მარიამ ვეკუა
(15.09.2025)

აშშ-ს პრეზიდნეტმა დონალდ ტრამპმა ევროპა ისევ გააკრიტიკა - ტრამპის თქმით, ევროპა რუსეთის მიმართ მკაცრ პოზიციას არ აფიქისირებს, ამაზე მხოლოდ საუბრობს და არა მოქმედებს, რადგან ამ დრომდე რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს. შეწყვეტს თუ არა ვაშინგტონის ზეწოლით ნატო რუსეთიდან ნავთობის იმპორტს და რა გავლენა ექნება ამ ნაბიჯს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე - ეს ბევრ კითხვას აჩენს.

ენერგეტიკული შემოსავლები კრემლისთვის კვლავ ომის დაფინანსების ყველაზე მნიშვნელოვან წყაროდ რჩება, რაც ნავთობისა და გაზის ექსპორტს დასავლეთის სანქციების ცენტრალურ სამიზნედ აქცევს. თუმცა, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსული ნავთობის აგრესიული შეზღუდვები გლობალური ნავთობის ფასების ფასსაც გაზრდისს, რამაც შესაძლოა დასავლეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალოს.

ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის მონაცემებით, 2023 წლიდან ნატოს წევრი თურქეთი რუსული ნავთობის მესამე უდიდესი მყიდველია (ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ). 32 სახელმწიფოსგან შემდგარი ალიანსის სხვა წევრები, რომლებიც რუსული ნავთობის შესყიდვაში არიან ჩართულნი, არიან უნგრეთი და სლოვაკეთიც.

„გადაწყვეტილების მიღება ადვილი არაა"

თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონასნთან" აცხადებს, რომ დაწესებული ემბარგოების მიუხედავად ევროკავშირისა და ნატოს წევრმა სახელმწიფოები პრინციპებს ბოლომდე ვერ მიჰყვნენ.

ზოგადად, ტრამპის განცხადებები, როგორც ნატოს, ისე ევროკავშირთან დაკავშირებით, საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ ეს მიუთითებს: მიუხედავად ემბარგოების, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებმა და ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა გამოაცხადეს, ისინი ბოლომდე ვერ მიჰყვებიან ამ პრინციპებს და ნავთობს მეორადი სახელმწიფოებისგან მაინც ყიდულობენ. ეს აღიზიანებს და აზიანებს სანქციების პოლიტიკას. ამ კონტექსტში არის ტრამპის განცხადებებიც.

კაკაჩია ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღება, რომ ნატოს ყველა წევრმა რუსული ნავთობის ექსპორტი დაბლოკოს, მარტივი არაა, რადგან რუსეთთან გეოგრაფიული სიახლოვე დამოკიდებულებასაც უფრო ზრდის.

რაც უფრო ახლოს არიან რუსეთთან სახელმწიფოები, მაგალითად, სლოვაკეთი, უნგრეთი და სხვა ნატოს წევრი ქვეყნები, მით უფრო იზრდება მათი დამოკიდებულება, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არაა. ამიტომ ამ პროცესს გარკვეული დრო სჭირდება.

თუმცა, იმას ვერ ვიტყვით, რომ ქვეყნებს დრო არ ჰქონდათ დივერსიფიკაციისთვის - ზოგმა ეს უკვე მოახერხა, თუმცა, ძირითადად, ბოლომდე ვერ მიაღწიეს. ვფიქრობ, ამ განცხადებების აზრიც სწორედ ეს იყო: რომ ევროატლანტიკურ სივრცეში შენარჩუნდეს სანქციების პოლიტიკა და რუსეთს არ ჰქონდეს შესაძლებლობა გაყიდოს ნავთობი და გაზი, თუნდაც მეორადი სახელმწიფოების მეშვეობით, ნატოს წევრ სახელმწიფოებზე.

კითხვაზე, თუ კონსესუსი შედგა, როგორ იმოქმედებს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, კორნელი კაკაჩია გვპასუხობს: „მთლიანოაბში, ეს ხელს შეუწყობს სანქციების ეფექტიანობას, თუმცა, ეს საკმარისი არ არის. ვიცით, რომ ნატოს არაწევრი ქვეყნები, გლობალური სამხრეთის ქვეყნები, ბევრი აგრძელებს რუსეთთან თანამშრომლობას. გასაგებია, რომ ტრამპი ცდილობს ზეწოლას, თუმცა ძალიან რთულია. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის კონფლიქტის მნიშვნელობა გლობალურ სამხრეთში არ ესმით, დასავლეთმა ვერ შეძლო, აიყოლიოს ეს ქვეყნები საერთაშორისო სანქციების მხარდასაჭერად. ფაქტია, რომ ეს შრომატევადი საქმეა და დროშიც იწელება" - განაცხადა კაკაჩიამ.

რას ამბობს ტრამპი

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის შემდგომი სანქციები დამოკიდებულია იმაზე, გაამკაცრებს თუ არა ევროპა საკუთარ შეზღუდვებს და შეწყვეტს თუ არა რუსული ენერგორესურსების შეძენას.

კითხვაზე, დაუწესებს თუ არა ნატო რუსეთს სანქციებს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ალიანსი და ევროპა „თავის საქმეს არ ასრულებენ".

„ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი ნავთობს რუსეთიდან ყიდულობენ. ამიტომ, არ შეიძლება ველოდოთ, რომ ჩვენ ვიქნებით ერთადერთები, ვინც, სრული დატვირთვით მუშაობს. ევროპა ნავთობს რუსეთიდან ყიდულობს. მე არ მინდა, რომ მათ ნავთობი იყიდონ. სანქციები, რომლებსაც ისინი აწესებენ, საკმარისად მკაცრი არ არის. მზად ვარ სანქციების დასაწესებლად, მაგრამ მათ მოუწევთ თავიანთი სანქციების გამკაცრება იმის შესაბამისად, რასაც მე ვაკეთებ. განვმარტავ, რომ წინ ვერ წახვალ, სანამ ისინი არ წავლენ წინ.

კარგი, მე მზად ვარ წინ წასასვლელად, მაგრამ მათ ეს უნდა გააკეთონ. ვფიქრობ, რომ ისინი ამას გააკეთებენ, მაგრამ ახლა საუბრობენ და არ მოქმედებენ. ისინი ნავთობს რუსეთისგან ყიდულობენ. ჩვენ არ ვყიდულობთ ნავთობს რუსეთისგან. ისინი დიდი რაოდენობით ნავთობს ყიდულობენ რუსეთისგან", - აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირის მანძილზე ტრამპმა რამდენჯერმე განაცხადა,რომ მზადაა რუსეთს მორიგი მკაცრი სანქციები დაუწესოს, მაგრამ, იმ პირობით თუ ნატოს ყველა წევრი სახელწმიფო რუსეთისგან ნავთობის შესყიდვას შეწყვეტს.

„მზად ვარ რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დავაწესო, როდესაც ნატო-ს ყველა წევრი სახელმწიფო შეთანხმდება, ერთი და იმავეს გაკეთებას დაიწყებს და რუსეთიდან ნავთობის ყიდვას შეწყვეტს. როგორც იცით, ნატო-ს მიერ გამარჯვების მიმართ ერთგულება 100%-ზე ბევრად ნაკლებია და ზოგიერთი მათგანის მიერ რუსული ნავთობის შეძენა პირდაპირ შოკისმომგვრელია! ეს რუსეთის წინაშე მოლაპარაკებებში თქვენს პოზიციასა და ძალას მნიშვნელოვნად ასუსტებს. მე მზად ვარ, რომ ეს „გავაკეთო". თქვენ უბრალოდ თქვით, როდის?", - წერს დონალდ ტრამპი.

დარტყმა ნავთობზე

სპეციალური ოპერაციების ძალებმა და უპილოტო სისტემების ძალებმა რუსეთის ლენინგრადის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, „კირიშინეფტეორგსინტეზს", შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია სპეციალური ოპერაციების ძალებსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„14 სექტემბრის ღამეს, ლენინგრადის ოლქში, რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, „კირიშინეფტეორგსინტეზზე", დარტყმა განხორციელდა. სპეციალური ოპერაციების ძალებმა უპილოტო სისტემების ძალებთან ერთად ერთობლივი მოქმედებები განახორციელეს. ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ფედერაციაში ნავთობის გადამუშავების მოცულობებით ერთ-ერთი ლიდერია, რაც წელიწადში დაახლოებით 20 მილიონ ტონას შეადგენს", - აცხადებენ სპეციალური ოპერაციების ძალებში.

ამასთან, გენერალური შტაბის ცნობით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქებები და ხანძარი დაფიქსირდა. ზარალის შედეგები ზუსტდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე