საქართველოს ხელისუფლებისა და ევროკავშირის ურთიერთობა მწვავე ფაზაშია - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებაზე ამბობს, რომ 4 ოქტომბრის აქციის სოლიდარობის გამოცხადება "ძალადობის თანამონაწილოებას" ნიშნავს. პაპუაშვილის თქმით, თუ იქნება ძალადობა, "პასუხისმგებლობა დაეკისრება ევროკომისიასაც".
ევროკავშირთან დაძაბულობის კონტექტში, პაპუაშვილმა კითხვას უპასუხა, სადაც ჟურნალისტმა განაცხადა, რომ სცადეს, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთვის კითხვები დაესვათ, თუმცა „მან კითხვები დაიწუნა და სამაგიეროდ თქვა, რომ აქტივისტებთან თანამშრომლობით ამაყობს". პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებთან "შესაბამის ტონში ისაუბროს".
აქვე აღსანიშნავია, რომ „ფორმულას" ინფორმაციით, საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა: „სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც გაბედულად და მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში, აწყობს დემონსტრაციებს ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის. ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიას, აყვავებას. ჩვენი გზავნილია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ უფლება მისცეს დემონსტრაციის, არ შეუშინდეს თავისუფალი მოქალაქეების პლურალიზმს, რომლებსაც სურთ, მათ ხმას მოუსმინონ".
ევროკავშირთან დაძაბულობა და 4 ოქტომბერი
პაპუაშვილის განცხადებით, „აბსოლუტური კატასტროფაა" ის, რომ ევროკომისიის პრესსპიკერი თავისი განცხადებით სოლიდარობას უცხადებს „4 ოქტომბერს დაანონსებულ დამხობასა და ძალადობას". მისი თქმით, თუ იქნება ძალადობა, პასუხისმგებლობა დაეკისრება ევროკომისიასაც მისი პრესსპიკერის განცხადების გამო.
„4 ოქტომბერს დააანონსეს დამხობა, ანუ ძალადობა. სწორედ ეს არის მთავარი საკითხი. მინდა ასევე შევეხო ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებას, რაც ჩვენ მოვისმინეთ, ეს იყო აბსოლუტური კატასტროფა, რაც ჩვენ მოვისმინეთ. პრესსპიკერი სოლიდარობას უცხადებს ლევან ხაბეიშვილის ორგანიზებულ 4 ოქტომბრის დამხობის ღონისძიებას. თქვა, რომ სოლიდარულია აქციის მონაწილეების მიმართ. რას უცხადებს სოლიდარობას, რომ გავითვალისწინოთ - „ნაციონალურმა მოძრაობამ" 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს არჩევნები და ხმის მიცემა, დააანონსა ძალადობრივი აქცია, დამხობა და ქვეყნის ატრიალება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ განცხადებით, ევროკომისიის პრესსპიკერი სოლიდარობას უცხადებს ლევან ხაბეიშვილის და „ნაციონალური მოძრაობის" მიერ 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციას.
„აბსოლუტური ღირებულებითი კატასტროფა არის, რაც ჩვენ ამ სიტყვებში ამოვიკითხეთ. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობის გაზიარება იმ შესაძლო ძალადობაზე, რაც „ნაციონალური მოძრაობის" დაორგანიზებული აქციიდან იქნება.
ამიტომ, მინდა გუშინდელი განცხადება კარგად დაიმახსოვროს ყველა ქართველმა და უცხოელმა- 4 ოქტომბერ თუკი იქნება რაიმე ძალადობა, ერთ ქვასაც თუ ვინმე გაისვრის პოლიციის მიმართულებით, აღარ ვსაუბრობ „მოლოტოვის კოქტეილებზე" და რაღაცებზე, ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, ამ ძალადობაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული აქვს გუშინდელი განცხადებით ევროკომისიას მისი პრესსპიკერის სახით. ეს უნდა აღიქვას ევროკომისიამ, საქართველო არავის სათამაშო არ არის.
"ქართველების ბედი, მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ბრიუსელის სათამაშო ინსტრუმენტი არ არის. ან არიან გულუბრყვილოები, მიამიტები და საერთოდ ვერ ხვდებიან, რასთან აქვთ საქმე. როგორ დაუტრიალდა ეს სიტყვა, რომ 4 ოქტომბერს ოფიციალურად დაანონსებულ ძალადობის აქციას, „ნაციონალურ მოძრაობას" სოლიდარობა გამოუცხადა. ქართულ ენაში ვერკვევი და სიტყვა „დამხობა" რას ნიშნავს ლიტერატურულად, რას ნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსში, ეს იცის საქართველომ თავისი 90-იანი წლების ისტორიით. ვინმეს თუ ჰგონია, აქ შტერი არავინ არის", - განაცხადა პაპუაშვილმა. პაპუაშვილი დასძენს, რომ "დღევანდელი ბრიუსელი საბავშვო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკას აწარმოებს".
ამასთან, პაპუაშვილი გამოეხმაურა გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის კრიტიკასაც, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ფიშერმა ელჩობის ვადა ერთი წლით გაიხანგრძლივა, რომელიც მომავალი წლის ივნისამდე გრძელდება. პაპუაშვილის თქმით, ელჩის მოვალეობაა ქვეყლენს შორის აშენებული ხიდის გამყარება და ამის მაგივრად. ფიშერმა "ყველა ხიდი დაწვა".
გოგა ხაჩიძის განცხადება
ხაჩიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ 10 000 ორგანიზებულ, მიზანმიმართულ ადამიანს შეუძლია, ნებისმიერი დაწესებულების, თუ ინფრასტრუქტურის ფიზიკურად პიკეტირება/ბლოკირება . პაპუაშვილის თქმით, ეს განცხადება „არასერიოზულია და რაც მთავარია, თავის თავს წარმოაჩენენ არასერიოზულად."
"მომღერლების რადიკალიზაციის ძალიან ცუდი ტენდენციაა - ხან ოპერის მომღერალია, ხან ისე მომღერალი. არასერიოზულია და რაც მთავარია, თავის თავს წარმოაჩენენ არასერიოზულად. მეორე მხრივ, ეს გვაჩვენებს ღირებულებით უფსკრულს, რომელშიც ჩვენი მოქალაქეების ეს ჯგუფია ჩავარდნილი.
ყველაფერზე არიან წამსვლელი, ოღონდ ძალაუფლების რაღაც მისხალი მიიღონ - წავლენ სისხლზე, ძალადობაზე, ნგრევაზე და ჩვენ ეს ვნახეთ მათი მმართველობის დროსაც, როცა ეს მომღერალი ადამიანი იმ ხელისუფლების ნაწილი იყო, რომელმაც საქართველოში წამების სისტემა შექმნა და დღეს საღლიცინოდ აქვს საქმე. ვნახეთ 2022 წელს, როცა ზუსტად ეს ადამიანები საქართველოს მეორე მსოფლიო შემდეგ ყველაზე სისხლისმღვრელ ომში ითრევდნენ.
"როცა ხალხი რუსთაველის გამზირზე იდგა და ითხოვდა, რომ საქართველო ამ ომის ნაწილი გამხდარიყო, შევსულიყავით ესკალაციაში. ითხოვდა არა იმიტომ, რომ მათ უკრაინა ან საქართველო ადარდებთ, არამედ იმიტომ, რომ მათ ადარდებთ ძალაუფლება და ამისთვის ყველას და ყველაფერს გაწირავენ. არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ რადიკალიზაცია და ძალადობა დათესონ საქართველოში", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის პოზიცია "ლელოზე"
"ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა: „თუ გავიღვიძეთ თბილისში, სადაც კუპრაძე არის მერი და საკრებულოში უმრავლესობა აქვს ოპოზიციას, ამათ ხომ „გაედოთ" ბაირამ-დუდუკში. გამოვა კუპრაძე მეორე დღეს და იტყვის, აბა, მიდი, გაფიცვების ორგანიზება, ბრძოლა. წარმოიდგინე, მუნიციპალური სამსახურები რომ იფიცებიან".
პარლამენტის თამვჯდომარის თქმით, „ლელო" არის თაღლითების პარტია, შექმნილი თაღლითობის მიზნით - იმ განცხადებით, რომ თუ რამე ძალაუფლებას მიიღებენ, ქალაქის კოლაფსს მოაწყობენ, პირდაპირ დაადასტურეს, რომ ეს არის საქართველოს წინააღმდეგ გარედან დაწერილი ერთიანი გეგმა".
ერეკლე მეორის ძეგლის გახსნა
თბილისში, ერეკლე მეორის ძეგლის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ერეკლე მეფის დაბადებიდან სამი საუკუნის განმავლობაში ყველა ნამდვილი ქართველი ეთაყვანებოდა და პატივს მიაგებდა მეფეს, რომელიც საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ დარჩა, როგორც სიმბოლო ბრძოლისა, გმირობისა, თავდაუზოგავი ღვაწლისა და შენებისა.
„დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს სახელოვან მეფეს, რომლის საბრძოლო ნათლობა 14 წლის ასაკში, ქიზიყში, ნეიშინის ველზე შედგა, სადაც მან ქიზიყელების რაზმთან ერთად პირველი სამხედრო გამარჯვება მოიპოვა.
სწორედ იქ შეარქვა ხალხმა ჯერ კიდევ უწვერულვაშო, მაგრამ მტრისთვის თავზარის დამცემ უფლისწულს პატარა კახი. ჩვენ დღეს ძეგლს ვუდგამთ ჩვენს სასიქადულო მეფეს, რომელიც, მშობლიური თელავის შემდეგ, ზუსტად ნახევარი საუკუნის განმავლობაში ელოდა ამ დღეს. ერეკლე მეფის დაბადებიდან სამი საუკუნის განმავლობაში ყველა ნამდვილი ქართველი ეთაყვანებოდა და პატივს მიაგებდა მეფეს, რომელიც საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ დარჩა, როგორც სიმბოლო ბრძოლისა, გმირობისა, თავდაუზოგავი ღვაწლისა და შენებისა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, მეფე ერეკლემ ჩვენი ქვეყანა ურთულეს ეპოქაში გამოატარა და ბოლომდე დაიხარჯა მის სამსახურში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე