„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" 31 - წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად, 2025 წლის 4 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებს ტრადიციული სადამკვირვებლო მისიით ვერ დააკვირდება. ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებაშია აღნიშნული. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საიას არყოფნა არჩევნებზე არ იმოქმედებს, რადგან საარჩევნო პროცესს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები დააკვირდებიან.
საია-ს შეფასებით, 2025 წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და მძიმე პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოში ტარდება.
"2025 წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და მძიმე პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოში ტარდება.
ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ გატარებული რეპრესიული პოლიტიკა, შემზღუდველი კანონების მიღება, ასევე, საარჩევნო კანონმდებლობით დამკვირვებლის სამართლებრივი ჩარჩოს გაუარესება, ჩვენთვის პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის სრულფასოვანი სადამკვირვებლო მისიის ფორმირებას და არჩევნებზე დაკვირვებას.
საია გააგრძელებს ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის დაცვას და მიმდინარე სამართლებრივი გარემოს შეფასებას საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს", - აღნიშნულია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებაში.
საია არჩევნებს თუ არ დააკვირდება, მისი გადასაწყვეტია. ამას არსებითი გავლენა ვერ ექნება, რადგან არჩევნებს არაერთი საერთაშორისო მისია დააკვირდება, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო სექტორის ჩაძირვის პროცესი მიმდინარეობს.
„ქვეყანაში რადიკალური ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო სექტორის ჩაძირვის ინტენსიური პროცესი მიმდინარეობს. საია-ს სარჩელები და საერთაშორისო მართლმსაჯულების სისტემაში მათი წარუმატებლობაც გვახსოვს. ალბათ საია უკვე ხედავს, რომ იმ მეთოდებს, რომლებსაც წინა წლებში წინასაარჩევნოდ იყენებდა, მათ შორის პროცესების ესკალაციისა და პროპაგანდისტური მესიჯების გავრცელების თვალსაზრისით, წელს ვეღარ გამოიყენებს.
დამხობისთვის თუ ისინიც ემზადებიან, სამართალი კარგად უნდა იცოდნენ. თუ არჩევნებს არ დააკვირდებიან, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ამას არჩევნებზე არსებითი გავლენა ვერ ექნება, რადგან არჩევნებს არაერთი საერთაშორისო მისია დააკვირდება", - განაცხადა ბითაძემ.
ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები ფარსია.
„ისინი ცდილობენ შექმნან ფარსი ამ რუსულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, თითქოს ამ ქვეყანაში რაღაცნაირი ტიპის არჩევნები ტარდება. რეალურად, ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული და რაც ოქტომბერში ტარდება, ეს არის რუსული სპეცოპერაცია."-განაცხადა ანი წითლიძემ.
ცნობისთვის, ადრე, განცახდება საიას გარდა გაავრცელა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამაც (ISFED), ორგანიზაციის მიერ გაკეთებული განცხადებით, ორგანიზაცია 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება.
თუმცა, განცხადების თანახმად, ISFED გააგრძელებს მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და შეფასებას.
შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს ეუთო/ოდირი აარ დააკვირდება. ODIHR-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო მონიტორინგს საფუძვლიანი მზადება სჭირდება", რაც ქართული ოცნების მოკლე ვადაში გაგზავნილი მოწვევის გამო ვერ მოხერხდება.
შეგახსენებთ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიული სიების, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები, რომელზეც საკრებულოს დეპუტატებსა და მერებს აირჩევენ, საქართველოში 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება.
ცესკოს ცნობით, არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია და პარტიული სია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე