ნატალია ჯვარიძე
(04.09.2025)

ბოიკოტის მომხრე ოპოზიციონერები დარწმუნებულები არიან, რომ 4 ოქტომბერს იზეიმებენ, რადგან „ქართულ ოცნებას" საბოლოოდ დაამარცხებენ. ანალიტიკოსები ძალიან სკეპტიკურად უყურებენ მათ გეგმებს და ამბობენ, რომ გაუგებარია, რატომ აკეთებენ ამას, რადგან საზოგადოებრივი განწყობა ამის საფუძველს არ იძლევა.

„ხალხი ნამდვილად უკმაყოფილოა ცხოვრებით, მაგრამ არა იმდენად, რომ უახლოეს პერიოდში ივანიშვილის რეჟიმი ჩამოანგრიონ. ჩემი აზრით, ეს უფრო მოხდება მშვიდობიანი არჩევნების გზით და არა რევოლუციების",- განაცხადა „რეზონანსთან" ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილი მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აღნიშნავს, რომ „4 ოქტომბერი გამარჯვების დღეა".

„საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას... ენაგადმოგდებული „მილიციონერები" უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე, ცდილობდნენ დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად"... ანწუხელიძის სულში ჩამფურთხებლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების" წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი - შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა... ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის" სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს, სახეზე ნეგატივად გამოესახა... 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე! ყველა ქუჩაში! დროშები!" - წერს ლევან ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, ოთხშაბათს ღამით „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, რომლებიც თბილისის მერის და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ, ხმაურისა და შეძახილების ფონზე მოუწიათ ღონისძიების დატოვება. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „მონებო, მონებო!", „რუსებო, რუსებო!" ღონისძიების დასრულების შემდეგ, ხმაურის და შეძახილების ფონზე მოუწიათ გასვლა პრემიერ ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერ კახა კალაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, დეპუტატებსა და მინისტრებს. იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც „ქართული ოცნების" წევრ ბექა ოდიშარიასა და აქციის მონაწილეებს შორის.

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ოპოზიციის მოლოდინი რეალობას აცდენილია.

„4 ოქტომბერი რაკი არჩევნების დღეა, ჩემი მოლოდინია, რომ ხალხი შეუერთდება და შემდეგ სახლში დაბრუნდებიან. ძალიან გამიხარდებოდა თუ „ოცნების" კაპიტულაცია მოხდებოდა, მაგრამ არ იქნება. საზოგადოებაში ასეთი მკაფიო განწყობა, რომ ამ დღეს ივანიშვილის რეჟიმი დასრულდება, არ ჩანს. ჩემი გადასახედიდან, ამას ეს ოპოზიციონერები ვერ ხვდებიან. ხალხი ნამდვილად უკმაყოფილოა ცხოვრებით, მაგრამ არა იმდენად, რომ უახლოეს პერიოდში ივანიშვილის რეჟიმი ჩამოანგრიონ. ჩემი აზრით, ეს უფრო მოხდება მშვიდობიანი არჩევნების და არა რევოლუციების გზით", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გია აბაშიძეც საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს ოპოზიციის გეგმას და ამბობს, რომ ყველა ფაქტი მის არარეალურობაზე მიუთითებს.

„მორიგ ჯერზე ადგილი აქვს ცრუ მოლოდინების ტირაჟირებას რადიკალური პარტიების მხრიდან და დიდი ალბათობით, ისინი დასავლეთიდან არიან წაქეზებული, ანუ ისეთი ოდიოზური ფიგურებისგან, როგორიც არის ჯო უილსონი და მისი ცალკეული ევროპელი და ამერიკელი კოლეგები. მათ ჰგონიათ, რომ მორიგი რეზოლუციებით, მეგობარი აქტის მიღებით და კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი უვიზო რეჟიმის გაუქმეთი, შეძლებენ გარკვეული საპროტესტო მუხტის აგორებას საქართველოში. თუმცაღა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდიდან სულ ეს გვესმის, რომ მშვიდობიანად დაამხობენ ხელისუფლებას, ქმნიან დიდ ალიაქოთს და ა.შ. შემდეგ კი ჩვეულევრივ იხსნება რუსთაველის გამზირი და მშვიდად იშლებიან. ზუსტად ასეთი სცენარი განმეორდება 4 ოქტომბერს და სხვა დღეებსაც.

„აქ არის კიდევ ერთი სასაცილო მომენტი - სად აპირებენ ამ გრანდიოზული აქციის ჩატარებას? რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მაქსიმუმ 300 ათასამდე კაცი დაეტევა, სად მიდის ეს მილიონ 700 ათასამდე ადამიანი? სანაპიროზე დადგება? თუ სად? მაგრამ ეს მორიგი ბლეფია", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე