„ლელოს" ლიდერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის - არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გათავისუფლების საკითხი კვლავ პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრშია: როგორ იმოქმედებს ეს ნაბიჯი შედეგებზე და შეცვლის თუ არა ძალთა ბალანსს, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძის აზრით, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის გათავისუფლება ოპოზიციის რეიტინგზე არ აისახება. მისი თქმით, მმართველი პარტიის მიზანი ამ გადაწყვეტილებით იმის დემონსტრირება იყო, რომ ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს და ხელისუფლებას სურდა ოპოზიციურ ფლანგში დაპირისპირების გაღვივება.
„აქ იმდენად არჩევნებსა და მის შედეგებს არ ეხება ეს გადაწყვეტილება,რამდენადაც „ოცნების" მიზანს გაეხლიჩა ოპოზიცია, რათა მოეხდინა იმის დემონტრირება, საბოლოოდ დაედასტურებინა, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე არიან ხელისუფლებასთან გარიგებულები, ეჩვენებინათ ხალხისთვის, რომ თავიდანვე მოხდა გარიგება, რომ „ლელო" მონაწილეობას არჩევნებში მიიღებდა, სამაგიეროდ კი ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ჯერ დააკავებდნენ, შემდეგ გამოუშვებდნენ.
ეს იყო ერთგვარი გახლეჩვის მცდელობა, ჩვენ ვიცით,რომ „ლელომ" საპარალამენტო არჩევნებში საკამოდ სერიოზული შედეგი დადო (ოპოზიციისთვის), ამიტომ „ოცნების" მიზანი დიახ, ოპოზიციის გახლეჩვა იყო"
ჩიტაძე ამბობს, რომ მმართველ პარტიას ეს ნაბიჯი საარჩევნო შედეგების გასაუმჯობესებლად არ გადაუდგამს. მისივე თქმით, გადაწყვეტილება პოლიტიკოსების გათავისუფლების შესახებ ძალთა ბალანსს არ ცვლის.
„ოცნებას" ეს ნაბიჯი საარჩევნო შედეგების გასაუმჯობესებლად არ გადაუდგამს - მმართველი გუნდი თვლის, რომ არჩევნები უკვე მოგებული აქვს, რადგან ოპოზიციის მთავარი ძალები პროცესში მონაწილეობას არ იღებენ. ამ ფონზე „ლელოს" მხარდამჭერთა ნაწილიც ემიჯნება პარტიის გადაწყვეტილებას და ვფიქრობ, ხმას არც „ლელოს", არც გახარიას მისცემს. ალბათ, ისინი 4 ოქტომბერს რუსთაველზე ეროვნულ ყრილობას შეუერთდებიან.
კიდევ ერთხელ: ხაზარაძისა და ჯაფარიძის გათავისუფლება ძალთა ბალანსს არ ცვლის. სწორედ ამიტომაცაა ხელისუფლება დამშვიდებული: მათ უკვე გადაწყვიტეს ეუთოს მოწვევა, რათა გარკვეული ლეგიტიმაცია მოიპოვონ, მაშინ როცა „ოცნება" ბოლო წუთამდე ელოდა ნაცმოძრაობისა და „ახალი"-ს მონაწილეობას არჩევნებში.რეალური პოლიტიკური გამოწვევა ხელისუფლებისთვის ახლა 4 ოქტომბერია - ეროვნული ყრილობის დღე, რომელიც შეიძლება გახდეს ახალ დაძაბულობის წერტილად"-განაცხადა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძეს ამბობს, რომ არჩვენების შედეგებსა და რეიტინგზე ეს გაადწყვეტილება ვერ იმოქმედებს:
„ბაში-აჩუკშია ერთი სცენა - აბდუშაჰილი ეჭიდავება ბაში-აჩუკს, ბაში აჩუკი წააქცევს და იქიდან ისმის: შაითან, შაითანო, ეშმაკი, ეშმაკიო. აკაკი წერეთელი ქართველებს ათქმევინებს: გინდ შიგნით შეიტანეთ, გინდ გარეთ გამოიტანეთ, რუმბივით გაროგებული ფალავანიაო. ასეა ხაზარაძისა და ჯაფარიძის შემთხვევაშიც - გინდ შიგნით იყვნენ და გინდ გარეთ, ეს ხანდაზმული თაღლითები ვერაფერ გავლენას მოახდენენ არჩევნებსა თუ რეიტინგზე," - ამბობს გვენეტაძე.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება" დამაჯერებლად მოიგებს არჩევნებს. „თუ სინდისი და ნამუსი ჰქონდათ, პოლიტიკაში საერთოდ არ იქნებოდნენ. მათთვის სჯობს მონასტერში წავიდნენ და დარჩენილი დღეები ცოდვების მონანიებაში გაატარონ," - აცხადებს ანალიტიკოსი.
„არავითარი ძალთა ბალანსი აქ არ იცვლება. ოპოზიცია ისედაც გახლეჩილია, ამიტომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის გათავისუფლებას შედეგებზე გავლენა ვერ ექნება. „ოცნების" წისქვილზე წყალი ისედაც დასხმულია ხალხის მიერ - ამის დასტურია ის, რასაც წლების განმავლობაში ვხედავთ.
„ოპოზიცია გაიხლიჩა ტაქტიკური თვალსაზრისით"
ამ ვითარებაში, ჩვენი რეიტინგი ბევრად აღემატება საპარლამენტო არჩევნების წინ დაფიქსირებულ რეიტინგს, შესაბამისად, თუ წინა შემთხვევაში ქვეყნის შიგნით 54,5% მივიღეთ, ახლა ველით 60%-ზე მეტის მიღებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ის ასევე გამოეხმაურა მიხეილ ყაველაშვილის მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებასაც.
„ძალიან მძიმე მდგომარეობაა რადიკალურ ოპოზიციაში, აქამდე მათ საკუთარი თავი თვითონ მიიყვანეს, რა თქმა უნდა, ჩვენც შევუწყვეთ ხელი, მაგრამ თვითონ და მათმა პატრონებმა მიიყვანეს რადიკალური ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე.
დღეს, რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია, ორად არის გაყოფილი, ერთი ნაწილი „ნაცმოძრაობა" და „ახალი" ღალატად აცხადებენ არჩევნებში მონაწილეობას, მეორე ნაწილი, ეს არის ხაზარაძე-გახარიას ორი პარტია, ისინი არჩევნებში მონაწილეობენ, რადიკალური ოპოზიცია გაიხლიჩა ტაქტიკური თვალსაზრისით, რაც ძალიან კარგია, ჩვენც გვეხმარება, სუბიექტურადაც მოგვწონს ეს ყველაფერი, რადგან საარჩევნო კუთხით გვიმარტივებს, 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას. განაცხადა კობახიძემ.
„ბრძოლის ტაქტიკა სხვადასხვა გვაქვს"
ბოიკოტის მომხრე ოპოზიცონერები გახარიასა და ლელოს პარტიების ტანდემს ისევ აკრიტიკებენ , თვითონ „ლელოს" დამფუძნებელი დამფუძნებელი მამუკა ხაძარაძე კი ამბობს, რომ გადაწყვეტილება არჩენებში მოანწილეობაზე საბოლოოა.
„ლელო-ძლიერ საქართველოს" ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს. პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე აურზაური, დაპირისპირება შემოიტანოს.
იმის მიუხედავად, რომ ბრძოლის ტაქტიკა სხვადასხვა გვაქვს, მიზანი გვაქვს ერთი - ეს მიზანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, მიზანია ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლება.-განაცხადა ხაზარაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე