ლელოს წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებამ ,რომ „ყველა, ვინც არჩევნებზე არ მივა, ხელისუფლებას ეხმარება" - ენმ-ის უკმაყოფილება გამოიწვია. ენმ-ის წევრმა ირაკლი ფავლენაშვილმა სამადაშვილი „პარკეტის პოლიტიკოსად" მოიხსენია და აღნიშნა, რომ „მისნაირი პოლიტიკოსები ავტორიტარიზმს ვერასდროს დაამარცხებენ". მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციონერი ძალების დაპირისპირება მათთვის ახალი არ არის. რას აცხადებს ოპოზიცია და მმართველი პარტია და რამ გამოიწვია ახალი დაპირისპირების ტალღა ლელოსა და ენმ-ს შორის?
ლელოს პოზიცია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ასეთია: „დილით არჩევნებზე, საღამოს აქციაზე". თუმცა, სალომე სამადაშვილის განცხადებამ, რომ საპარლამენტო და საარჩევნო ბოიკოტს შორის დიდი განსხვავებაა და არჩევნებზე ყველა უნდა წავიდეს, ოპოზიციაში აზრთასხვაობა კიდევ უფრო გაამძაფრა.
სამადაშვილის თქმით, ივანიშვილს სურს, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი არჩევნებზე არ მივიდეს, და ეს გზა რეგიონში რუსეთსა და სხვა ქვეყნებს აქვთ გამოყენებული.
ამის შემდეგ, ენმ-ში „ლელოს" მიმართ კრიტიკული რიტორიკა გააქტიურდა. ირაკლი ფავლენაშვილი ხაზს უსვამს, რომ „მისნაირი პოლიტიკოსები ავტორიტარულ რეჟიმს ვერასდროს დაამარცხებენ
„სალომე სამადაშვილი და მისნაირი პოლიტიკოსები სინამდვილეში არიან ბიძინა ივანიშვილის მაშველი რგოლი ბოლო წლების მანძილზე, ეს ყველამ კარგად იცის. ასეთი პარკეტის პოლიტიკოსები ვერასოდეს დაამარცხებენ ავტორიტარულ რეჟიმს და ამიტომაც აქვთ ბრაზი იმ ხალხის მიმართ, ვინც რეალურად ებრძვის ავტორიტარიზმს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა
შეგახსენებთ, ნაციონალური მოძრაობა იმ პარტიებს შორისაა, რომლებიც 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და მონაწილეობას არ მიიღებენ,ხოლო შეგახსენებთ, პარტია „ლელო" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიასთან ერთად რამდენიმე თვეა აქტიურად ემზადება 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის.
„გასაკვირი არაფერია"
მმართველი პარტიაში აცხადებენ, რომ სალომე სამადაშვილის რიტორიკაში გასაკვირი არაფერია. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, „სამადაშვილის განცხადებები გასაგებია, რადგან მის მიმართ გაცემული დავალებაა, რომ „ლელოელი" ნაცები ძველ ნაცებს გაემიჯნონ და მხარდაჭერის მოპოვება სცადონ"..
გორდულაძემ აღნიშნა,რომ არჩევნებზე მათ ხალხის მხარდაჭერა ვერ ექნებათ.
„სალომე სამადაშვილი „ნაციონალური მოძრაობის", სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც ახლა გადაპორტირებულია „ლელოში". მისი განცხადებები გასაგებია, რადგან მის მიმართ გაცემული დავალებაა, რომ „ლელოელი" „ნაცები" ძველ „ნაცებს" გაემიჯნონ, ახალი ისტორია შექმნან და მხარდაჭერის მოპოვება სცადონ. მათ მხარდაჭერა როგორ უნდა ჰქონდეთ? ისინი კიდევ ერთ უარს 4 ოქტომბერს მოისმენენ", - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს, ხოლო ოპოზიციაში მიმდინარე პროცესს მათ სცენარის ნაწილს უწოდებენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები განცახდებები რომ „თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, მაგრამ საღამოს, რევოლუციურ სცენარს შევუერთდებითო" მათი დავალებებია,რომლებიც კრახით ვდასრულდება.
„ეს მათი გადალაგებებია, რომელიც კრახით დასრულდება, რადგან ქართველი ხალხი ასეთ მოთამაშეებს და ასეთ არასერიოზულ ხალხს მხარს არ დაუჭერს. შიდა დაძაბულობები ყოველთვის იყო.
როცა ერთად იყვნენ, ერთმანეთს მაშინაც ჭამდნენ. წარმოიდგინეთ, ესენი ერთად კოალიციურ მთავრობაში რომ იყვნენ, საქართველოში როგორი ქაოსი იქნებოდა. ამ ადამიანებს დიალოგის რესურსი არ აქვთ, არათუ ხელისუფლებასთან, არამედ ერთმანეთთან. მათი ინტელექტი ასეა მოწყობილი, რომ მუდმივად კონფლიქტების პროვოცირებით არიან დაკავებული. საქართველოში დესტაბილიზაციას სწორედ ასეთი ადამიანებით აპირებენ", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
რა თქვა სამადაშვილმა
„ლელოს" წევრმა, სალომე სამადაშვილმა, 21 სექტემბერს სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ყველა, ვინც არჩევნებზე არ მივა, ბიძინა ივანიშვილის "წისქვილზე წყალს ასხამს"
ჩემი აზრით, ეს არის ძალიან ღრმა შეცდომა. ყველა, ვინც არჩევნებზე არ მივა, პირდაპირ გეუბნებით, რომ ეხმარება ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ „ლელოს" წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„შენ როდესაც ხარ ოპოზიციონერი ამომრჩეველი და რეჟიმს არ უწევ წინააღმდეგობას საარჩევნო ყუთთანაც, ამით ეხმარები რეჟიმს საკუთარი პოზიციების განმტკიცებაში. ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არის კიდევ უფრო გამყარება საკუთარი პოზიციების. ის იტყვის, რომ არანაირი სხვა არჩევანი არ არსებობს, არანაირი სხვა პოლიტიკური პარტიები არ არიან, არჩევნებზეც კი ვერ გამოდიან პოლიტიკური პარტიები. ეს არის, პირიქით, გამყარება რეჟიმის", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა
სალომე სამადაშვილის შეფასებით, არჩევნების ბოიკოტი არის განსხვავებული მოვლენა საპარლამენტო ბოიკოტისგან.
„საპარლამენტო ბოიკოტი როცა შედგა, მათ შორის, საპარლამენტო ბოიკოტის შედეგია ის, რომ, მაგალითად, წულუკიანის მოღალატეობრივი კომისია არის არალეგიტიმური და მათ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება იქნება არალეგიტიმური. საარჩევნო პროცესი არის ბრძოლის პროცესი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან პატივს ვცემთ ყველას, ვინც არის აქტიურად ჩართული პროტესტში, ოღონდ პატივი უნდა ვცეთ იმ მოქალაქეებსაც, ვინც არის ამ პროტესტის მიღმა და არის უამრავი ასეთი მოქალაქე, რომელიც ელოდება, რომ პოლიტიკური ბრძოლა შედგება, მათ შორის საარჩევნო პროცესში. ჩვენ ამას ასე ვუყურებთ, განსხვავებული მოცემულობაა არჩევნები და განსხვავებული მოცემულობაა პარლამენტი", - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე