საქართველოში სავალუტო რეზერვების შევსება გრძელდება და მისმა მოცულობამ 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რის შედეგადაც დაფიქსირდა ისტორიული მაქსიმუმი. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ რეზერვების შევსებას სებ-ი კვლავ განაგრძობს, მით უმეტეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ეს ნაბიჯი უფრო მეტად პრიორიტეტულია.
ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის დასაწყისიდან საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მილიარდ 300 მილიონი დოლარით გაზარდა. ივლისის მდგომარეობით, რეზერვების მოცულობა, ჯამში, 5 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
„საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა, ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის", - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
იანვარ-თებერვალი - ბიმატჩ პლატფორმაზე წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა
მარტი - 101.7 მილიონი აშშ დოლარი
აპრილი - 266.4 მილიონი აშშ დოლარი
მაისი - 245.4 მილიონი აშშ დოლარი
ივნისი - 266.0 მილიონი აშშ დოლარი
ივლისი - 416.9 მილიონი აშშ დოლარი
ასეთი მოცემულობიდან გამომდინარე, როგორც სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, წლევანდელი წელი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, არის საუკეთესო, საერთაშორისო რეზერვების შევსების თვალსაზრისით.
"ჩვენი წესის თანახმად, ივლისის მდგომარეობით გამოვაქვეყნეთ სტატისტიკა და აქაც უკვე ჩანს, რომ 5 მილიარდს გადააჭარბა საერთაშორისო რეზერვებმა, მაგრამ აგვისტოშიც, მინდა გითხრათ, რომ ასევე გრძელდებოდა რეზერვების შევსება. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ წლევანდელი წელი იქნება რეკორდული რეზერვების შესყიდვის და შევსების თვალსაზრისით. აქ ძირითად როლს ასრულებს მზარდი ეკონომიკა და, პირველ რიგში, ის საექსპორტო დარგები, რომლებიც საქართველოში უცხოური ვალუტის ძირითადი შემომტანები არიან. ეს არის ტურიზმი, ეს არის მომსახურების და სასაქონლო ექსპორტის სხვა დარგები. და, რა თქმა უნდა, ზოგადად სტაბილური ვითარება, რაც ძალიან მიმზიდველია ამ თვალსაზრისით - სიმშვიდე სავალუტო ბაზარზე, სიმშვიდე ზოგადად ბიზნეს სუბიექტებს შორის, ვინც ვალუტის ყიდვა-გაყიდვით არის დაკავებული და ამ კუთხით, კეთილსაიმედო პროგნოზი გვაქვს," - განაცხადა თურნავამ.
იგივეს ფიქრობენ სპეციალისტები, რომ მიმდინარე წელი სავალუტო რეზერვების მიმართულებით საუკეთესო პერიოდია. როგორც "თიბისი კაპიტალის” მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ აღნიშნა, ბოლოდროინდელ შესყიდვებში წმინდა სავალუტო შემოდინების გაუმჯობესების წვლილი მნიშვნელოვანი იყო
"საქართველოში სესხებისა და დეპოზიტების ლარიზაციის გრძელვადიანი ტენდენცია გრძელდება. ყოველთვის, ადრე თუ გვიან, სენტიმენტები იცვლება და უკვე, როგორც დეპოზიტების, ასევე სესხების შემთხვევაში, საპირისპირო მიმართულებით ქცევას აქვს ადგილი.
სწორედ მსგავსი დინამიკა დაფიქსირდა 2024-2025 წლებში, თუმცა ამჯერად, ორივე მიმართლებით საკმაოდ მასშტაბურ კონვერტაციებს ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა არ გამოუწვევია, რაც სებ-ის ინტერვენციებმა განაპირობა. კერძოდ, თუ შარშან, მაისი-ოქტომბრის პერიოდში სებ-ის მიერ ვალუტის წმინდა გაყიდვამ 875 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ნოემბერ-თებერვალში უკვე 153 მილიონი დოლარის წმინდა შესყიდვა დაფიქსირდა, ხოლო მარტიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით, ჩვენი შეფასებით წმინდა შესყიდვა დაახლოებით 1.5 მილიარდი აშშ დოლარით განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი შეფასებით, ბოლოდროინდელ შესყიდვებში წმინდა სავალუტო შემოდინების გაუმჯობესების წვლილი მნიშვნელოვანი იყო. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ ივლისის წინასწარი ინდიკატორი კვლავ უკეთესია. მთლიანობაში, სხვადასხვა ანალიტიკური შეფასების გამოყენებით, შეიძლება ითქვას, რომ ლარის გამყარების მიმართულებით კონვერტაციები დასრულებული ჯერ კიდევ არ არის, რაც, გაცვლითი კურსის მხრივ, სადღეისოდ არსებული მოლოდინის გათვალისწინებით, ლარის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ფაქტორია”, - განუცხადა ოთარ ნადარაიამ "რეზონანსს”.
სავალუტო რეზერვებთან დაკავშირებით ისაუბრა საბანკო სფეროს სპეციალისტმა მიხეილ თოქმაზიშვილმა და აღნიშნა, რომ მართალია, ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირებულია, მაგრამ მაჩვენებლები მაინც იძლევა სავალუტო რეზერვების შევსების საშუალებას.
"რეზერვების შევსების საშუალებას იძლევა ეკონომიკური ზრდა და ჯერჯერობით არსებობს შესაბამისი ტემპი. მართალია, ადრე უფრო მაღალი მაჩვენებელი იყო და ახლა შემცირებულია, მაგრამ ცენტრალურმა ბანკმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს რეზერვების შევსების საშუალება. ვერ გეტყვით რა იქნება მომავალში, რადგან არსებობს გარე შოკები, რომლებმაც შესაძლოა, ზემოქმედება მოახდინონ საქართველოზე. განსაკუთრებით ეს ეხება გლობალურ შოკს, მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია რუსეთთან, უკრაინასთან, აღმოსავლეთის ქვეყნებთან და ა.შ.
საქართველო არის ძალიან მგრძნობიარე ყველანაირი შოკის მიმართ და ამიტომ, ამ ეტაპზე, იმის თქმა, რომ ქვეყანა სტაბილურობას შეინარჩუნებს ან ვერ შეინარჩუნებს, ძნელი იქნება”, - განუცხადა "რეზონანსს” თოქმაზიშვილმა.
სამომავლო პროგნოზზე ისაუბრა ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ და ხაზი გაუსვა, რომ უკვე ოქტომბრისათვის სავალუტო რეზერვები თავისუფლად გადააჭარბებს 5.3 მლრდ აშშ დოლარს, რაც დღემდე მაქსიმუმად ითვლება და ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეც ავა.
"ივლისში სებ-მა საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 416. 9 მლნ აშშ დოლარით შეავსო, ხოლო წლის დასაწყისიდან მისი ნეტო მაჩვენებელი სარეკორდოდ 1.3 მლრდ აშშ დოლარით არის გაზრდილი და მეტია 2023 წლის პირველ ექვს თვეში დაფიქსირებული რეკორდული რაოდენობის - 1.08 მილიარდი შესყიდვასთან შედარებით.
რეზერვების მთლიანმა მოცულობამ უკვე გადააჭარბა 5 მლრდ აშშ დოლარს. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ სწორედ ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური რყევების შედეგად 2024 წლის ნოემბრის დასაწყისში რეზერვები 4.08 მილიარდამდე იყო შემცირებული, ზრდა მართლა თვალსაჩინოა და უკვე გადააჭარბა 2023 წლის ნოემბრის მაჩვენებელს, როდესაც რეზერვების დონე 5.11 მილიარდი იყო.
რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს, სექტემბერ-ოქტომბერში საერთაშორისო ტურიზმის პიკს და მთლიანად მომსახურების ექსპორტის მზარდ დინამიკას, უკვე ოქტომბრისათვის სავალუტო რეზერვები თავისუფლად გადააჭარბებს 5.3 მლრდ აშშ დოლარს, რაც დღემდე მაქსიმუმად ითვლება და ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე ავა", - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე