თამთა ჩაჩანიძე
(27.08.2025)

თბილისის მერობის კიდევ ერთი კანდიდატი ცნობილია, 4 ოქტომბერს, კახა კალაძეს და ირაკლი კუპრაძეს კონკურენციას გაუწევს იაგო ხვიჩია "გირჩიდან", გადაწყვეტილება პრაიმერიზის შედეგად მიიღეს, ვიცე-მერობის კანდიდატი სანდრო რაქვიაშვილი იქნება, პარტიაში დასახელდა თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებიც - დათო ფანჯაკიძე, გიორგი გვენეტაძე, ეკა ონიანი.

"ქართულმა ოცნებამ" დედაქალაქის მერობის კანდიდატად მესამედ კახა კალაძე 31 ივლისს დაასახელა. ხანგრძლივი კონსულტაციების საფუძველზე კი "ლელოსა" და "გახარია საქართველოსთვის" საერთო კანდიდატიც შეირჩა, ირაკლი კუპრაძე მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებმა 18 აგვისტოს დაასახელეს. ხვიჩიას წარდგენა კი 26 აგვისტოს მოხდა.

ასევე ცნობილია მერობის კიდევ ერთი კანდიდატი "ალტ -ინფოდან"("კონსერვატრები საქართველოსთვის") ზურაბ მახარაძე, ის 11 აგვისტოს დასახელდა.

რა შანსები აქვს ხვიჩიას

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძეს "რეზონანსთან" მიაჩნია, რომ ხვიჩიას ჰქონდა ისეთი ინიციატივები, რამაც პროცესებზე ნეგატური გავლენა იქონია, თუმცა, მეორე ადგილზე გასვლის შანსი აქვს.

"ხვიჩია უაზრო ადამიანი არაა, რასაც ლაპარაკობს, ჩანს, რომ აზრიანი კაცია, მაგრამ ეგეც კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენელია. იაგო ხვიჩიამ ახლა იცვალა ფერი, თორემ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ყოველ წუთსა და წამს სააკაშვილსა და მის რეჟიმს ამართლებდა.

"სააკაშვილის რეჟიმის განაყოფია და ამავე დროს, კოლექტიურ იაგო ხვიჩიას დიდი დანაშაული მიუძღვის, რადგან ის იმ "გირჩის" სიით შევიდა პარლამენტში, რომელმაც ქართველი ახალგაზრდობა სასიკვდილოდ გაწირა, მხედველობაში მაქვს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, ამავე დროს მათ ჩაიდინეს ღალატი სამშობლოს მიმართ, როცა ახალგაზრდობას მოუწოდებდნენ სამშობლოს დასაცავად ჯარში არ წასულიყვნენ",- განაცხადა გვენეტაძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხვიჩია, კალაძეს და კუპრაძეს კონკურენციას ვერ გაუწევს.

"ჩემი აზრით, ხვიჩია ვერ გაუწევს ვერანაირ კონკურენციას ვერც კალაძეს და ვერც კუპრაძეს. თვითონ გირჩის რეიტინგი იყო სადღაც 3-4% დაშლამდე და ახლა მითუმეტეს მათი რეიტინგი კიდევ უფრო მცირეა და ბუნებრივია შანსი არანაირი არაა. თავად პარტიასაც ბარიერის გადალახვის მცირე შანსები აქვს, რადგან ყველაფერთან ერთად, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დიდი ნაწილი არჩევნებზე წასვლას არ აპირებს",- განაცხადა ჩიტაძემ.

ვინ რომელ ადგილზე გავა

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის პროგნოზით, პირველ ადგილზე კახა კალაძე გავა, მეორეზე იაგო ხვიჩია და მესამეზე კუპრაძე.

"პირველ ადგილზე რა თქმა უნდა, ძალიან დიდი უპირატესობით კახა კალაძე გავა და მოიგებს, მეორეზე ალბათ იაგო ხვიჩია და მესამეზე - კუპრაძე. კუპრაძე ლაპარაკობს ვერასდროს ვერ გავხდები თბილისელიო და ხვიჩიას შანსი აქვს, რომ მეორე ადგილზე გავიდეს, ალბათ 1-2%-ით მეტს აიღებს,ვიდრე კუპრაძე",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის პროგნოზით კი რეიტინგები ასეთი იქნება - კალაძე, კუპრაძე, ხვიჩია.

"პირველ ადგილზე კალაძე გავა, მერე კუპრაძე და მერე ხვიჩია. "ოცნება" თავის ამომრჩევლის მობილიზაციას მოახდენს. აქ მთავარი ის არაა ვინ გადის პირველზე, არამედ ის, თუ ეს არჩევნები რამდენად ლეგიტიმურია. თუმცა ამ მოცემულობიდან და ამ ცესკო-თი კომბინაცია შეიძლება ასე დალაგდეს, როგორც აღვნიშნე.

"ქართულ ოცნებას" აშკარა უპირატესობა ექნება, მეორეზე "ლელოსა" და გახარიას პარტიას, მესამეზე "გირჩს" ვვარაუდობ, თუმცა, საერთო ჯამში, "გირჩს" გაცილებით ნაკლები ხმა შეიძლება ჰქონდეს, ვიდრე მეორე ადგილზე გასულს",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".

რას აცხადებენ "გირჩში"

იაგო ხვიჩიას განცხადებით, პარტიის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი და ვიცე-მერობის კანდიდატი სანდრო რაქვიაშვილი იქნება. ხვიჩიას თქმით, „გირჩი" მზად არის დებატებში მონაწილეობისთვის ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან და კანდიდატთან, თუკი განხილვის თემა თბილისის კეთილდღეობა იქნება. ხვიჩიას განცხადებით, თბილისი უნდა გახდეს მეგაპოლისი და კავკასიის ეკონომიკური ცენტრი.

„მადლობა მათ, ვინც ღირსად ჩამთვალა აქ ვმდგარიყავი. რატომაც უნდა ამირჩიოთ, არის ეს გუნდი, რომლითაც წარვდგები თბილისელი ამომრჩევლის წინაშე. არავის ჰყავს სანდრო რაქვიაშვილი, ჰერმან საბო, დათო ფანჯაკიძე, გიორგი გვენეტაძე, ეკა ონიანი. აქ ხალხი შერჩეულია საკუთარი პრინციპების და მორალის, კვალიფიკაციის მეშვეობით. ჩვენ თავხედურადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზად ვართ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას ნებისმიერ დებატებში, რომელიც შეეხება ქალაქის კეთილდღეობას, დავუჯდეთ.

"ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელსაც უნდა ამ ქალაქისგან მეგაპოლისი გამოვიდეს. ძირითადად პოლიტიკოსები „ჩალიჩობენ" აქედან სოფელი გამოვიდეს. ჩვენ გვინდა, რომ თბილისი გავათავისუფლოთ ზედმეტი ტვირთისგან. გვინდა , რომ ამ ქალაქისგან არა სოფელი გამოვიდეს, არამედ ნიუ-იორკი. თბილისი უნდა იყოს კავკასიის ეკონომიკური ცენტრი.

"ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც არ იმუქრება შურისძიებით. ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც ამბობს, რომ უნდა შევრიგდეთ. ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც ამბობს, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის",- განაცხადა იაგო ხვიჩიამ სიტვყით გამოსვლისას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე