პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გენერალური დებატების ფარგლებში გაეროს ტრიბუნიდან 25 სექტემბერს გააკეთებს მიმართვას, როგორც თავად წერს, ორგანიზაციის გენმდივანმა ანტონიო გუტიერეშმა მას მე-80 სესიის გახსნის ცერემონიაზე უმასპინძლა. ასევე, ცნობილი ხდება, რომ ყაველაშვილმა "კომუნიკაცია გამართა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც".
ყაველაშვილი ნიუ-იორკში 21 სექტემბერს გაემგზავრა. საკითხზე, რა იქნება"ოცნების" მთავარი გზავნილები, ანალიტიკოსები ამბიბენ, რომ ყაველაშვილი გააჟღერებს იმ განცხადებების შინაარსს, რაც აქამდე უკვე მრავალჯერ განუცხადებიათ "ოცნების" მაღალჩინოსნებს.
"ოცნებაში" ვიზიტს დადებითად აფასებენ, ოპოზცია კი მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ იმ წერილის დაკოპირებულ ვერსიას მოვისმენთ, რაც ყაველაშვილმა ცოტა ხნის წინ ტრამპს მისწერა.
ყაველაშვილი გაეროს სესიაზე
აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი აცხადებს, რომ ყაველაშვილი ტრამპის მიწვევით დაესწრო ოფიციალურ მიღებას.
„საქართველოს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის მიწვევით, დაესწრო ოფიციალურ მიღებას. ეს ღონისძიება გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტის და პირველი ლედის სახელით. აღსანიშნავია, რომ მიღების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა საზეიმო შეხვედრა, კომუნიკაცია გამართა დონალდ ტრამპთან.
"ოფიციალური მიღების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა აშშ-ის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებს. ეს კომუნიკაცია იყო მეგობრული, პოზიტიური გზავნილებით.
"ოფიციალური მიღების ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტმა მიმართა დამსწრე საზოგადოებას. ამ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერები" - განაცხადა ტალიაშვილმა.
თავად ყაველაშვილი წერს, რომ გაეროს ტრიბუნიდან სიტყვით 25 სექტემბერს მიმართავს.
"გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გახსნის ცერემონიაზე მიმასპინძლა.
"ღონისძიების ფარგლებში მოკლე აუდიენცია გავმართე კოლეგებთან.
"გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გენერალური დებატები დღეს გაიხსნა.
"გენერალური დებატების ფარგლებში, გაეროს ტრიბუნიდან მსოფლიოს ლიდერებს 25 სექტემბერს სიტყვით მივმართავ",- წერს ყაველაშვილი "ფეისბუქზე".
რა გზავნილები ექნება ყაველაშვილს
ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს. რომ იქნება ის გზავნილები, რასაც "ქართული ოცნება" აქამდეც აჟღერებდა - მშვიდობა რეგიონსა და მსოფლიოში, მრავალვექტორული საგარეო კურსი და ა.შ.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენელი ამ საერთაშორისო ტრიბუნიდანაც გააკეთებს განცხადებებს. რასაკვირველია, იქნება ის უწინდელი თანმიმდევრული გზვანილები, რაც შეეხება მშვიდობის უნიკალურობას გლობალურად და რეგიონულად.
იქნება აქცენტები იმაზეც, რომ საქართველომ დემოკრატიული გზიდან არსად არ გადაუხვია, ის თავისუფალი, თვითკმარი სუვერენული ქვეყანაა, რომელიც მზადაა ყველასთან იმეგობროს. ახორციელებს და კიდევ უფრო განავითარებს მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას, რაც მრავალი და მათ შორის, დასავლური ქვეყნების ტოპ პრიორიტეტებში შედის.
"საქართველოს დამუნათება, განსაკუთრებით კონგრესის ცალკეული წევრებისგან, თუ ევროპარლამენტისგან, რომ თითქოს, ხან ირანისკენ ვართ, ხან რუსეთისკენ და ხან ჩინეთისკენ, ეგ არაფერს არ ნიშნავს. ჩვენმა ე.წ. დამბულინგებლებმა საკუთარ ეკონომიკურ-სავაჭრო ურთერთობას გადახედონ და შეხედონ რა დინამიკაა, თუნდაც ევროპა-ჩინეთის ეკონომიკურ პროექტებში და თუნდაც ამერიკა-რუსეთს შორის.
"გზავნილები თითქმის იგივე იქნება, საქართველო რადიკალურად არ ცვლის თავის პოზიცია, ეს გზავილები საზოგადოების არჩევანს ეყრდნობა, რომელიც 2012 წლიდან "ქართულ ოცნებას" ირჩევს ხელისუფლების სხვადასხვა რგოლებში",- განაცხადა აბაშიძემ.
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ყაველაშვილს სიტყვით გამოსვლა არ ემარჯვება, თუმცა, სულ რომ ძველი ორატორები გააცოცხლონ, ვერ მოახერხებენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის კარგად წარმოჩენას.
"თუ რამე შეიძლება მოხდეს, ერთი ის, რომ მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდეს რა სამარცხვინო ხელისუფლება გვყავს, მეტი შედეგი ამას არაფერი არ ექნება. ყაველაშვილს სიტყვით გამოსვლა მაინცდამაინც არც ემარჯვება, მაგრამ მთლად ციცერონი, ძველი ბერძენი და რომაელი ორატორები რომ გააცოცხლონ, ისინი ვერ მოახერხებენ იმ პოლიტიკის კარგად წარმოჩენას, ცილივილიზებული სამყაროსთვის მისაღებად, რა პოლიტიკასაც ბიძინა ივანიშვილი ატარებს ამ ქვეყანაში.
"აქ პრობლემა სწორედ ამ პოლიტიკაშია და ამას ვერავინ ვერ გაათეთრებს, შეუძლებელია. როდესაც შენ ევროპა, ევროკავშირი და მთელი დასავლეთი მთავარ მტრად გყავს გამოცხადებული და იძახი, რომ მე აქ რასაც მინდა გავაკეთებ და თქვენ მაღიარეთ და ფულები მომეცით, ეს იმდენად არასერიოზულია, რომ, რა თქმა უნდა, ეს ყველასთვის მიუღებელი იქნება, უბრალოდ კიდევ ერთხელ შევრცხვებით, ეგ არის და ეგ.
"რა უნდა თქვას, იტყვის რაღაც სისულელეს, რომ ჩვენ ეკონომიკური წარმატება გვაქვს, მშვიდობისთვის ვიბრძვით და გვინდა ამერიკასთან ნულიდან დავიწყოთ ურთიერთობა - ასეთ რაღაცეებს იტყვის და ვინ ჭამს მაგას?!" - განაცხადა ზურაბიშვილმა.
რას აცხადებენ "ოცნებასა" და ოპოზიციაში
ენმ-ს გენერალური მდივანი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ მივისმენთ იმ განცხადების კოპირებულ ვერსიას, რაც ადრე ყაველაშვილმა დონალდ ტრამპს გაუგზავნა.
„გაეროში პრეზიდენტის რა განცხადება უნდა მოვისმინოთ? მოვისმენთ სუფლიორის მეშვეობით წაკითხულ განცხადებას, რომელიც კოპირებული იქნება იმ წერილიდან, რაც ვითომ დონალდ ტრამპს გაუგზავნა. ალბათ უფრო გამკაცრებული და უფრო მეტი ბოღმა ჩადებული, უფრო მეტი მაამებელი პოზიცია რუსული რეჟიმისა და პირადად პუტინისთვის, რათა იქიდან დაანახონ, რომ აქაც „ჩვენ შენს მხარდამხარ ვიბრძვით, ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
"გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან ვისაუბრებთ სწორედ იმ მთავარ თემებზე, რაც დღეს საქართველოს დღის წესრიგში დგას", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.
"გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მსოფლიო ლიდერები იკრიბებიან და საუბრობენ იმ მთავარ გამოწვევებზე, რაც დღეს მსოფლიოს, ჩვენი ქვეყნების წინაშე დგას. რა თქმა უნდა, საქართველოც გამოიყენებს ამ ფორმატს იმისთვის, რომ სწორედ ჩვენს გამოწვევებზე, ჩვენთვის აქტუალურ საკითხებზე იყოს აქ საუბარი.
"ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, როგორც მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი, მასპინძლობს ლიდერებს უმაღლეს დონეზე, მიღებაზე. ეს ყველასთვის, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტისთვის, კარგი შესაძლებლობაა, იმისთვის რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ჰქონდეს კომუნიკაცია", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე