მარიამ ვეკუა
(18.09.2025)

16-18 ოქტომბერს კუალა-ლუმპურში დაგეგმილ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის („ასეან") სამიტს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპიც დაესწრებიან. ამის შესახებ განცხადება სამიტის მასპინძელი მალაიზიის პრემიერმა ანვარ იბრაჰიმმა გააკეთა. თუმცა, კრემლსა და თეთრ სახლში ეს ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.

იბრაჰიმის თქმით, სამიტზე ჩინეთს სახელმწიფო საბჭოს პრემიერ-მინისტრი ლი ციანგი წარმოადგენს. შეხვედრას ასევე ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტები, ლუის ინასიუ ლულა და სილვა და სირილ რამაფოსა დაესწრებიან

„ღონისძიებას ასევე დაესწრებიან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი ციანგი", - განაცხდა მალაიზიის პრემიერმა.

აღსანიშნავია ისიც,რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი დაემატა იმ მსოფლიო ლიდერების სიას, რომლებიც მომავალ თვეში კუალა-ლუმპურში „ასეანის" სამიტს დაესწრებიან. ასევე მოსალოდნელია იაპონიის, სამხრეთ კორეის, კანადის, იტალიის, ევროკავშირის ლიდერების ჩასვლა კუალა ლუმპურში.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ „ასეან"-ს პლუს ერთ ან სამ ქვეყანაზე. ჩვენ ვსაუბრობთ აზიის, ევროპის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ლიდერებზე. ეს იქნება მნიშვნელოვანი ამოცანა მომავლისთვის", - განაცხადა ანვარ იბრაჰიმმა.

მისი თქმით, სამიტის მონაწილეთა ასეთი შემადგენლობა ხაზს უსვამს „ასეან"-ის მზარდ გლობალურ მნიშვნელობას, მაგრამ ასევე აჩვენებს გამოწვევებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ სამიტმა როგორც რეგიონული, ასევე საერთაშორისო პრიორიტეტები განიხილოს.

ივლისში „ასეან"-ის სამიტი, ოღონდ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ასევე კუალა-ლუმპურში გაიმართა, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც დაესწრო. სამიტის ფარგლებში მან აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან ერთად უკრაინასთან სამშვიდობო პროცესი, ირანისა და სირიის გარშემო არსებული სიტუაცია და სხვა საერთაშორისო საკითხები განიხილა.

1967 წელს დაარსებული „ასეანი" - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია, ამჟამად ათ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანას მოიცავს: ბრუნეი, ვიეტნამი, ინდონეზია, კამბოჯა, ლაოსი, მალაიზია, მიანმა, სინგაპური, ტაილანდი და ფილიპინები. 2025 წლის დასაწყისიდან მალაიზიამ „ასეანი"-ის თავმჯდომარეობა ლაოსისგან როტაციის პრინციპით გადაიბარა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე