სამშაბათს გამთენიისას ისრაელმა მასშტაბური სახმელეთო იერიში დაიწყო, რომლის მიზანიც ღაზის სექტორის სრული ოკუპაციაა. დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა იზრდება. პრემიერი ბენიანიმ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი უკან დახევას არ აპირებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი აქცენტს სამშვიდობო მოლაპარეკებებსა და მძევლების გათავისუფლებაზე აკეთებს.
მასშტაბური შეტევა ღაზაზე მას შემდეგ განხორციელდა, რაც სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ორშაბათს იერუსალიმში ვიზიტის დროს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის ურყევ მხარდაჭერაში დაარწმუნა.
საპასუხოდ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ რუბიოს ვიზიტი „ნათელი გზავნილია" იმისა, რომ აშშ ისრაელის გვერდით დგას. მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უწოდა „ყველაზე დიდი მეგობარი, რომელიც ისრაელს ოდესმე ჰყოლია".
ნეთანიაჰუმაც და რუბიომაც განაცხადეს, რომ ღაზაში კონფლიქტის დასრულების ერთადერთი გზა „ჰამასის" განადგურება და დარჩენილი 48 მძევლის გათავისუფლებაა. სავარაუდოდ, დაახლოებით 20 მათგანი ცოცხალია, - წერს „ბი-ბი-სი".
„ჰამასმა" განაცხადა, რომ დარჩენილ მძევლებს მხოლოდ პალესტინელი პატიმრების განთავისუფლების, ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზადან ისრაელის ძალების გაყვანის სანაცვლოდ გაათავისუფლებს.
ისრაელში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მეორე დღეს, სამშაბათს დილით კი ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, „იქსზე" დაწერა: „ღაზა იწვის" და აღნიშნა, რომ ისრაელი „არ დანებდება და უკან არ დაბრუნდება მისიის დასრულებამდე":
„(ისრაელის) ჯარისკაცები გმირულად იბრძვიან მძევლების გათავისუფლებისა და „ჰამასის" განადგურებისთვის. ჩვენ არ დავნებდებით და უკან არ დავიხევთ".
მანამდე ისრაელმა მოითხოვა, რომ ღაზას მცხოვრებლებს ქალაქი დაეტოვებინათ და სამხრეთისკენ, ღაზის სექტორის ცენტრალური ნაწილისკენ გადასულიყვნენ. ისრაელის თავდაცვის ძალების შეფასებით, ბოლო პერიოდში ღაზის სექტორი დაახლოებით 250 ათასმა პალესტინელმა დატოვა, თუმცა, სავარაუდოდ, ასობით ათასი ადამიანი კვლავ ამ ტერიტორიაზე რჩება. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ფიზიკურად არ შეუძლიათ სამხრეთში წასვლა, ზოგი კი ამტკიცებს, რომ ღაზის სექტორის სამხრეთი ნაწილი უსაფრთხო არ არის, რადგან ისრაელმა იქაც ახორციელებს საჰაერო დარტყმებს.
„ჩვენ თვეები აღარ გვაქვს"
მარკო რუბიო მალე კატარს ეწვია, სადაც არაბმა ლიდერებმა ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე დაგმეს ისრაელის თავდასხმა კატარის დედაქალაქ დოჰაზე, რომლის სამიზნეც „ჰამასის" ლიდერები იყვნენ.
„ჩვენ თვეები აღარ გვაქვს", - განაცხადა გამგზავრების წინ ბენ გურიონის აეროპორტიდან რუბიომ. მისი თქმით, კატარი კვლავ ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ღაზას საკითხში შუამავლობა. სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ აშშ უპირატესობას ანიჭებს ომი მოლაპარაკების გზით დასრულებას:
„ვფიქრობთ, რომ შეთანხმების მიღწევის ძალიან მოკლე ვადა გვაქვს. თვეები აღარ გვაქვს და ალბათ დღეები და შესაძლოა რამდენიმე კვირაც დაგვრჩა... ზოგჯერ, როდესაც საქმე გაქვს „ჰამასის" მსგავს ველურ ჯგუფთან, ეს შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოხდება".
რამდენიმე დღით ადრე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ტრამპმა კატარი დაარწმუნა, „რომ მსგავსი რამ მათ ტერიტორიაზე აღარ განმეორდება"
გაეროს სამიტამდე ერთი კვირით ადრე
რუბიოს ვიზიტი და ისრაელის დარტყმები ერთი კვირით ადრე ხდება მანამდე, სანამ გაეროში უმაღლესი დონის სამიტი გაიმართება, რომელზეც 150-ზე მეტი და მათ შორის რამდენიმე დასავლური ქვეყანა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს.
რუბიომ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარება „ძირითადად სიმბოლური" უწოდა, ხოლო ნეთანიაჰუმ, რომლის მთავრობაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ასეთ ნაბიჯს, განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ შესაძლოა საპასუხოდ კონკრეტული „ცალმხრივი ნაბიჯები" გადადგას.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე