თამთა ჩაჩანიძე
(02.09.2025)

საშემოდგომო სესიის გახსნისთანავე, დეპუტატები პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტს გაეცნენ. საბოლოო დასკვნის ძირითადი მიმართულებები და აქცენტები კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა გააცნო თანაგუნდელებს. დოკუმენტი 460 გვერდიანია, სადაც წულუკიანის თქმით, აღწერილია, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ადამიანის უფლებების დარღვევისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები, ციხეებში არსებული მდგომარეობა,ზეწოლა მედიაზე, ბიზნესის რეკეტი, პირადი თვალთვალი და ა.შ.

დასკვნას ეხმიანებიან ოპოზიციიდან, ენმ-ს თავმჯომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ დასკვნა" "შეკერილია", რომელსაც "ვერ წარმოვიდგენდით რუსეთის დუმაშიც კი", "ისტორია კი გადაწერილია რუსული ვერსიით".

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საგამოძიებო კომისიის დასკვნა "ითარგმნება მათთვის, ვისაც წინა რეჟიმის მიმართ სენტიმენტები აქვთ", ეს კი "უცხოელი პოლიტიკოსებისთვის არის შანსი, გაიაზრონ, თუ რა დანაშაულებრივ რეჟიმს უჭერდნენ მხარს".

აღსანიშნავია, რომ პარლამენტი დასკვნასთან დაკავშირებით სპეციალურ დადგენილებას მიიღებს, დადგენილების პროექტს 3 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი. როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ამით კომისიის დასკვნა მთლიანად პარლამენტის დოკუმენტად იქცევა.

წულუკიანის მთავარი აქცენტები

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისიამ მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილა და შეაფასა მის ხელთ არსებული ინფორმაცია და ამ შეფასების და გაანალიზების შედეგად დაადგინა, რომ 2004-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის" მიერ

„ნულოვანი ტოლერანტობის" სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებსა და სასჯელაღსრულების სისტემაში დაკავებულ პირთა და პატიმართა, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემატური და სისტემური.

საგამოძიებო კომისია მიიჩნევს, რომ "საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეშლას მიხეილ სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, ახორციელებენ დასკვნაში სახელობითად მოხსენიებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან", წულუკიანის თქმით, ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას ხელს უშლის ასევე კოალიცია „ცვლილებისთვის", „ძლიერი საქართველო" და „გახარია-საქართველოსთვის".

„თითოეული პარლამენტის წევრს წინ გაქვთ 460 გვერდზე იმ თემებზე, რომელიც ჩვენ საკვლევ საკითხებად განგვისაზღვრეთ, ფაქტები, გვარები, სახელები, თარიღები და შეფასებები. კომისიამ მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილა და შეაფასა მის ხელთ არსებული ინფორმაცია და ამ შეფასებისა და გაანალიზებს შედეგად დაადგინა, რომ 2004-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ნულოვანი ტოლერანტობის სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებსა და სასჯელაღსრულების სისტემაში დაკავებულ პირთა და პატიმართა, ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემატური და სისტემური, ატარებდა საყოველთაო ხასიათს და იყო პოლიტიკური თანამდებობის პირების, პირველ რიგში, კი მიხეილ სააკაშვილის მიერ დამკვიდრებული და სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი ქმედება. ეს დანაშაულები იყო არა ერთეულ პირთა გადაცდომა, არამედ კარგად ორგანიზებული და თანამონაწილეობაზე დაფუძნებული ტერორი, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა რანგის მაღალი თანამდებობის პირები, რაც მათ ძალადობრივ რეჟიმად აქცევდა", - განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, ძალაუფლების დემონსტრირების, დაშინებისა და დამორჩილების მიზნით, „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მაღალჩინოსნები "ადამიანებს თავისუფლებას უკანონოდ აღუკვეთდნენ, აწამებდნენ, არაადამიანურად ეპყრობოდნენ, აუპატიურებდნენ ან კლავდნენ". მისი თქმით, მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა

"არაერთი პირი, რომელიც ჩადიოდა წამებას, საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა" და "უნდა ეთხოვოს პრეზიდენტს, უზრუნველყოს 2004-2013 წლებში გაცემული ჯილდოების საკითხის გადასინჯვა".

წულიკიანმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოში, ქართული ჯარი "სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და სამხედროების აზრის უგულებელყოფით, ცხინვალზე შეტევა განახორციელეს", მისი თქმით, მაშინდელი პოლიტიკური თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ცხინვალზე სამხედრო ამოცანის შესრულება დაევალა არა თავდაცვის შეიარაღებულ ძალებს, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რამაც თავდაცვის ძალებში დეზორიენტაცია და დეზორგანიზაცია, ხოლო სამოქალაქო მოსახლეობაში გაურკვევლობა და დაუცველობა გამოიწვია.

კომისიამ დაადგინა, რომ "2004 წლიდანვე მიხეილ სააკაშვილმა ცხინვალის რეგიონსა და კოდორის ხეობასთან მიმართებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საზიანო ნაბიჯები გადადგა, მას გარე ძალების იმედი უნდა ჰქონოდა".

კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ დასკვნაში აღწერილი "საზარელი მკვლელობებისა და ძალმომრეობის თითქმის ყველა საქმე დაკავშირებულია შსს-ს პოლიტიკური თანამდებობის პირებთან და მაღალჩინოსნებთან, რომლებიც მოქმედებდნენ ცალკე ან სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად".

მისივე შეფასებით,„ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს ფარული თვალთვალი ატარებდა ფართომასშტაბიან, სახელმწიფო დონეზე ორგანიზებულ ხასიათს - მასში ჩართული იყო არა მხოლოდ კუდ-ი, არამედ მთელი „სახელმწიფო მანქანა".

"შემაჯამებელი შეფასების სახით უნდა აღინიშნოს, რომ არც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და არც შემდგომ, „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არ გადადგმულა არცერთი ნაბიჯი მის მიერ ხელისუფლებაში ყოფნისას ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების აღიარების ან მონანიების მიზნით, პირიქით, ყველაფერი კეთდებოდა და კვლავ კეთდება იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდი „განვითარების ეპოქად" შეირაცხოს", „ნაციონალური მოძრაობა" ძალადობრივი წარსულისგან „განიბანოს" და გარე ძალებისა და მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით, დაუბრკოლებლად აგრძელებდეს კონსტიტუციური წყობილების სტაბილურობის და მშვიდობის წინააღმდეგ მის მიერ ამჟამად წარმოებულ საქმიანობას", - განაცხადა წულუკიანმა.

რაც შეეხება გიორგი გახარიას პრემიერობის პერიოდს, მისი შეფასებით, ჩორჩანაში საგუშაგოს საკითხზე კომისიის მიერ დადგენილი ფაქტები "აჩენს არაერთ ლეგიტიმურ კითხვას იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ჰქონდა კვლავაც ადგილი ცეცხლის კერის ხელოვნურად გაჩენის მცდელობას, როგორც ეს მოხდა 2008 წელს".

საგამოძიებო კომისიიის დასკვნის მიხედვით, "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა 2019 წელს გიორგი გახარიას მიერ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად დაირღვა".

დასკვნისვე მიხედვით, გამოიკვეთა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ხელშეწყობილ, ბიზნესის რეკეტის ერთ-ერთ სქემაში კერძო ბანკი „თიბისი", მისი ხელმძღვანელები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მონაწილეობდნენ".

დასკვნით, 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობაში გერმანიის ელჩის ჰუბერტ კნირშის ყოფნის გარემოება „სერიოზულ კითხვას აჩენს ღამის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებში ელჩის როლთან დაკავშირებით".

რას აცხადებენ ოპოზიციასა მმართველ პარტიაში

ენმ-ს თავმჯომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ დასკვნა" "შეკერილია", რომელსაც ვერ წარმოვიდგენდით რუსეთის დუმაშიც კი.

"რა თქმა უნდა, მოლოდინი არავის გვქონდა, რომ ეს მოღალატეები რამე სხვას დაწერდნენ, ვიდრე ღალატის ქრონიკას. საქართველოს პარლამენტი იქცა ღალატის ქრონიკის ადგილად, როგორსაც ვერ წარმოვიდგენდით ალბათ რუსეთის დუმაშიც კი. იქაც კი ვერ შეძლებდნენ ასეთი საბრალდებო დასკვნის შეკერვას, როგორიც შეკერა მეორე თაობის საბჭოთა ჯალათმა ქალბატონმა წულუკიანმა, ნამდვილად ძალიან მძიმეა, თუმცა, რა თქმა უნდა, ნაცვლად იმისა, რომ მუდმივად ვსაუბრობდეს რა ხდება დღეს, წულუკიანს სწორედ ის უნდა, რომ მუდმივად ვისაუბროთ წარსულზე, რომელიც გადაწერილია რუსული ვერსიით",-აღნიშნა ბოკუჩავამ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკის თქმით კი:

"ის, რომ ომი საქართველომ დაიწყო, სააკაშვილის ხელისუფლებამ თქვა და საერთაშორისო დონეზე მიღებულ რეზოლუციას ხელი მოაწერა.

ჩვენი მიდგომა სხვანაირია - მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლო და დავამტკიცეთ, რომ მიუხედავად იმისა, რაც 7 აგვისტოს მოხდა, რუსეთია ინტერვენტი და ის ახდენს დღემდე ოკუპაციას. კიდევ კარგი ჩვენი ხელისუფლება მოვიდა, თორემ ჩვენს სამხედროებსაც ემუქრებოდათ პასუხისმგებლობა იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც სააკაშვილმა მემკვიდრეობით დაგვიტოვა.

ვინ დაიწყო ომი - საქართველომ თუ რუსეთმა - ამას სააკაშვილმა პასუხი უკვე გასცა და თქვა, რომ სააკაშვილმა კი არა საქართველომ დაიწყო ომიო. ჩვენ საკითხს სხვანაირად ვუდგებით, წლები დაგვჭირდა, რომ ჰააგის სასამართლო მოგვეგო რუსეთთან, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ არ გააკეთა", - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, უნდა მივიდეს თუ არა ამ საფუძვლით საქმე მიხეილ სააკაშვილის გასამართლებამდე, გია ვოლსკიმ უპასუხა, რომ არსებობს იმის პერსპექტივა, რომ სააკაშვილმა პასუხი აგოს მათ შორის, ამ დანაშაულზე.

„რეალურია, რომ ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. რეალურია ისიც, რომ სააკაშვილი ამბობდა - რუსეთი არაფერ შუაშიაო. რეალურია ისიც, რომ სააკაშვილმა თქვა - რუსეთის საქართველოს შემოჭრა ჩვენი სამხედროების მიერ ჩადენილმა დანაშაულმა განაპირობაო. რეალურია ისიც, რომ წლების განმავლობაში რუსეთის უპირატესობის განმტკიცებას ახდენდნენ სამხრეთ კავკასიაში და არამარტო სამხედრო თვალსაზრისით, არამედ ეს სტრატეგიული ობიექტების მიყიდვა იმისთვის სჭირდებოდა, რომ საკუთარი თავი დაეცვა მათი შესაძლო აგრესიისგან", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე