რუსული სამხედრო ავიაციის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ, როდესაც სამი MIG-31 ფინეთის ყურის თავზე ნებართვის გარეშე შევიდა, ტალინმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოითხოვა. სხდომაზე განხილული იქნება არა მხოლოდ ეს ინციდენტი, არამედ რუსეთის მიერ რეგიონში დაძაბულობის შესაძლო ესკალაციის რისკიც. როგორ აპირებს ნატო რუსული მფრინავი ობიექტებისაგან თავდაცვას და რა მოხდება თუ ალიანსი თავის საჰაერო სივრცეში რუსულ თვითმფრინავს ჩამოაგდებს.
ამ კითხვებზე საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია გვპასუხობს, ექსპერტმა ყურდღება ესტონეთის თავდაცვით სისტემაზეც გაამახვილა, აღნიშნავს, რომ შემთხვევით რუსული გამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო ზოლში ვერ აღმოჩნდებოდა:
„ესტონეთი უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს, იმიტომ რომ იქ თანამედროვე ტიპის MiG-31 სამხედრო გამანადგურებელი შეფრინდა და დემონსტრაციულად მოახდინა სიმულაციური შეტევის განხორციელება. რუსეთი ამბობს, რომ შემთხვევით შევარდა, თუმცა, შემთხვევითობა გამორიცხულია: მოგეხსენებათ, მანამდე 25 საბრძოლო დრონი პოლონეთშიც შეიჭრა - ლამის დედაქალაქ ვარშავამდე განახორციელეს იმიტაციური დარტყმა ერთ-ერთ სამხედრო ობიექტზე. ესეც, ბუნებრივია, ამ კონტექსტში უნდა მოვიაზროთ.
რაც შეეხება ესტონეთის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას: ბალტიისპირეთში არსებობს ე.წ. „ბალტიისპირული გუშაგი", რომელიც ახორციელებს საჰაერო მონიტორინგს - ეს დანიის, შვედეთისა და ბრიტანეთის ერთგვარი ინიციატივაა, რომელიც ნატოს ჩრდილოეთის ფლანგზე მონიტორინგს ეწევა, რათა ასეთი შეჭრა გამორიცხოს. ესტონეთი იმითაცაა ძლიერი, რომ აქვს განვითარებული სამხედრო-კიბერ თავდაცვის მექანიზმები. როგორც ჩანს, ესტონეთი მოსთხოვს ნატოს, რომ განლაგდეს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები -რომლებიც სწორად იქნება კომბინირებული, როგორც საჰაერო საფრთხისგან თავის დაცვის საშუალება."
კითხვაზე, რა მოხდება თუ ალიანსი თავის საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავს ჩამოაგდებს, მაისაია გვპასუხობს რომ „ეს არაფერს ნიშნავს" და პარალელს ავლებს თურქეთთან, როცა ნატოს წევრმა სახელწმიფომ თავისივე ტერიტორიაზე რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო.
„მაგალითად, რუმინეთმა არ ჩამოაგდო რუსული დრონი - ფაქტობრივად გააძევეს დრონი. პრინციპში, თუ ნატოს საჰაერო სივრცეში მოხდა რუსული დრონის ჩამოგდება, ეს არაფერს ნიშნავს. გავიხსენოთ 2015 წელი, როცა თურქეთმა ნატოს საჰაერო სივრცეში ჩამოაგდო რუსული თვითმფრინავი: მაშინ დაიღუპა ერთი მფრინავი, მეორეც დაიჭრა. თურქეთმა მოგვიანებით ბოდიშიც მოუხადა რუსეთს;
მაშინ რუსეთის მხრიდან ამას მოჰყვა სამხედრო ინტერვენცია სირიაში, თურქეთმაც მოიხადა ბოდიში და კომპენსაციაც გადაუხადა დაღუპული მფრინავის ოჯახს. ამ დღევანდელ კონტექსტში ბოდიშის მოსახდელი არაფერი იქნება და ნატოს აქვს შესაძლებლობა, რომ განეიტრალოს რუსული თვითმფრინავები."-განაცხადა მაისაიამ.
ათვლის წერტილი
გაერო-ს უშიშროების საბჭო, 23 სექტემბერს რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხს განიხილავს, -ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ესტონეთმა საგანგებო სხდომის ჩატარება მას შემდეგ მოითხოვა, რაც პარასკევს სამი რუსული MiG-31 გამანადგურებელი მის საჰაერო სივრცეში, კონკრეტულად, ფინეთის ყურის თავზე ნებართვის გარეშე შეიჭრა.
გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა, რომ საგანგებო სხდომა ორშაბათს, აღმოსავლეთის დროით დილის 10 საათზეა დაგეგმილი.
„ესტონეთის თავზე ნატო-ს საჰაერო სივრცის აშკარა, უგუნური და უხეშად დარღვევის საპასუხოდ, როდესაც შეიარაღებული MiG-31 გამანადგურებლები 12 წუთით შემოიჭრნენ ჩვენს ტერიტორიაზე, 22 სექტემბერს გაერო-ს უშიშროების საბჭო ტერიტორიული მთლიანობის ამ დარღვევისა და ძალის გამოყენების მუქარის აკრძალვის დარღვევის საკითხის განსახილველად შეიკრიბება", - აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ საჰაერო სივრცეში ეს შეჭრა კიდევ ერთი საშიში აქტია, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული და გლობალური დაძაბულობის ესკალაციას, რადგან რუსეთი - გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი - აგრძელებს აგრესიის ომს უკრაინის წინააღმდეგ.
„რუსეთის უგუნური და აგრესიული ქმედებები, ასევე საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს წესდების პრინციპების დარღვევები, მოითხოვს ძლიერ და ერთიან საერთაშორისო რეაგირებას", - აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მისი თვითმფრინავების ესტონეთის საჰაერო სივრცეში შესვლა უარყო და დაჟინებით მოითხოვა, რომ ფრენები „საერთაშორისო წესების მკაცრი დაცვით" განხორციელდეს.
აღსანიშნავია,ისიც, რომ უკრაინამ ასევე წარადგინა მოთხოვნა იმის შესახებ, რომ უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწროს და საკუთარი პოზიცია წარადგინოს,მოთხოვნა გაეგზავნა კორეის რესპუბლიკას, რომელიც საბჭოს მონაცვლეობით თავმჯდომარეობს.
„34 წლის შემდეგ პირველად, ესტონეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა", - დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ X-ზე.
„ეს აჩვენებს აგრესიული რუსეთის მიერ ევროპის სტაბილურობისთვის შექმნილი საფრთხის უპრეცედენტო მასშტაბს".
საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ, ესტონეთმა ასევე მოითხოვა ნატოს მე-4 მუხლის დაკავშირებით კონსულტაციების გავლა, მექანიზმი, რომელიც ნებისმიერ წევრს საშუალებას აძლევს ოფიციალურად მიიტანოს საკითხი ალიანსის მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს წინაშე. შეხვედრა ამ კვირაში გაიმართება.
ესტონეთი ბოლო დღეების განმავლობაში ნატოს მეორე წევრ სახელწმიფოა , რომელმაც მე-4 მუხლის გააქტიურების შესახებ კონსულტაციები მოითხოვა, მანამდე კი იყო პოლონეთი, რომელმაც ეს მოთხოვნა გააჟღერა, მას შემდეგ, გასულ კვირას მის საჰაერო სივრცეში რამდენიმე რუსული დრონი და გამანადგურებელი შეიჭრა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე