ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი შეითანხმა, რომელიც პარასკევს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ოფიციალურად წარმოადგინა. ეს პაკეტი გულისხმობს რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის 118 გემისა და გადახდის სისტემა „მირ"-ისთვის შეზღუდვების დაწესებას და ასევე ევროპის მიერ რუსულ გაზზე სრული უარის თქმის ვადის ერთი წლით შემცირებას.
ამ წინადადების თანახმად, რომელიც ბლოკის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ უნდა დამტკიცდეს, ევროკავშირი რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის სრულად შეწყვეტას 2028 წლის 1-ლი იანვრის ნაცვლად, 2027 წლის 1-ლი იანვრისთვის გეგმავს.
„იზრდება საფრთხეები ჩვენი კავშირისთვისაც. ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსულმა დრონებმა ევროკავშირის საჰაერო სივრცე დაარღვიეს როგორც პოლონეთში, ასევე რუმინეთში... ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავალი რუსეთის საომარ ეკონომიკას უზრუნველყოფს და ჩვენ გვსურს ამ შემოსავლების შემცირება.
„ამიტომ, ჩვენ ვკრძალავთ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს ევროპულ ბაზრებზე. დროა, ონკანი დავკეტოთ", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა კი„იქსზე" დაწერა, რომ 2027 წლის 1-ლი იანვრისთვის რუსული თხევადი აირის იმპორტი უნდა შეწყდეს.
ბუნებრივი აირის გარდა, სანქციები ასევე რუსეთის ტანკერების ჩრდილოვანი ფლოტისა და კრიპტოვალუტასაც შეეხება.
ფონ დერ ლეიენმა და კალასმა ახალი სრული დეტალები არ გააჟღერეს, თუმცა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სანქციების ახალი პაკეტი ასევე ეხება ცენტრალური აზიის ბანკებსა და ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს.
„ახლა ჩვენ მათ ვეჯიბრებით მათ, ვინც რუსეთის ომს ასტიმულირებს და ვინც სანქციების გევრდის ავლით ყიდულობს ნავთობს. ჩვენ მათზე ვმოქმედებთ, ეს ეხება ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობით მოვაჭრეებს, მათ შორის ჩინეთში", - ამბობს ფონ დერ ლაიენი.
ევროპელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით „როიტერსთან" განაცხადა, რომ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის სრული აკრძალვის დაჩქარება პრიორიტეტი მას შემდეგ გახდა, რაც ფონ დერ ლაიენი ამ კვირაში ტრამპს ესაუბრა
ევროსტატის მონაცემებით, რუსეთის წილი ევროკავშირის თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტში 2021 წლის პირველ კვარტალში არსებული 22%-დან 2025 წლის მეორე კვარტალში 14%-მდე შემცირდა. დღეისათვის რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს ესპანეთი, ბელგია, ნიდერლანდები და საფრანგეთი ახორციელებენ. „თურქული ნაკადის" მეშვეობით კი რუსული ბუნებრივი აირი სლოვაკეთს, უნგრეთსა და ბულგარეთს მიეწოდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე