთო გოგოხია
(25.09.2025)

ხორბლის იმპორტი ძვირდება, რაც გარკვეულ გავლენას ფასზეც მოახდენს. ამის მიზეზი რუსეთში ხორბლის ექსპორტის გადასახადის ზრდაა, რომელიც ფაქტობრივად გაორმაგდა. თუმცა ადგილობრივ ბაზარზე მკვეთრი საფასო ცვლილება მოსალოდნელი არ არის.  ფქვილის ბაზარზეც ჯერჯერობით სტაბილურობაა, კონკრეტულად რამდენით გაძვირდება პროდუქცია, იმპორტიორები  ვერ აკონკრეტებენ, თუმცა ირწმუნებიან, რომ ყველა პირობაა იმისთვის, რათა სტაბილურობა შენარჩუნდეს.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ხორბლის საექსპორტო გადასახადი 24 სექტემბრიდან თითქმის 50%-ით გაიზარდა. 1 ტონაზე გადასახადმა წინა კვირის 495.9 რუბლთან (5.93 დოლართან) შედარებით, 655.6 რუბლი (7.85 დოლარი) შეადგინა. 

ცვლილება მოქმედებს სიმინდზეც, სადაც  ტარიფი 1.9-ჯერ, ანუ ტონაზე 743.1 რუბლამდე (8.9 დოლარამდე) გაიზარდა, მაშინ, როცა წინა კვირას 398.2 რუბლი (4.8 დოლარი) იყო. ქერზე ისევ ნულოვანი გადასახადი დარჩა. ახალი ტარიფები 30 სექტემბრამდე იქნება ძალაში.

როგორც აღვნიშნეთ, გადასახადის გაძვირების გამო  ადგილობრივ ბაზარზე საფასო ცვლილება მოსალოდნელია, მაგრამ მკვეთრი სხვაობა არ იქნება. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ ,,რეზონანსთან" რამდენიმე ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება, რამაც ბაზარზე სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს.

,,დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, იმპორტზე ფასი მნიშვნელოვნად არ მოიმატებს. 5 დოლარიდან 8 დოლარამდე გაიზარდა ტარიფი, როცა თვითონ 1 ტონა ხორბლის ღირებულება 230 დოლარის ფარგლებშია. რეალურად 3-დოლარიანი სხვაობაა, რაც პროდუქციის ფასზე მცირედ აისახება. არც უახლოეს მომავალში ველდოებით მატებას, გამომდინარე იქიდან, რომ  რუსეთსა და ზოგადად მსოფლიოში ხორბლის ნორმალური მოსავალია, გარდამავალი მარაგებიც დიდია რუსეთში, შესაბამისად, რუბლიც მყარია. 

მცირე  მატება იქნება, ამაზე მიუთითებენ უცხოელი ექსპერტებიც. ცნობილია, რომ რუსეთი ხორბლის სეგმენტში ევროპის ბაზრებთან შედის კონკურენციაში. ეს გარკვეულწილად, ფასებზეც აისახება. რეგიონალურად პოლიტიკური დაძაბულობაა, მაგრამ პრობლემა ამ მომენტში გამოკვეთილი არ არის.

1 ტონა სასურსათო ხორბალი 820-840 ლარის ფარგლებშია, ხოლო ქართული ხორბალი 720 ლარი ღირს. ადგილობრივი მოსავლის აღება დამთავრდა, წელს ფერმერებმა ხორბლის შენახვა ამჯობინეს, რადგან მოლოდინი აქვთ, რომ ფასი კიდევ მოიმატებს.  ამდენად ოდნავი გაძვირება შესაძლებელია, თუმცა ჯერჯერობით  ეს მხოლოდ პროგნოზია“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტმა  ვლადიმერ პეტრიჩენკომ რუსული ბაზარი მიმოიხილა, სადაც აღნიშნა, რომ   სიმინდისა და ხორბლის მაღალი ფასები წელს არ დაფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ  ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განათავსა.

ექსპერტის შეფასებით, მაისში მარაგის შემცირება იყო მოსალოდნელი, თუმცა სიტუაცია აგვისტო-სექტემბერში შეიცვალა და პირიქით, გაიზარდა კიდეც.

„მარცვლეულის ბაზრის მდგომარეობის ყველაზე თვალსაჩინო მაჩვენებელი ფრახტის ბაზარია, - აღნიშნა პეტრიჩენკომ, - ნოვოროსიისკიდან ეგვიპტეში ტვირთის გადაზიდვა ტონაზე 13-14 დოლარი ღირს, ხოლო აშშ-ში ტონაზე 32 დოლარი და ეს ფასები სტაბილურია. დინამიკა დაახლოებით იგივე იქნება, რაც გასულ სეზონში. ჩვენ გვაქვს უფრო დიდიდ რეზერვი. გარე ფაქტორები ასევე არ უწყობს ხელს ექსპორტის ზრდას. ძირითადი საპროცენტო განაკვეთი მაღალი რჩება, ხოლო რუბლი-დოლარის გაცვლითი კურსი ძლიერია“.

მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ბენიაიძის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში საქართველოში ხორბლის ჩასაბარებელი ფასი 5 თეთრით ისედაც გაზრდილია და ახლა 1 კგ 70-72 თეთრი ღირს. ფასი შეიძლება კიდევ დაკორექტირდეს, რუსული ხორბლის გაძვირების პარალელურად.

,,გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ფერმერები ხორბალს 65 თეთრად აბარებდნენ, წელს დაახლოებით 70-72  თეთრის ფარგლებშია. რამდენადაც რუსული ხორბლის იმპორტი გვიძვირდება, გარკვეულ გავლენას იგი ქართული პროდუქციის ფასზეც მოახდენს. პურის ფასი კი შენარჩუნდება.  1 ტომარა ფქვილის ფასი 57 ლარია და არ მგონია მოიმატოს, თუმცა გაიაფების ტრენდი ამით დასრულდა, სანამ რუსეთი ექსპორტისთვის დაწესებულ გადასახადს ძალაში დატოვებს. 

ქართველი ფერმერები ჩიოდნენ, რომ მოთხოვნა არ არის, ამ მხრივაც შეიძლება შეიცვალოს ვითარება და რეალიზაცია ცოტათი დასტიმულირდეს.  72  თეთრი ხორბლისთვის, პრაქტიკულად, თვითღირებულებაა. იმედია, ფერმერები მცირე შეღავათ იგრძნობენ. 

გასათვალისწინებელია ყაზახეთის ფაქტორიც,  რომელიც ქართული ბაზრის ერთ-ერთი მომწოდებელია, ტრანსპორტირების სუბსიდირების ვადა კიდევ 1 წლით გახანგრძლივდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ყაზახური ხორბალი რა ფასად შემოვა“, - აღნშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ ,,რეზონანსთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ  მარცვლეულზე მცურავი საექსპორტო გადასახადის მექანიზმი, ანუ მარცვლეულის დემპფერი რუსეთში 2021 წლის 2 ივნისიდან ამოქმედდა. ის ხორბლის, სიმინდისა და ქერის ტარიფების ყოველკვირეულ კორექტირებას ითვალისწინებს, რის შედეგადაც მიღებული თანხა სოფლის მეურნეობის მწარმოებლების სუბსიდირებას უნდა მოხმარდეს. გადასახადი საბაზისო და საორიენტაციო ფასებს შორის სხვაობის 70%-ს შეადგენს.

2022 წლის ივლისიდან გამოთვლები რუბლებში გადაიყვანეს. ამჟამად ხორბლის საბაზისო ფასი ტონაზე 18.000 რუბლს (215.5 დოლარს), ხოლო ქერისა და სიმინდის 17.875 რუბლს (214 დოლარს) შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე