მარიამ ვეკუა
(23.09.2025)

„ლელოს" ბოლნისის მერობის კანდიდატმა ასეფ ჩირაგოვმა საკუთარი კანდიდატურა „ქართული ოცნების" კანდიდატის, ზამურ ჭითანავას სასარგებლოდ მოხსნა. „ლელოში" აცხადებენ, რომ ოპოზიციურ კანდიდატებზე საარჩევნო წნეხი იზრდება, ხოლო ჩირაგოვის მიმართ განხორციელებულმა წნეხმა გადაწყვეტილების მიღებაზე პირდაპირ იმოქმედა. რა მოხდა რეალურად და შესაძლებელია თუ არა, რომ მსგავსი პრეცედენტები წინასაარჩევნოდ განმეორდეს?

მას შემდეგ, რაც ჩირაგოვმა კანდიდატურა მოხსნა, ბოლნისი გახდა ბოლნისი გახდა 29-ე მუნიციპალიტეტი, სადაც მერობისთვის მხოლოდ ერთი კანდიდატი - „ქართული ოცნების" წარმომადგენელი იყრის კენჭს.

„დავრწმუნდი, რომ „ქართული ოცნების" კანდიდატი ზამურ ჭითანავა მართლაც იზრუნებს ბოლნისის განვითარებასა და მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე, აღარ ვაპირებ ბატონ ზამურთან ხმების გაყოფას, გადავწყვიტე, საკუთარი კანდიდატურა მის სასარგებლოდ მოვხსნა", - ამის შესახებ ასეფ ჩირაგოვი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ლელოს" მიერ ბოლნისის მერობის კანდიდატად დასახელებიდან მალევე დარწმუნდა, რომ კონკრეტული ადამიანები ცდილობენ, მისი რესურსი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებისთვის გამოიყენონ.

„სამწუხაროდ, ძალიან მალე დავრწმუნდი, რომ კონკრეტული ადამიანები ცდილობენ, ჩემი რესურსი და გულწრფელი სურვილი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებისთვის, ინსტრუმენტად გამოიყენონ. მეორე მხრივ, დავრწმუნდი, რომ „ქართული ოცნების" კანდიდატი, ბატონი ზამურ ჭითანავა გამარჯვების შემდეგ მართლაც იზრუნებს ბოლნისის განვითარებასა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე", - წერს ჩირაგოვი.

მომხდარს გამოეხმაურა „ლელო - ძლიერი საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე. მისი შეფასებით, ბოლო კვირების განმავლობაში პარტიაზე ძლიერი ზეწოლა მიმდინარეობდა, ხოლო ჩირაგოვზე განხორციელებულმა ზეწოლამ ის საბოლოოდ კანდიდატურის მოხსნამდე მიიყვანა.

„4 დღის წინ ასეფ ჩირაგოვი დაუკავშირდა ჩვენს პარტიულ ორგანიზაციას, შეხვდა და გზავნილი გადმოგვცა, რომ მასთან მისი უახლოესი ნათესავი, მოქმედი პოლიციელი იყო მისული, რომელმაც მას თანხის დასახელება შესთავაზა კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ. ასეფ ჩირაგოვის პასუხი უარყოფითი იყო, მისი დამოკიდებულება „ქართული ოცნების" მიმართ იყო და, სავარაუდოდ, რჩება კრიტიკული. მას „ქართული ოცნება" რუსულ რეჟიმად მიაჩნია და გაგვაფრთხილა, რომ „ქართული ოცნება" სხვა მუნიციპალიტეტებში აგრძელებს მოსყიდვის, მუქარისა და შანტაჟის მცდელობებს.

„4 დღის შემდეგ, ასეფ ჩირაგოვმა მოხსნა კანდიდატურა. ცხადია, უნდა ვივარაუდოთ, როცა მოსყიდვის მცდელობამ არ იმუშავა ასეფ ჩირაგოვის წინააღმდეგ, შემდეგ ჩაერთო ბევრად უფრო ძალადობრივი, ბევრად უფრო მძიმე წნეხი, ან შანტაჟის მცდელობა ასეფ ჩირაგოვის წინააღმდეგ", - განაცხადა კუპრაძემ.

ბოლნისის პრეცედენტი „ნაცმოძრაობის" მხრიდან „ლელოს" კრიტიკის დამატებითი საფუძველი გახდა.

„ველოდები, რომ 4 ოქტომბრამდე მარტო კუპრაძე დარჩება კანდიდატად ყველა მუნიციპალიტეტის გამოსაგლეჯად. ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის მკაფიო და ცხადი. „ლელოს" გზა, რომელიც აირჩიეს ბიძინა ივანიშვილის პირის მოსაბანად ამ ე.წ. არჩევნებში რეალურად კი რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის სახით, არის ღალატი ბრძოლის, რასაც საქართველოს მოქალაქეების თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ჰქვია", - განაცხადა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ანი წითლიძემ.

ეს 4 ოქტომბრის არჩევნების წინ კანდიდატურის მოხსნის პირველი შემთხვევა არ არის. 15 სექტემბერს თავისი კანდიდატურა მოხსნა ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატმა პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის" ლალი წიქარიძემ. თუმცა, ამ შემთხვევაში ეს არ მომხდარა „ქართული ოცნების" ან არჩევნებში მონაწილე რომელიმე სხვა პარტიის წარმომადგენლის სასარგებლოდ და არც თავად პარტიას გაუკეთებია ამაზე დამატებითი განცხადება.

აღსანიშნავია ისიც, რომ 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მუნიციპალიტეტების 40%-ში ოპოზიციას მერობის კანდიდატი არ ჰყავს და მხოლოდ „ქართული ოცნების" კანდიდატები მონაწილეობენ.

უკვე დამკვიდრებული პრაქტიკა?

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ ასეთი რამ ყოველ არჩევნებზე ხდება და თუ კანდიდატი კონკურენტუნარიანია, ზეწოლა მასზე უფრო დიდია.

„ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა, ყველა არჩევნებზე ხდებოდა ასეთი რამ და ხდება ახლაც. ძირითადად ოპოზიციური კანდიდატები ხსნიან კანდიდატურას. ცხადია, ეს კანდიდატი თავსი ნებით არ მოხსნიდა კანდიდატურას. როგორც ამბობენ, მას ფული შესთავაზეს და შემდეგ ზეწოლა განხორციელდა. თუ კანდიდატი არის კონკურენტუნარიანი - და, როგორც ჩანს, ეს კანდიდატი იყო ასეთი - ასეთებზე ზეწოლა ყოველთვის იყო და დღესაც ხორციელდება ხელისუფლების მხრიდან. მოულოდნელი ამაში არაფერია, ჩვენს ქვეყანაში ასეთი რამ სულ ხდებოდა და დღესაც ხდება."

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციურ ველზე მოულოდნელობები გასაკვირი არ არის.

„წინასაარჩევნოდ ოპოზიციურ ველზე მოულოდნელობები ნამდვილად არ არის გასაკვირი, და ეს ბოლო წლების განმავლობაში ხშრად მომხდარა. რაც შეეხება კონკრეტული კანდიდატურის მოხსნას „ოცნების" სასარგებლოდ, მსგავსი რამ მანამდეც მომხდარა, როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდაც. თუმცა, აქ კიდევ სხვა პრობლემაა - „ლელოსა" და გახარიას პარტიას აქვთ სრული დაბნეულობა, გაუგებრობა, თვითონაც არ იციან, როგორ იმოქმედონ. ხალხს მოუწოდებენ, რომ ჯერ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, შემედეგ რუსთაველზე გავიდეთო, უბრალოდ ორთქლს გამოუშვებენ და მხარდამჭერებს სახლში გაუშვებენ, როგორც ყოველთვის. ზუსტად 4 ოქტომბრის მერე იქნება დიდი დავიდარაბა და არ გამორიცხავთ, რომ ლიდერებმაც კი დატოვონ პარტიები."

იქნება თუ არა სხვა მსგავსი შემთხვევები

გია აბაშიძე ამბობს, რომ მსგავს შემთხვევებს მასობრივი ხასიათი არ ექნება:

„ვერ ვხედავ, რომ კანდიდატურების მოხსნა მასობრივი იქნება. ცალკეულმა კანდიდატებმა შეიძლება მიიღონ ეს გადაწყვეტილება, თუმცა მასობრივი არ იქნება. მაგრამ ისიც გავითვალსიწინოთ, რომ შეკითხვებისგან გაქცეული გახარია არ ბრუნდება საქართველოში და როცა ლიდერი არ არის კონკრეტულ პოლიტიკურ ორგანიზაციაში, ადრე თუ გვიან ეს ორგანიზაცია ჩამოიშლება. ამის ნიშნები უკვე არის.

„რაც შეეხება „ლელოს", ამის ნიშნები იქაც არის. ვფიქრობ, ხაზარაძემ გააცნობიერა, რომ ტყუილად ხარჯავს ფულს „ტვ პირველისთვის", სხვადასხვა პრომოუშენისთვის, რადგან ხარჯვა ერთია, თუმცა დადებითი შედეგი - მეორე, რომელიც არ ჩანს."

ვახტანგ ძაბირაძე კი აღნიშნავს, რომ თუ „ოცნება" კონკურენტების გზიდან ჩამოშორების შესაძლებლობა ექნება, ამას აუცილებლად გააკეთენს.

„სადაც შეძლებს „ოცნება", რომ კონკურენტი მოიშოროს, რა თქმა უნდა, მოიშორებს. ზოგს მოისყიდიან, ზოგს დააშინებენ, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ოპოზიციას ძლიერი კანდიდატი ჰყავს. გასაკვირი არაფერია - იქნება გაცილებით ძლიერი ზეწოლა, ფულის შეთავაზება, ან რეპრესიული მექანიზმების გამოყენება, რათა კანდიდატურა მოხსნან.

„ძალიან ცოტა ადამიანი არსებობს, რომელიც ანდიდატურას სერიოზული ზეწოლის შემთხვევაშიც კარ მოხსნის. შეიძლება ვცდებოდე, თუმცა წარსული გამოცდილება ამას აჩვენებს", - განაცხადა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე