ნატალია ჯვარიძე
(19.09.2025)

 ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან კირ სტარმერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, დღეს უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი იღუპება, ვიდრე უკრაინელი და იმედი გამოთქვა, რომ მალე კარგი ამბები ექნება.

"მან [პუტინმა] იმედი გამიცრუა. ბევრ ადამიანს კლავს და ის უფრო მეტ ადამიანს კარგავს, ვიდრე კლავს. სიმართლე რომ გითხრათ, უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი კვდება, ვიდრე უკრაინელი. კი, მან [პუტინმა] იმედი გამიცრუა, არ მომწონს ეს. იმედია, მალე კარგი ამბები გვექნება თქვენთვის", - დასძინა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპის თქმით, ის მზად არის რუსეთის მიმართ რაღაცები გააკეთოს, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, როდესაც ევროპელები რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ. მისივე თქმით, ნავთობის ფასი თუ დავარდება, პუტინს გარიგებაზე წასვლა მოუწევს.

„ძალიან მარტივად რომ გითხრათ, ნავთობის ფასი თუ დავარდება, პუტინს გასვლა მოუწევს, არჩევანი არ ექნება, ამ ომიდან გასვლა მოუწევს. და როდესაც აღმოვაჩინე, რომ ევროპული ქვეყნები რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ... მზად ვარ სხვა რაღაცებიც გავაკეთო, მაგრამ მაშინ არა, როდესაც ხალხი, რომლისთვისაც ვიბრძვი, რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს. ნავთობის ფასი თუ დავარდება, ძალიან მარტივად, რუსეთს გარიგება მოუწევს", - განაცხადა ტრამპმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფიქრობს, რომ ტრამპი იმდენად არაპროგნიზირებადი ფიგურაა, რთული გასაგებია, რა შეიძლება გააკეთოს.

„არაერთ დასავლელ პოლიტიკოსსა და მიმოხილველს აღნიშნული აქვს, რომ ტრამპი არაპროგნოზირებადი ფიგურა არის და როცა დღეს, ერთ რაღაცას იტყვის, ხვალ სულ სხვა რაღაცას აკეთებს, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკაში. ის, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ბრიტანეთში სტუმრობისას თქვა პუტინზე იმედგაცრუების თვალსაზრისით, უფრო ღრმა და ხისტი არ იყო, როგორც ბრიტანეთის მთავრობა ელოდებოდა. ამას თავად ბრიტანელი პოლიტიკური ექსპერტები აღნიშნავენ.

პრემიერ სტარმერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე არ იყო მკვეთრი პოზიცია პუტინთან დაკავშირებით. აქ კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა, რომ ყველას მოუწევს დათმობებზე წასვლა. სამწუხაროდ, აქ არის უკრაინელებისთვის დიდი ძაღლის თავი დამარხული. დათმობა რა არის, თუ არა ტერიტორიების გადაცემა ოკუპანტი რუსეთისთვის.

გასაგებია, რომ ნავთობის ფასი დაეცემა. თან ერთია განცხადება და რეალობა სხვაა. ამ ხნის განმავლობაში ვხედავთ, რომ რუსეთზე დაწესებული მრავალპაკეტიანი სანქციები არ მოქმედებს. თან ისიც გავითვალისწინოთ, რომ სლოვაკეთი და ტრამპის უახლოესი თანამოაზრე, ორბანი, ანუ უნგრეთი, კიდევ დიდხანს არ აპირებენ, უარი თქვან ენერგოშემცველებზე.

საკმაოდ რთული მოზაიკაა, მაგრამ როგორც ჩანს, ტრამპი ერიდება, რომ კრემლზე ხისტად ისაუბროს, რასაც მისი წინამორბედები აკეთებდნენ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ტრამპი ბიზნესგარიგებების პოლიტიკოსია და მას სხვადასხვა შემთხვევებში კონკრეტული ხეირი აინტერესებს, რომელიც ფინანსებში გამოიხატება. კიდევ უფრო ცხადი ხდება, რომ ტრამპის სიტყვა და საქმე რადიკალურად განსხვავებულია",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე