თამთა ჩაჩანიძე
(24.08.2025)

ადგილობრივი არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს დაანონსებული აქციის წინ, ბოიკოტში მყოფ ოპოზიციაში როგორც ჩანს დაპირისპირებაა. ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმდჯომარე ლევან ხაბეიშვილი ბოიკოტში მყოფ დანარჩენ ოპოზიციას კვლავ ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობისკენ" მოუწოდებს და თან მათ ურეიტინგო „დასაქმებულ ოპოზიციას" უწოდებს, რომლებიც ტელევიზიით „ჭკუას გვარიგებენ". რაზე მიუთითებს ეს დაპირისპირება და რა არის ოპტიმალური გამოსავალი ოპოზიციისათვის?

ენმ-სთან ერთად 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის ბოიკოტი სულ 8 პარტიას აქვს გამოცხადებული. გასულ კვირაში ხაბეიშვილმა მათ მიმართა და მოუწოდა, რომ თუკი ენმ-ს მიერ არჩევნების დღეს აქციის დაგეგმვას არ იწონებენ, თავად წამოაყენონ კონკრეტული გეგმა, თუ როგორ ესახებათ „ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოცილება.

შაბათს მან მორიგი განცხადება გააკეთა, სადაც კიდევ უფრო მწვავედ გააკრიტიკა ბოიკოტში მყოფი ის ოპოზიციური ძალები, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციას ემიჯნებიან. ამას კი ასევე მწვავე გამოხმაურება მოყვა „ფედერალისტების" ლიდერ თამარ ჩერგოლეიშვილისგან.

ხაბეიშვილის განცხადება და ჩერგოლეიშვილის პასუხი

ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ტიპებს" ოპოზიციური პარტიის „ლიდერი" რომ აწერიათ, „ფეისბუქზე" 8-12 „ლაიქი" რომ აქვთ და ჭკუას გვარიგებენ ტელევიზიით, რომ მხოლოდ მათ იციან ივანიშვილის დამარცხების გზა - თმენით, დალოდებით, დასვენებით (აგვისტოაო :))) ) და „გარედან"...

„ოჯახის წევრები არ იწონებენ „ფეისბუქზე" და „ინტელექტუალური", სერიოზული სახით, როგორც „გამოცდილი" პარტმუშაკი, აფრქვევს სიჭკვიანეებს... აზრზე არ არიან, რა უნდათ, ან ვინ არიან, ან სად მიდიან... სიტყვა „მშვიდობიანი დამხობის" და „მშვიდობიანი რევოლუციისაც" კი ეშინიათ, მუხლებში „კვეთავთ"...

„არ „მოიღალოთ" ამ ხალხის ყურებით!!! 4 ოქტომბერს გავერთიანდეთ რუსთაველზე და ქართველი ხალხის გამარჯვება გარდაუვალია!!! ვაჩვენოთ ივანიშვილსაც და „დასაქმებულ" ოპოზიციასაც, თუ რა შეუძლია ხალხს! დამხობა ივანიშვილს!!!" - წერს ხაბეიშვილი.

კვირას ამის საპასუხოდ „ფედერალისტების" ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხაბეიშვილი სწორედ მათ პარტიას ესხმის თავს.

„ხაბეიშვილი „რვიანს" ესხმის თავს და არა ხაზარაძეს. ბიძინას ბუცეფალის დანიშნული ოთხი ოქტომბრის გამარჯვების დღედ გამოცხადებაში იღებს შეუზღუდავ ეთერს „ტვ პირველზე" და მიშასაც უსრულებს და ხაზარაძესაც ეს ცუმბუშა კლოუნი „რვიანის" გინებით - მიშამაც ხომ მოითხოვა, არ დაესხათ თავს ხაზარაძესო. ეთერი უნდა თავისი სპიკერებისთვის, რაც მთავარი შემოეფშვნა - აბა, ისე როგორ დააზიანებს ყველაფერს, სადაც მის კულტს არ ვემსახურებით", - წერს ჩერგოლეიშვილი

კონფლიქტის მიზეზები

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ენმ გამწარებულია, რადგან საბოლოო ჯამში აღარ შესწევს უნარი მასობრივ აქციებს სათავეში ჩაუდგეს და არაა გამორიცხული, რომ ბოიკოტში მყოფი ოპოზიციისთვისაც არ იყოს მისაღები, რომ პროცესებს ეს პარტია და მათი ლიდერები გაუძღვეს.

„ესაა „კოლექტიური ნაცმოძრაობის" დაპირსპირება დანარჩენ საქართველოსთან, მათ გვერდში არცერთი სხვა პოლიტიკური ძალა არ დგას. გამწარებულია, რომ შუის გაკრეფის პროექტი ჩაუვარდა, რაც „ოცნებას" თავის დროზე არ გამოუვიდა და რამაც „ლელო" და გახარია გააძლიერა, რის პარალელურადაც კოლექტიური ენმ-ის რეიტინგი დაეცა, ამაზე არიან გამწარებულები. ჩათვალეს, ბოიკოტში ყველას ჩაითრევდნენ ყველას და ამ პარტიებს ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე გაანადგურებდნენ. ჩაუვარდათ და გამწარებულები არიან, მათ გარეშე მიდის საარჩევნო პროცესი, „ლელო" და გახარია აითვისებენ იმ თავისუფალ ზონას, რაც კოლექტიურმა ენმ-მ დაუტოვა. კოლექტიურს ვუწოდებ „ნაცმოძრაობას" და „ახლებს", რომლებმაც დღეს ნომრებიც დაკარგეს.

„რაც შეეხება ბოიკოტში მყოფებს, შიგნით რა ხდება არ ვიცი, მაგრამ ეტყობა მხოლოდ ქაღალდზე გაფორმებულ ერთობაში მყოფი ეს 7 პარტია მათ ბოლომდე არ მიჰყვება. შეიძლება 4 ოქტომბრის აქციაზე ბევრი ხალხი გამოვიდეს, მაგრამ ენმ უკვე დიდი ხანია სათავეში ვეღარ უდგება მასობრივ გამოსვლებს. სადაც ჩნდება, იქ სკანდალებია. სააკაშვილის სურათის გამოფენაც სკანდალს იწვევს და ა.შ. ანუ ენმ ბოიკოტის მომხრე ოპოზიციაში კი არა, აქციის მონაწილლეებისთვისაც არაა ცალმხრივად მისაღები და სადაც ენმ თავის კონცეფციას სთავაზობს, იქ მუდმივად სკანდალია.

„4 ოქტომბერს ცვლილებების მომხრე ბევრი ხალხი გამოვა და შესაძლოა ენმ ამას მიეკედლოს, მაგრამ ეს ერთ-ორ კვირაზე მეტს არ გაგრძელდება. ოპტიმალური გეგმა ისაა, რომ აღიარონ, რომ შეცდომა დაუშვეს, როდესაც ბოიკოტზე წავიდნენ; მოუწოდონ თავის ამომრჩეველს მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ რომელიმე ოპიზიციურ ძალას, რათა „ოცნების" მერობის კანდიდატებმა პირველ ტურში არ გაიმარჯვონ; შეწყვიტონ აბსურდის თქმა, რომ არჩევნები რუსეთიდან შემოდგებული თემაა. ესაა კონსტიტუციის მიერ დადგენილი, მაგრამ „ოცნება" ამას ეფექტურად იყენებს, როგორც ავტორიტარული რეჟიმი. წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა „ოცნებას" რომ ეთქვა - არ ჩავატარებ ადგილობრივ არჩევნებსო. ხომ იტყოდნენ - ეს რუსეთის მიერ შემოდგებულიაო?!" - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხაბეიშვილს ახლა სიტუაციით სარგებლობს და თავის წარმოჩენა სურს, თუმცა, ანალიტიკოსის თქმით, ის „ლიდერად ვერ ივარგებს".

„დაპირისპირება ერთადერთ რამეზე მიუთითებს - რომ განწირულები არიან ისტორიის სანაგვესთვის. ოპოზიცია რომლის ლიდერიც ხაბეიშვილია, უკვე დასრულებულია. სხვა რომ არავინ არ ჰყავთ ლიდერად ნანული ჟორჟოლიანისა და ია ფარულავას გარდა, იქ უკვე უმძიმესი სიტუაციაა. ხაბეიშვილს ახლა მხოლოდ თავის წარმოჩენა სჭირდება. საერთოდ, პატარა კაცები არეულ სიტუაციაში წამოყოფენ ხოლმე თავს, საკუთარი „მე"-ს წარმოჩენის მიზნით, მაგრამ ხაბეიშვილს ვერ გაუაზრებია, რომ ლიდერად ვერ ივარგებს.

„რაც შეეხება 4 ოქტომბრის აქციას, რამდენი ხალხი უნდა გავიდეს? ხაბეიშვილს, ფარულავას, ჟორჟოლიანს ვინც მიჰყვება, ისინი იქნებიან. ასეთი ხალხი კი არის საქართველოში, მაგრამ ცოტაა.

„ნორმალურ ოპოზიციას მიზნად უნდა ჰქონდეს დასახული არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა და ეს იქნებოდა მათთვისაც ოპტიმალური გამოსავალი, მათ ეს გზა უარყვეს და ახლა დესტრუქციულ გზას ადგანან, იმართებიან გარედან. მათმა ბატონებმა მშვენივრად იციან, რომ ამათგან არაფერი გამოვა და ხელს უწობენ, რომ ისტორიის კანალიზაციაში ჩაირეცხონ", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე