"ისფედი" 4 ოქტომბრის არჩევნებს არ დააკვირდება, თუმცა გააგრძელებს საარჩევნო პროცესის მონიტორინგს. მმართველ პარტიას "სულერთიას" პოზიცია აქვს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლასთან დაკავშირებით და ჯერჯერობით ბოლომდე არაა ცნობილი დეტალები, თუმცა, დიდი ალბათობით არც ის დააკვირდება არჩევნებს.
შედეგად, ამ არჩევნებზე სადამკვირვებლო აქტიურობა როგორც ჩანს იკლებს.
ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით, ეს თავის მხრივ გავლენას იქონიებს საერთაშორისო აღიარების თვალსაზრისით, თუმცა, ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ფიქრობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ გაუწევს პროცესს მონიტორინგს და თავიანთი ნებაა.
"სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორმა ლევან ნატროშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში 4 ოქტომბერს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტული გარემოში ჩატარების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად არის შეზღუდული.
რაც შეეხება ეუთო/ოდირის ჩამოსვლას, რამდენიმე დღის წინ "ოცნების" დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია შეიძლება მოიწვიონ, შეიძლება არა" და მმართველი პარტია "სულერთიას" პოზიციაზეა.
ცოტა ხნის წინ მედიით ცნობილი გახდა, რომ ეუთო/ოდირს "ქართული ოცნების" მთავრობისგან არ მიუღია მოწვევა თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად და თუ 4 ოქტომბრის არჩევნებს არ დააკვირდებიან, ეს ეწინააღმდეგება წინა პრაქტიკებს, როდესაც მათ 2021, 2017, 2010 და 2006 წლების ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად იწვევდნენ.
თუ ეუთო/ოდირი და "ისფედი" არჩევნებს არ დააკვირდებიან
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ ეუთო/ოდირი და "სამართლიანი არჩევნები" არჩევნებს არ დააკვირდებიან, შესაძლოა "ოცნებას" აწყობს კიდეც.
"შეიძლება "ოცნებას" აწყობს კიდეც, რომ თავის პასუხისმგებლობა მოიხსნას როგორც ეუთო/ოდირის, ისე "სამართლიანი არჩევნებისა" და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე. მათი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა და სანამ სანქციები უშუალოდ მათ შემოსავალზე არ აისახება, მანამ დიდ გულზე იქნებიან. აშშ-ში "მეგობარი აქტი" ჯერ კიდევ არ მიუღიათ, უნგრეთი და სლოვაკეთი ვეტოს უფლებით სარგებლობენ და ჯერჯერობით მათთვის დამკვირვებლების ყოფნა-არყოფნა მტკივნეული საკითხი არაა.
"მათთვის მტკივნეული იქნება, თუ რეალურად სანქციები ამოქმედდა. თუ ეუთო არ იქნება იტყვიან, რომ ჩვენთვის მთავარი სუვერენიტეტი და ქართველობის შენარჩუნებაა და სარგებლობენ იმით, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილი ამას იჯერებს და მათ მხარს უჭერს სხვადასხვა მიზეზის გამო. ეფექტს ისეთი სანქციები უფრო მოიტანს, რომელსაც მათ შემოსავალზე დიდი გავლენა ექნება, ვიდრე ეუთოს დასწრება-არდასწრება.
"სამართლიან არჩევნებს" წინასაარჩევნო პროცესზე მონიტორინგი ექნება. ეს არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება, დასავლეთის თვალში ძალიან ცუდი იქნება, როცა არც ეუთო/ოდირი დაესწრება და არც შიდა არასამთავრობო ორგანიზაციები და "ოცნებას" საერთაშორისო პრესტიჟი ისედაც შერყეული აქვს და ზუსტადაც დასავლეთის მხრიდან გარკვეული ნაბიჯებია საჭირო სანქციების თვალსაზრისით",- განაცხადა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს არჩევნები დამკვირვებლების გარეშე ისედაც იქნება შეფასებული სამართლიანად და კონკურენტუნარიანად.
"ეს არჩევნებიც ისეთად იქნება შეფასებული, როგორც გასული წლის საპარლამენტო არჩევნები ეუთო/ოდირმა შეაფასა, რომ იყო კონკურენტუნარიანი, სამართლიანი და მიუთითებდა იმ ზოგიერთ ხარვეზებზე, რომელიც ყველა არჩევნებისთვის დამახასიათებელია.
"ისფედი" და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ არიან მართული იმ ხალხისგან, რომლებსაც საქართველოში რევილუცია სურთ, არჩევნები რაც არუნდა კარგად ჩატარდეს, იტყვიან ასე არ იყოო. არჩევნები კარგადაც ჩატარდა და ტარდებოდა, მაგრამ "ისფედს" დღემდე არ გამოუქვეყნებია ის შედეგები, რომლებიც რეალურად იყო.
"იფსედი" ასეთი ორგანიზაციები დაეწრებიან თუ არა არჩევნებს, ეს მეასეხარისხოვანია და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აქ უმთავრესი არის ქართველი ხალხი, ვინც არჩევნებზე მივა",- განაცხადა მან.
"რეზონანსის" კითხვის საპასუხოდ გვენეტაძემ გვითხრა, რომ არც იმას აქვს ნიშვნელობა ეუთო/ოდირი დააკვირდება თუ არა.
"ჩამოვიდა ეუთო/ოდირი, დააკვირდა, დასკვნა დადო დადებითი და არაფერი არააო თქვეს და ამიტომ რა აზრი აქვს? ვინც არ უნდა მოიწვიონ და როგორც არ უნდა გააკეთონ, რაც არუნდა კარგი დასკვნა დაიდოს მაინც 5 ოქტომბრიდან ერთხმაში იქნება ძახილი არჩევნები გაყალბდაო, ამიტომ ვერ ვხედავ რაიმე უარყოფითს თუ არ დაესწრებიან. არ დაესწერებიან მათი ნებაა, დაესწრებიან - მათი ნება",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.
რას ამბობენ "ისფედში"
როგორც „სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ნატროშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ორგანიზაციამ მოამზადა ანგარიში, რომელიც საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინა პერიოდში არსებულ გარემოს აფასებს.
„ანგარიშისთვის მნიშვნელოვან გზამკვლევს ჩვენთვის წარმოადგენდა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის, როგორც ამ გაერთიანებაში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნისთვის წამოყენებული მოთხოვნა, რომ ქვეყანამ ჩაატაროს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები.
„სამართლიანი არჩევნების" მოსაზრებით, ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა ის სამი პირობა, რაც მოიცავს ძირითადი უფლებების პატივისცემას, საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობასა და პროცედურული გარანტიების არსებობას, ქვეყანაში დიდწილად არ არის დაცული, რითაც თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად არის შეზღუდული.
აქედან გამომდინარე, „სამართლიანი არჩევნები" მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება, თუმცა, ორგანიზაცია აგრძელებს მიმდინარე პოლიტიკური, მათ შორის საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და პერიოდულ შეფასებას",-განაცხადა ნატროშვილმა.
მისი განმარტებით, 2024 წლის არჩევნების შედეგების აღიარების კუთხით ძალიან ბევრი კითხვა იყო, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.
„ის პოლიტიკური და სახელისუფლებო კრიზისი, რაც მაშინ დაიწყო, დღესაც გრძელდება. მოგეხსენებათ, საპარლამენტო არჩევნების შედეგები ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ არ აღიარა. ისინი საპარლამენტო საქმიანობაზე დღემდე უარს აცხადებენ, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ერთპარტიულად „ქართული ოცნების" მიერ არის დაკომპლექტებული ის პარლამენტი,რომელიც დღეს ფუნქციონირებს. ეს დასაწყისი იყო ამ პოლიტიკური კრიზისის და იმ მძიმე პოლიტიკური კონტექსტის, რომელიც დღეს გვაქვს",- განაცხადა ნატროშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება, ასევე, საპროტესტო აქციებში მონაწილეების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება საარჩევნო გარემოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.
ლევან ნატროშვილის თქმით, ვითარებას აუარესებს ის ფაქტი,რომ ხელისუფლება რეპრესიულ პოლიტიკას ატარებს არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და აქტივისტების, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაც.
„ის ფონი, რაც ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის სტანდარტების ხარისხით კუთხით არის დღეს ქვეყანაში შექმნილი, მნიშვნელოვანი უკუსვლა გვაქვს ქვეყანას ამ მიმართულებით. ნებისმიერი სანდო რეიტინგი რომ ავიღოთ, მაგალითად, "ფრიდომ ჰაუსი"-ს ბოლო ანგარიში, საქართველომ დაკარგა საარჩევნო დემოკრატიის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმალური სტანდარტები, რაც საარჩევნო პროცესებისთვის არის მნიშვნელოვანი, ქვეყანაში დაცული აღარ არის. ასევე, ის რეპრესიული პოლიტიკა, რომელიც ჩვენ ვნახეთ და ახლაც ვხედავთ „ქართული ოცნების" მხრიდან",- განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე