მარიამ ვეკუა
(24.09.2025)

აშშ-ს პრეზიდნეტის დონალდ ტრამპის განცხადებამ, რომ „უკრაინა ახლა ისეთ ფორმაშია, რომ შეუძლია ქვეყანა თვდაპირველ ფორმაში დააბრუნოს", ხოლო რუსეთი „ქაღალდის ვეფხვია", უკრაინის პრეზიდნეტი სასიამოვნოდ გააკვირვა, ხოლო კრემლი უკმაყოფილი დატოვა. რას უკავშირდება ტრამპის კარდინალურად შეცვლილი რიტორიკა და როგორ იმოქმედებს ეს ომზე?

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საუბრობ, იმ სავარაუდო ფაქტორებზე, რომელებმაც აშშ-ს პრეზიდნეტს რიტორიკის ცვლილებისკენ უბიძგა.

„ტრამპი ცნობილია თავისი პოზიციების დიდი ცვალებადობით. ამ კონტექსტში, უკრაინაზე მისი ბოლო განცხადებები მოულოდნელი და გასაკვირი არ ყოფილა. ტრამპის ამ პოზიციის ცვლილებას რამდენიმე მიზეზი და ახსნა აქვს - უპირველესად იმის გამო, რომ ვერ მიაღწია იმ სასურველ სწრაფ შედეგს კონფლიქტის დასრულებაში, რის პირობასაც დებდა. არის ერთგვარი დაღლაც. თუმცაღა მას ხაზგასმით აქვს გადაწყვეტილი, რომ უკრაინას შეიარაღებით დაეხმაროს - ოღონდ ამ შეიარაღებას ყიდულობენ ევროპელები და ამერიკის გადასახადის გადამხდელი თავის ჯიბიდან არ იხდის.

კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია შიდა პოლიტიკური ვითარება შეერთებულ შტატებში: ორპარტიულად უკრაინის ბრძოლას მხარდაჭერა აქვს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტრამპი პოზიციების ცვლილებით ხშირად ავლენს თავის მომლაპარაკებლურ ტაქტიკას - ხან ხისტია, ხან თაფლაკვერი. ეს მისი სტილია. ამიტომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ცვლილება მოხდა, თუმცა არ უნდა იფიქროს მავანმა, რომ ახლა გამოვა და რუსეთთან ხისტ პოზიციას დაიჭერს. ამას როგორ გააკეთებს, როცა პუტინთან ეკონომიკურ კავშირებზე საუბრობს? ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც ემსახურება კიევისა და მოსკოვის დათანხმებას, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ."-განაცხადა აბაშიძემ.

გია აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა ევროპაზე და ევროპულ მხარდაჭერაზეც, აღნიშნავს, რომ მიუხედავად აშშ-ს მხრიდან ევროპაზე გაზრდილი წნეხისა, ევროპისთვის უმნიშვნელოვანესია აშშ-ს გვერდით ყოფნა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ იმის მიუხედავად, საგარეო საკითხებში შეერთებული შტატები ლოკომოტივია ევროპასთან შედარებით, მას მაინც უწევს ევროპელების აზრის გაზიარება. მეორე მხრივ, ევროპაშიც ბევრი პრობლემაა. ასევე, ვხედავთ იმ თვხედურ ქმედებებს, რასაც რუსეთი ევროპის ქვეყნებზე ახორციელებს - ვგულისხმობ საჰაერო აპარატების შეფრენას, კომერციული საიტების დაჰაკვას. ამიტომ ევროპას ახლა სასიცოცხლოდ მიაჩნია ამერიკის თანადგომა უკრაინის საკითხთან მიმართებით. მაგრამ არის ერთი დიდი „მაგრამ" - ამერიკას არ სურს გააგრძელოს ისე აქტიურად ჩარევა, როგორც ამას ბაიდენის ადმინისტრაცია ახორციელებდა"-განაცხადა აბაშიძემ.

რა თქვა ტრამპმა

ტრამპმა, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში რუსეთი "ქაღალდის ვეფხვად" მოიხსენია.მისი თქმით, პუტინი და რუსეთი დიდ ეკონომიკურ პრობლემებში არიან და უკრაინისთვის მოქმედების დროა.

"მას შემდეგ რაც გავეცანი და სრულად გავიგე უკრაინა/რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობა და მას შემდეგ, რაც დავინახე ეკონომიკური პრობლემები, რომლის წინაშეც რუსეთია, ვფიქრობ, რომ უკრაინა, ევროკავშირის დახმარებით, ისეთ პოზიციაშია, რომ - იბრძოლოს და დაიბრუნოს თავდაპირველ ფორმაში მთელი უკრაინა - დროის, მოთმინების და ევროპის და კონკრეტულად ნატოს მხარდაჭერით, თავდაპირველი საზღვრები, საიდანაც ეს ომი დაიწყო. რეალური ვარიანტია. რატომაც არა?.

რუსეთი სამ წელიწან-ნახევარი უაზროდ იბრძვის ომში, რომლის მოსაგებადაც ნამდვილ სამხედრო ძალას ერთი კვირა დასჭირდებოდა. ეს რუსეთს არ გამოარჩევს. რეალურად ეს მათ " ქაღალდის ვეფხვად" წარმოაჩენს. „უკრაინა შეძლებს თავისი ქვეყნის თავდაპირველ ფორმაში დაბრუნებას და, ვინ იცის, შეიძლება უფრო შორსაც წავიდნენ!

როგორც არ უნდა იყოს, ორივე ქვეყანას კარგს ვუსურვებ. გავაგრძელებთ ნატოსთვის იარაღის მიწოდებას, რათა შემდეგ ნატომ რაც უნდა ის გააკეთოს, ამ იარაღით",-წერს ტრამპი.

კრემლის ტრამპის განცხადებას მალევე გამოეხმაურა, კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალსიტებთან განაცხადა:

რუსეთი ვეფხვი ნამდვილად არ არის. ბოლოს და ბოლოს, რუსეთი უფრო დათვთან ასოცირდება. „ქაღალდის დათვები" არ არსებობენ, რუსეთი კი ნამდვილი დათვია",-თქვა პესკოვმა,

„გასაკვირია"

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, პოზიტიურ სიგნალად აფასებს,

Fox News-თან ინტერვიუში, კითხვაზე, გააკვირვა თუ არა ის დონალდ ტრამპის განცხადებამ, რომ უკრაინა ისეთ პოზიციაშია, რომ შეძლებს თავისი ქვეყნის თავდაპირველ ფორმაში დაბრუნებას და, ვინ იცის, შეიძლება უფრო შორსაც წავიდნენ, ზელენსკიმ უპასუხა :

"ცოტათი. დიახ. ანუ, მე დარწმუნებული ვარ ჩემს ხალხში, ჩემს არმიაში და შეერთებული შტატების მხარდაჭერაში, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო პოზიტიური იყო და მან აჩვენა, რომ სურს უკრაინის ბოლომდე მხარდაჭერა. ასე რომ, ახლა ჩვენ გვესმის, რომ მზად ვართ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ. მას ეს სურს, მეც მსურს, ჩვენს ხალხს ეს სურს, მაგრამ მან (ტრამპმა) გააცნობიერა, რომ პუტინს ეს არ სურს და ის ხედავს, რომ ის (პუტინი) არ იმარჯვებს, მაგრამ ყველას ეუბნება, რომ იმარჯვებს", - აღნიშნა ზელენსკიმ.

„ვხედავ - დიახ, ეს ჩემთვის გარკვეულწილად მოულოდნელი იყო, მართალი ხართ - მე ვხედავ ძალიან დადებით სიგნალს, რომ ტრამპი და ამერიკა ჩვენთან იქნება ომის დასრულებამდე", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

„ევროპამ მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს"

დონალდ ტრამპის კომენტარების შემდეგ ევროპამ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპა უფრო სუვერენული უნდა გახდეს.

„უნდა დავინახოთ, რისი მიღწევა შეგვიძლია. ბევრად მეტის მიღწევა შეგვიძლია. ყველა ევროპულ სახელმწიფოს არ შეუსრულებია ის, რასაც ისინი უკრაინას დაჰპირდნენ. უნდა ვნახოთ, რა ფინანსური და სამხედრო შესაძლებლობები გვაქვს", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადება, რომელშიც მან რუსეთს „ქაღალდის ვეფხვი" უწოდა, „კარგია როგორც უკრაინისთვის, ისე ევროპისთვის".

„პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა გააცნობიეროს, რომ პუტინთან მისი ძალისხმევა ჯერჯერობით უშედეგოა", - აღნიშნა იოჰან ვადეფულმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე