„4 ოქტომბერს, ნიღბებში გამოწყობილები თუ ხალხზე ხელს აღმართავთ, მაშინ განახებთ, მუქარა როგორი უნდა“
თამთა ჩაჩანიძე
(28.08.2025)

ოპოზიციის ნაწილი რევოლუციისთვის ემზადება და ამისთვის რეგიონებში ხალხთან შეხვედრებს მართავს, მთავრობაში კი აცხადებენ, რომ „მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს" და ეს მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია, „რასაც შესაბამისი პასუხი გაეცემა".

„დღეს მოძრაობა „რუსთაველის გამზირი" ვესტუმრეთ გორს. მადლობა გორელებს ასეთი შეხვედრისვის. 4 ოქტომბერს 16 სთ-ზე ვიკრიბებით რუსთაველზე და ვიბრუნებთ ივანიშვილის მიერ მიტაცებულ საქართბელოს!" - წერს „რუსთაველის გამზირის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე ფეისბუქზე და შეხვედრის ამსახველ ფოტოებსაც ურთავს, სადაც მოძრაობის წევრებთან ერთად ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილიცაა.

ხაბეიშვილი და ბურჭულაძე მანამდე კახეთში შეხვდნენ მოსახლეობას.

„ოცნების" დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე რევოლუციისთვის მზადებაში ჩართულების მისამართით მუქარანარევ პოსტს წერს, რომ „თუ რამე განიზრახეს, ვერავინ უშველით".

„4 ოქტომბერს, როდესაც „ოცნება" მისი ამომრჩევლის აბსოლუტურ მობილიზებას მოახდენს, თუ რამე განიზრახეს, ვერავინ უშველით! ხალხი გაგარჭობთ თქვენ ევროპელ პატრონებს! გაფრთხილებაა ქვეშაფსია დეგენერატებო და ჭკუას მოუხმეთ! ნამეტნავად აცუნდრუკულები ხართ და..." - წერს სამხარაძე ფეისბუქზე.

„4 ოქტომბერს, ნიღბებში გამოწყობილები თუ ხალხზე ხელს აღმართავთ, მაშინ განახებთ, მუქარა როგორი უნდა," - უპირისპირდება და ასევე მუქარით პასუხობს ხაბეიშვილი და დასძენს, რომ სამხარაძის განცხადება შეშინებული ადამიანის ნააზრევს ჰგავს.

„მინდა საზოგადოებას დავპირდე, რომ ამათ იმის ადგილი არ აქვთ, რომ ვინმეს დაემუქრონ. ეს მთელი პოსტი შინაარსობრივად რომ წაიკითხო, არის მხდალი, შეშინებული ადამიანის, ადამინათა ჯგუფის ნააზრევი და უნდა გევესმოდეს ერთი მარტივი ჭეშმარიტება, მათ იმდენად რღვევა და ჩამოშლა აქვთ სისტემური, რომ ზუსტად იციან, გდდ, პოლიცია ვერ მოახერხებს ასიათასობით ჩვენს თანამოქალაქეს და მის ნებას წინ აღუდგეს. ამიტომ ნახეთ რას აკეთებენ, კარგად წაიკითეთ პოსტში როგორ წერენ, იცით რა ჩვენ უნდა დავმობილიზდეთო.

„მისი მოწოდება ეხება ე.წ. ტენდერშიკებს, ფულს რომ წოვენ, პარავენ ქართველ ხალხს, იმათ მოუწოდებს, რომ ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ხალხსო. ახლა გადაგაცმევთ „მასკებს", დაიჭირეთ დუბინკებიო... მათ შორის საკრებულოს წევრებს, მერის მოადგილეებს , მერებს უნდათ, რომ ქართველი ქართველს დააპირისპირონ. იციან, რომ 4 ოქტომბერს ასი ათასობით ადამიანი მშვიდობიანი რევოლუციის მოწყობას უპირებს ივანიშვილს. მშვიდობიანად აპირებს დაამხოს ივანიშვილის რეჟიმი. შიში აქვთ, იმიტომ, რომ ზუსტად იციან, რომ კონსტიტუციის და კანონის ფარგლებს ჩვენ არასდროს არ გავცდებით, მაგრამ თუ ისინი გასცდებიან, ხალხის მრისხანებას მიიღებენ.

„ეს პოსტი მეტყველებს ერთ რამეზე, რღვევაზე, ჩამოშლაზე, შიშზე და იმაზე, ბიჭებო, ფული ხომ იშოვეთ, ჩაიცვით ეხლა ეს დუბინკები, რა გდდ-ს და პოლიციის იმედზე გინდათ იყოთ? ამიტომ, მე ყველას მოვუწოდებ, 4 ოქტომბერი არის ქართველი ხალხის გამარჯვების დღე და ხელი ვისაც წაგიცდებათ, მერე როგორ დასრულდება ეს თქვენთვის, თავადვე ნახავთ. ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ, კონსტიტუციასაც თქვენზე უკეთ ვკითხულობთ, ამიტომ, ჩვენ არა, მაგრამ აი თქვენ თუ ეცდებით ადამიანებზე ხელი აღმართოთ, ნიღბებში იქნება ეს თუ პოლიციის ფორმაში გამოწყობილი, აი განახებთ მუქარა როგორი უნდა," - განაცხადა ხაბეიშვილმა.

4 ოქტომბრის დაანონსებულ აქციას უერთდებიან ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია და აქტივისტები. უცნობია და ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებიათ არჩევნებში ჩართული ოპოზიცია რას იზამს, მონაწილეობის პარალელურად თუ შეუერთდება აქციას. ჯერჯერობით მკვეთრად გამოხატული არ აქვს პოზიცია მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, თუმცა განცხადებებში გარკვეული მინიშნებები იკითხება.

ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიები „დღეს თამაშობენ რაღაცა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, რაღაც კამპანიას", მისი თქმით, ეს არჩევნები არაფერს სასიკეთოდ არ შეცვლის და რომ ჩვენი ამოცანა „ქვეყნის მომავლის გადარჩენაა".

მანამდე მამუკა მდინარაძემ, რომელიც 23 აგვისტოს სუს-ის უფროსის თანამდებობაზე წარადგინეს, განაცხადა, რომ დამხობისკენ მოწოდება სს დანაშაულია, რის გამოც ოპოზიციის წარმომადგენლები ამავდროულად ახსენებენ „მშვიდობიან დამხობას".

„მართლა მიკვირს ერთი რამ, ჯერ ერთი, რამხელა შიში აქვთ და რა სიმხდალეა ჩადებული იმაში, რომ სიტყვა დამხობასთან ერთად ამბობენ მშვიდობიანს. ან დამხობის მნიშვნელობა არ იციან და ინტელექტი არ ჰყოფნით, ან სულელურ დაზღვევასთან გვაქვს საქმე. მშვიდობიანი მკვლელობა, შეიძლება ასე ვილაპარაკოთ? სიტყვა დამხობა თავისი არსით შეიცავს ისეთ შინაარსს, რომ მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს. ანუ, თუ დამხობას ამბობს, იმისი თავი უნდა ჰქონდეს, რომ მშვიდობიანი არ დააყოლოს, და თუ დამხობა უნდა, დაამხოს და გაეცემა შესაბამისი პასუხი. თუ ვერ ამბობს, მშვიდობიანს ნუ ამატებს. ადამიანების მშვიდობიანი დახოცვა, შეიძლება ასეთი რამ ილაპარაკო? ასეთ სისულელეს ამბობენ. ვითომ აზღვევენ, რადგან დამხობისკენ მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია და მშვიდობიანის კონტექსტს თუ შექმნიან, ამით დაიზღვევენ თავს. არც თავის დაზღვევაა და არც არაფერში ჯდება, როცა ლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, მშვიდობიან მკვლელობაზე, ხალხის მშვიდობიან ამოხოცვაზე და ეს სიტყვა ამ კონტექსტს არ აზღვევს", - განაცხადა მდინარაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე