უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის საკითხში ევროპამ მთავარი როლი უნდა შეასრულოს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა. დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ დახმარებისთვის მზად არის.
„ჩვენ მათ დავეხმარებით. ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა გვსურს, ამიტომ ამას გავაკეთებთ. ვფიქრობ, ამის მოლოდინი ბევრს აქვს. ჩვენ მათ დავეხმარებით. ევროპა პირველი იქნება, რადგან მათ სურთ, რომ ეს დასრულდეს", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, შვიდი ომი დაასრულა და უკრაინაში ომსაც დაასრულებს. „ამას დავასრულებთ. თუმცა, ეს უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდი. უკრაინაში ომი დასრულდება, ან ამას მძიმე შედეგები მოჰყვება", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ ტრამპი ცდილობს ომი ნებისმიერ ფასად დაასრულოს.
„მგონი ტრამპი ცდილობს თავისი პოლიტიკის გატარებას, რომელიც მისთვის გასაგებია, ყოველ შემთხვევაში მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რადგან, როგორც ჩანს, ზელენსკი პუტინთან შეხვედრაზე ვერ დაითანხმა. შესაბამისად, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ხელმოწერაზე. ეს არის და ეს.
მოკლედ, ტრამპს აქვს ძალიან პრგამატული, ეგოცენტრისტული პოლიტიკური კურსი - დასჭირდება, ყველაფერს ევროპელებს გადააბრალებს, დასჭირდება და უკრაინელებს სერიოზულ დახმარებას გაუწევს. ტრამპის ასეთ გადაწყვეტილებებს ნოსტრადამუსი, ან ვანგას წინასწარმეტყველება სჭირდება, რომელიც გაარკვევს რა უნდა მას.
ასე რომ, ძალიან მიჭირს ვთქვა, რა უნდა მას. შეიძლება დღეს ერთი თქვას, ხვალ მეორე. როგორც ჩანს, ახლა ის ახორციელებს გეოპოლიტიკურ შანტაჟს ზელენსკის მიმართულებით, რადგან დაიყოლიოს, სადმე თუნდაც მოსკოვში ჩავიდეს. რამდენად პარადოქსიულია ხომ ეს? მაგრამ ტრამპი ასეთ ანომალიურ შემთხვევას არ გამორიცხავს. კაი დავანებოთ თავი მოსკოვში ჩასვლას, თუნდაც სხვა, ნეიტრალურ სახელმწიფოში შეხვდნენ პუტინი და ზელენსკი, ესეც ხომ კურიოზული შემთხვევაა? უფრო ტრაგიკული.
პუტინს გამოკვეთილი გეგმა აქვს, რომელიც გულისხმობს აღმოსავლეთ უკრაინის -ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკისა და ლუგანსკის მთლიან ანექსიას. ასევე, ის მოიცავს მარცხენა სანაპიროზე, ანუ ხარკოვის, სუმისა და დნეპრის რეგიონებში უსაფრთხოების ზონის შექმნას. რაც ყველაზე მთავარია, ნიკოლაევისა და ოდესის ხარჯზე მოლდოვის დნეპრისპირეთზე გასვლას და უკრაინის შავი ზღვის აკვატორიისგან მთლიან ჩამოცილებას.
როგორც ისინი თვლიან, ოდესა და ნიკოლაევი უნდა იყოს სეპარატისტული ქალაქები. ამის მაგალითი ჩვენ გვაქვს, როცა რუსებმა საქართველოში გააკეთეს, საუბარია ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებზე.
ვერ გავიგე ამ ყველაფერზე ტრამპი თანახმა არის თუ არა, მაგრამ ეს მომენტი ნამდვილად არის, რომ ის აწარმოებს პრაგმატულ პოლიტიკად და მისი მიზანია რაც შეიძლება მალე დაასრულოს ომი უკრაინაში, თუნდაც უკრაინელების ინტერესების ხარჯზე. სამწუხარო რეალობა ასეთია",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე