"მეტროს განვითარების გარეშე სატრანსპორტო კოლაფსი გარდაუვალია"
გვანცა წულაია
(24.09.2025)

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე ორი ახალი სადგური აშენდება, ერთი - ვარკეთილში, მეორე კი - გლდანში იქნება. დედაქალაქის მერიაში იმედი აქვთ, რომ სადგურების დამატებით შემცირდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში დახარჯული ჯამური მგზავრობის დრო, დაახლოებით, 576 საათით, რაც ქსელის განტვირთვის დამატებითი შესაძლებლობაა. მართალია, კახა კალაძის სატრანპორტო პოლიტიკას ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ ამჯერად სპეციალისტები ამბობენ, რომ მეტროპოლიტენის განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

როგორც ცნობილია, ვარკეთილის მიმართულების დაგრძელების ჯამური სირგძე იქნება 1,2 კილომეტრი, ხოლო გლდანის 1,1 კილომეტრი.  

„როგორც „ახმეტელის თეატრის", ისე „ვარკეთილის" მეტროსადგურზე განხორციელდება ახალი პროექტი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პირველ ხაზზე თითო სადგურით, ორივე მიმართულებით დავაგრძელოთ აღნიშნული მეტრო. კერძოდ, ვარკეთილის მიმართულებით, პერსპექტიული დაგრძელების ჯამური სირგძე იქნება 1,2 კმ. ახალი მეტროსადგური დილის პიკის საათში მიიზიდავს 4 500 მგზავრს. მაგალითისთვის, „ჰუალინგიდან" მეტროსადგურ „ვარკეთილის" მიმართულებით დღიური მინიმალური მგზავრთნაკადია 66 000 ადამიანი, რომელთა ნაწილიც შეძლებს, გადანაწილდეს და გამოიყენოს ახალი სადგური", - განაცხადა კახა კალაძემ.

ვარკეთილში მეტროსადგურის აშენება საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა და დიმიტრი ალექსიძის ქუჩების კვეთაზე იგეგმება. რაც შეეხება გლდანს, მეტროს ახალი ხაზი მეტროსადგურ ახმეტელიდან კენტ და ლუწ მიკრორაიონებს შორის, კერძოდ, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების გაყოლებაზე გაივლის.

„აღსანიშნავია, რომ ორივე საპროექტო სადგურის შემთხვევაში საგრძნობლად შემცირდება იმ მგზავრთა რაოდენობა, რომელსაც სადგურის მოედნამდე მისასვლელად სჭირდებოდა ორჯერ გადაჯდომა. ამასთან, შემცირდება მათი მგზავრობის საერთო დრო თითქმის 20 წუთით. პროექტი გააუმჯობესებს საფეხმავლო და მისაწვდომობას. მეტროსადგურების უახლესი უბნები მიზიდულობის წერტილებად იქცევა და გაიზრდება ეკონომიკური აქტივობა,“ - აღნიშნა კალაძემ.

მეტროპოლიტენის განვითარებას სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტები მიესალმებიან და იმედს გამოთქვამენ, რომ მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ, აღნიშნული გეგმა მაინც განხორციელდება, რადგან დედაქალაქს განტვირთვა ძალიანს სჭირდება. 

სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება "ჩემი ქალაქის მკლავს” დამფუძნებელმა გიორგი ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ თუ მსგავსი ტიპის პროექტი მართლაც განხორციელდება, ძალიან მნიშვნელოვან და კარგ შედეგს მივიღებთ.

"რა თქმა უნდა, ქალაქისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი ახალი მეტროსადგურის დამატება და მით უმეტეს ისეთ ადგილებში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაკადია. მეტრო ყველაზე სწრაფი ტრანსპორტია ნებისმიერ ქვეყანაში და ამიტომ მისი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ისეთ ადგილებში, სადაც საცობებია საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ემსახურება მოსახლეობის იმ ნაკადს, რომელიც ცხოვრობს კონკრეტულ უბნებში. ასე რომ, ძალიან კარგია მეტროსადგურების დამატება, რადგან ეს არის ყველაზე სწრაფი ტრანსპორტი, რომ მოსახლეობა გადაადგილდეს `ა~ პუნქტიდან `ბ~ ბუნქტამდე”, - განუცხადა "რეზონანსს” გიორგი ჯაფარიძემ. 

საცობები და მუდმივად გადაადგილების პრობლემა არა მხოლოდ თბილისს, არამედ ბათუმსაც აწუხებს, განსაკუთრებით კი ზაფხულის სეზონის პერიოდში, ამიტომ, როგორც ეკონომისტი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, ახლა უკვე ზღვისპირა ქალაქსაც სჭირდება მეტრო. 

"საქართველოში ურბანული დატვირთვით გამორჩეული თბილისისა და ბათუმისათვის სატრანსპორტო პრობლემები უკვე წლებია მწვავე გამოწვევად იქცა. ავტომობილების მზარდი რაოდენობა, ინტენსიური (და ხშირად ქაოსური) მშენებლობები, დაუგეგმავი ურბანული ზრდა - ყოველივე ეს ქალაქების მიწისზედა ტრანსპორტით გადაადგილებას სულ უფრო გაუსაძლისს ხდის.

ამჟამად საქართველოში ყოველ 100 შინამეურნეობაზე მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა საბჭოთა პერიოდთან შედარებით ხუთჯერ (ან მეტჯერ) არის გაზრდილი. და თუ თბილისში ხშირად გაიგონებთ მოქალაქეებისგან: „კიდევ კარგი, მეტრო გვაქვს - თორემ როგორ ვივლიდით?", ბათუმში ამგვარი კითხვის დასმის შანსიც არ არსებობს. ამიტომ ბათუმს მეტრო სჭირდება!.

ბოლო ათწლეულებში ბათუმი არა მხოლოდ განფენილობით, არამედ სიმაღლითაც მკვეთრად გაიზარდა. ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა უკვე საგრძნობლად აჭარბებს ოდესღაც ამ ინდიკატორით მეორე ქალაქად აღიარებულ ქუთაისს. ეკონომიკური და დემოგრაფიული ზრდის ტემპები ბათუმში მყარია და მზარდი. ამასთან, აჭარის სანაპირო ყოველწლიურად ასობით ათას ტურისტს მასპინძლობს, რაც, ბუნებრივია, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე დამატებით წნეხს ქმნის. არსებული მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესების გარეშე სატრანსპორტო კოლაფსი გარდაუვალია.

ბათუმის მეტროპოლიტენის მშენებლობის აუცილებლობა მაღალ დადებით კორელაციაშია ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობასა და მის მულტიფუნქციურ ექსპლუატაციასთან. ბათუმის ხელოვნური ნახევარკუნძულის დასრულება მისცემს ახალ სიცოცხლეს ტურისტულ ინფრასტრუქტურას - პრემიუმ კლასის ვილები, სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, გართობის სივრცეები, აპარტამენტები და კომერციული ობიექტები. ამ ყველაფრის კაპიტალიზაცია მოიზიდავს მაღალშემოსავლიან შინამეურნეობებსა და ბიზნესებს.

სწორედ მათთვის და არა მხოლოდ მათთვის, კომფორტული სატრანსპორტო ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მათი მოთხოვნები იქნება მაღალი - და ქალაქსაც მოუწევს პასუხის გაცემა. მეტროპოლიტენი გახდება ემოციურად და ეკონომიკურად სანდო პასუხი ამ საჭიროებაზე”, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე