„ლელოს" 4 ოქტომბრისთვის თავისი სტრატეგია აქვს არჩეული: დილით - არჩევნებზე და საღამოს - აქციაზე. აქციაზე „ლელოს" ლიდერების გამოჩენას კი შესაძლოა დაპირისპირება მოყვეს, მითუმეტეს, რომ ამის პრეცედენტი უკვე არსებობს. უნდა მივიდეს თუ არა „ლელო" აქციაზე, მოყვება თუ არა ამას დაპირისპირება და როგორ იმოქმედებს ეს აქციის მსვლელობასა და მის შედეგებზე?
არჩევნებისადმი ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ძალები და განსაკუთრებით კი 4 ოქტომბრის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი „ნაციონალური მოძრაობა" მწვავედ აკრიტიკებს არჩევნებში მონაწილე „ლელოსა" და ექსპრემიერის პარტიას „გახარია საქართველოსათვის". მათი შეფასებით, ეს არჩევნები „რუსული სპეცოპერაციაა" და მასში მონაწილეობა მმართველ პარტიასთან გარიგებას ნიშნავს.
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი პირდაპირ მიანიშნებს, რომ 4 ოქტომბრის აქციაზე „ლელოს" წარმომადგენელთა მისვლას გარკვეული ექსცესები მოყვება. მისი შეფასებით, აქციაზე მათი გამოჩენის მიზანი აქციის დაშლაა,
„ის, ვინც ამბობს, რომ დილას არჩევნებზე მივიდეთ და საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში, აპირებს დილით რუსული სპეცოპერაციის ლეგალიზაციას და საღამოს აქციის დაშლას, როგორც არაერთხელ გაუკეთებიათ უახლოეს წარსულში. ორივე ივანიშვილის თამაშია!",-დაწერს სააკაშვილმა „ფეისბუქზე" 23 სექტემბერს.
6 აგვისტოს ინციდენტი
თბილისში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის დროს რუსთაველზე „ლელოს" წარმომადგენლის გამოჩენას ერთხელ უკვე მოყვა დაპირისპირება. ეს მოხდა 6 აგვისტოს, როდესაც რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია მივიდა.
აქციის მონაწილეების განაცხადებით, მათი უკმაყოფილების მიზეზი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ლელოს" მონაწილეობა გახდა.
„ლელო" არის კოლაბორანტი პარტია, რომელიც „ქოცებთან" ერთად ჩაირეცხება", - ისმოდა აქციის მონაწილეების მხრიდან.
სიტყვიერი დაპირისპირება მალე ფიზიკურში გადაიზარდა, რის შემდეგაც გრიგოლ გეგელიას და „ლელოს" სხვა წარმომადგენლებს რუსთაველის გამზირის დატოვებაც მოუწიათ. გეგელია ადგილიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს.
როგორც თავად გეგელიამ მედიასთან აცხადებდა, ადგილი არ ჰქონია არანაირ დაპირისპირებას და „ყველანი ერთ მხარეს დგანან".
იქნება თუ არა დაპირისპირება
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ 4 ოქტომბრის აქციაზე „ლელოსა" და ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს შორის დაპირისპირება ნაკლებად მოსალოდნელია.
„არ მგონია, რადგან იმ მომენტში არავინ იქნება ამით დაინტერესებული ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს შორის. ვფიქრობ, არც შეიმჩნევენ „ლელოს" ლიდერების გამოსვლას. შეიძლება ვიღაცამ რაღაც ცალკეულად მიაძახოს, მაგრამ მაინც მგონია, რომ (დაპირისპირება) არ მოხდება", - განაცხადა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძეს აზრითაც დაპირისპირება მოსალოდნელი არ არის.
„არ ველოდები, რომ იქნება რაღაც დაპირისპირებები. გინდ მისულან, გინდ მოსულან. იქნება მათ შორის პირადული ამბავი და თუ დასცხებენ ერთმანეთს იმისთვის, რომ ორგანიზატორობა ჩაიგდონ ხელში, მით უკეთესი იქნება. თუმცა, როგორც გითხარით, არ მგონია დაპირიპირება მოხდეს, რადგან ისინი ყველა ერთი ხელით მართულია. თუ პატრონებს აწყობთ - იქნება დაპირისპირება, თუ არ აწყობთ - არ იქნება.
„ვფიქრობ, ამას ქართველი ხალხისათვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან, არჩევნები მშვიდად ჩაივლის და 5 ოქტომბერი იქნება გამარჯვების კიდევ ერთი დღე იმ ძალაზე, რომელსაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა", რომელშიც მე „ლელოსაც" მოვიზრებ", - განაცხადა გვენეტაძემ.
იქონიებს თუ არა გავლენას ინციდენტები აქციაზე
ჩიტაძე ამბობს, რომ თუ მცირე ინციდენტები მაინც მოხდება, ეს აქციის მსვლელობაზე და მის შედეგებზე დიდ გავლენას ვერ იქონიებს.
„ჩემი აზრით, ასეთი მცირე ინციდენტები აქციაზე დიდ გავლენას ვერ იქონიებს და შესაძლოა, არც ჰქონდეს ამ ინციდენტებს ადგილი. კი, იყო მანამდე რაღაც შემთხვევები, როცა დაუპირისპირდნენ „ლელოს" წარმომადგენლებს. კი, იყო ეს ყველაფერი, თუმცა არ მგონია, რომ ეს 4 ოქტომბერს მოხდეს", - განაცხადა ჩიტაძემ.
ედიშერ გვენეტაძეც ასევე ფიქრობს, მსგავს ინციდენტებს აქციაზე გავლენა ვერ ექნება.
„რა თქმა უნდა, არ ექნება. რა გავლენა უნდა ჰქონდეს?! მე ვსაუბრობ ქართულ სახელმწიფოზე, თორე შიგნით ისინი ამდენი ხნის განმავლობაში ერთმანეთს აგინებდნენ და ახლაც ასეა, ეს ემართება ისეთ ძალებს, რომლებიც გარედან არიან მართული", - განაცხადა გვენეტაძემ.
უნდა მივიდეს თუ არა „ლელო" აქციაზე
ნიკა ჩიტაძეს აზრით, „ლელოს" მხარდამჭერები და პარტიის წარმომადგენლები აქციაზე უნდა მივიდნენ.
„ვფიქრობ, „ლელო" აქციაზე უნდა მივიდეს. რატომაც არა? რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება აქციაზე, მით უკეთესია", - განაცხადა ჩიტაძემ.
ედიშერ გვენეტაძეც ამბობს, რომ უნდა მივიდნენ აქციაზე, რადგან გამოჩნდეს, რომ „ყველა ერთი ხელითაა მართული".
„უნდა ამივიდნენ. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ყველა ერთი ხელითაა მართული. „ლელოს" ლიდერები დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას არ იღებენ, რასაც ეტყვიან გარედან, იმას გააკეთებენ", - განაცხადა გვენეტაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე