აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში მისი როლის კონტექსტში საქართველოზეც გააკეთა აქცენტი. ამბობს, რომ მისი მმართველობის დროს, რუსეთს "არაფერი წაუღია". ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უახლოეს ხანში საქართველოზეც გადმოერთოს. ნაწილი კი აცხადებს, რომ ეს პაუზა მანამდე შენარჩუნდება, სანამ ჩინეთთან ურთიერთობას არ გაარკვევს.
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჟურნალისტ მარკ ლევინის შოუში განაცხადა, რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს "ყირიმი წაიღეს", "საქართველოს დიდი ნაწილი" კი 2008 წელს ჯორჯ ბუშ უმცროსის დროს.
გააქტიურდება თუ არა ტრამპის ადმინისტრაციაში საქართველოს საკითხი
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ტრამპს უყვარს იმაზე აქცენტის გაკეთება, რომ სხვა პრეზიდენტობის დროს ცუდი რაღაცეები ხდებოდა და ამ კონტექტში ბუშის მმართველობის პეროდი და საქართველოც ახსენა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში, ტრამპის ადმინისტრაციაში საქართველოს საკითხი გააქტიურდება, სანამ ჩინეთთან არ გაარკვევს ურთიერთობას.
"ტრამპს ეგ ფორმულა უყვარს, რომ სხვა პრეზიდენტების დროს ცუდი რამეები ხდებოდა - ამის მაგალითი საქართველოა და მაგის დროს არა. ანალოგიური სვლა ადრეც გააკეთა, მაგრამ მერე არაფერი მოხდა. ამიტომ ახლაც არ მგონია, რომ ჩვენსკენ რაიმეს ნიშანი იყოს, რადგან საქართველოსკენ მის მოძრაობას მოტივი უნდა ჰქონდეს.
"რაღაცაში უნდა სჭირდებოდეს ის, რომ საქართველოს კალთა გადააფაროს. ასეთი მოტივი ჯერჯერობით არ ჩანს. ეს განცხადება იყო მხოლოდ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების კონტექტიდან გამომდინარე, მან სამშვიდობო ნაბიჯის გადადგმა მოახერხა, რაც წინა პრეზიდეტებმა ვერც მოახერხეს და კაცმა რომ თქვას, არც სცადეს, რასაც დანაკარგები მოჰყვა.
"უმცროსი ბუშის დროს, საქართველო ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან მას ჰქონდა იდეა, რომ ხავერდოვანი რევოლუციებით ავღანეთამდე გასულიყო. ამ იდეის განხორციელება საქართველოში მოახერხა, სააკაშვილს დემოკრატიის შუქურა უწოდა. ასევე მოახერხეს უკრაინასა და ყირგიზეთში - ეს მოქმედი პროექტი იყო და მერე გარკვეული მიზეზების გამო ეს შეჩერდა.
"ეს პროექტი იყო მიზეზი იმისა, რომ საქართველო გამადიდებელ შუშაში მოხვდა. მაშინ ბუშს ამ პროექტში ხელს უწყობდა მამა სოროსი, ვარდების რევოლუციის შემდეგ, სოროსმა განაცხადა კიდეც, რომ ექსპერიმენტი გამოგვივიდაო, ანუ ისინი დარწმუნებულები არ იყვნენ, რომ შედეგს მიიღებდნენ და ძალიან გაუხარდათ, რომ გამოუვიდათ.
"ძალების და ინტერესის ასეთი ჩართვა, ასეთი პროექტი, პროგრამა, რომლისთვისაც მათ საქართველო სჭირდებათ, ჯერჯერობით არ ჩანს. ამიტომ, ჯერჯერობით არც იმის მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ ასეთ მაგალითად მოყვანის იქით, რეალური პოლიტიკიური ინტერესი წავა.
"არ ვთვლი, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ამას არ უნდა ველოდოთ, პირიქით, ყველაფერზე გაირკვა ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია, მაგრამ ახლა აქვს დასალაგებელი ჩინეთთან, აი, როცა პეკინთან ტრამპის პოზიცია დალაგდება, მერე გაირკვევა ამერიკისთვის კავკასიური გზა ჩინეთის ტრანზიტისთვის მისაღებია, თუ არა. თუ მისაღებია, ის საქართველოს გაძლიერებას ხელს შეუწყობს, თუ მიუღებელია, ის გაგრძელდება, რაც ბაიდენის დროს იყო",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ტრამპმა სინამდვილე განაცხადა და ისიც მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი საკითხი გააქტიურდეს კიდეც.
"ტრამპმა განაცხადა ის, რაც სინამდვილე იყო - ზუსტად ბუშის ხელისუფლების დროს მოხდა ის უბედურებები, რომელიც თავს საქართველოს დაატყდა. პირველი იყო მამა ბუშის დროს მეორე - შვილის.
ძალიან კარგად გვახსოვს 2008 წელს ბუშის პოლიტიკა, რომ არა ბუშისა და მისი ქორების დამოკიდებულება სამრეთ კავკასიასა და პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ და მათ რომ კარტ-ბლანში არ მიეცათ და სააკაშვილი მათ რომ არ წაექეზებინათ, ის მათ გარეშე ომის დაწყებას კი არა, საპირფარეშოში ვერ მიდიოდა",- განაცხადა გვენეტაძემ.
ედიშერ გვენეტაძე არ გამორიცხავს, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში საქართველოს საკითხის გააქტიურება დაიწყოს.
"არ გამოვრიცხავ. დღეს ისეთი მსოფლიო გადანაწილებები მიმდინარებს და ამას დიდი სახელმწიფოები აკეთებენ, რომ არ გამოვრიცხავ, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში საქართველოს საკითხი გააქტიურდეს და მსოფლიო გადანაწილების პროცესში საქართველოს ტერიტორიეული მთლიანობის საკითხი დადებითად გადაწყდეს. ყოველ შემთხვევისთვის, მის დადებითად გადაწყვეტის საფუძვლები მყარად ჩაეყაროს",- განაცადა ედიშერ გვენეტაძემ "რეზონანსთან".
რას აცხადებს აშშ-ს პრეზიდენტი საქართველოზე
„ყირიმი ობამამ დათმო და ამის შესახებ არავინ საუბრობს. ეს მე რომ გამეკეთებინა, მომდევნო 20 წლის განმავლობაში ყველა გაზეთის პირველ გვერდზე ვიქნებოდი. იმაზე საუბრობენ, რომ დონალდ ტრამპს პუტინთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს. მე ყირიმი მისთვის არ მიმიცია. ყირიმი უზარმაზარია. ვიტყოდი, რომ ტეხასის ზომის არის. ის ულამაზესია და ობამას გამო დათმეს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპის თქმით, მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს რუსეთს „არაფერი წაუღია".
„ობამას დროს ყირიმი წაიღეს, ხოლო საქართველოს დიდი ნაწილი კი ბუშის დროს. მაგრამ ჩემ დროს არაფერი წაუღიათ. ვფიქრობ ეს [რუსეთ-უკრაინის ომი] მესამე მსოფლიო ომისკენ მიექანებოდა. ეს აღარ მოხდება. ამაზე არ ინერვიულოთ. ვნახოთ, რა მოხდება და როგორ მოგვარდება", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე