თამთა ჩაჩანიძე
(19.08.2025)

საქართველოს ხელისუფლებას აშშ-სთან სტრატეგიული პარტნირობის განახლება სურს, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შეჩერდა. პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს უნდა მოხდეს კონკრეტული გზამკვლევისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე. რამდენად რეალურია ახლა სტრატეგიული ურთიერთობების განახლება და რა შემთხვევაში წამოვა ამაზე აშშ?

ანალიტიკოსების ნაწილის თქმით, ამერიკელები საქართველოსგან ისეთ შეთავაზებებს ელოდებიან, რომელიც რეგიონში მათ სტრატეგიულ ინტერესებს გააძლიერებს და ასეთ შემთხვევაში სტრატეგიური პარტნიორობის განახლებაც რეალურია.

ნაწილი ანალიტიკოსებისა კი ფიქრობს, რომ ახლა სტრატეგიული პარტნირობის განახლებაზე საუბარიც კი ზედმეტია და „ოცნებამ" ჯერ უნდა შეცვალოს პოლიტიკური ორიენტირები და შიდა პოლიტიკური სიტუაციაც გააუმჯობესოს.

ისტორია

საქართველო-აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას ხელი მოეწერა 2009 წლის 9 იანვარს, რომელიც ოთხ მიმართულებას მოიცავდა: თავდაცვა და უსაფრთხოება;

ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა; დემოკრატია და კარგი მმართველობა; ხალხთაშორისი ურთიერთობები.

ქარტიის საფუძველზე შეიქმნა სტრატეგიული პარტნიორობის კომისია, რომლის თანათავმჯდომარეები იყვნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2024 წლის 30 ნოემბერს კი სახდეპის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია სახდეპის ოფიციალურ გვერდზეც განთავსდა.

„ქართული ოცნების" გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის ღალატს. ჩვენ ვგმობთ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას ქართველების მიმართ, რომლებიც პროტესტის უფლებას იყენებენ და შევაჩერეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან", - აღნიშნული იყო განცხადებაში.

პრემიერის განცხადება

სამშაბათს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სურს. ამასთან, მან ტყუილი უწოდა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, რობინ დანიგანის თავის დროზე მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი საქართველოს ხელისუფლების მიერ გაგზავნილი წერილი „სალანძღავი შინაარსის" იყო.

„საჯარო წერილი ცნობილია, მასში საერთო სულისკვეთება იყო ასახული, ასევე დახურულ წერილშიც. საერთო სულისკვეთება არის ის, რომ ჩვენ გვინდა აშშ-სთან სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. გვინდა, რომ განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც აისახება ორმხრივი სარგებელი ორივე ქვეყნისათვის.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჯანსაღი დამოკიდებულება იქნება და განახლდება სტრატეგიული პარტნიორობა, ჯანსაღი ფორმით, ეს არის ჩვენი სურვილი. ველოდებით ამერიკულ მხარეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რეალურია თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამის შანსი 50/50-ზეა.

„რეალურობას რაც შეეხება, ესაა 50/50-ზე. საქართველო და აშშ სხვადასხვა გეოპოლიტიკურ წონით კატეგორიაში თამაშობენ. შესაბამისად, ჩვენ უფრო უნდა ვიყოთ დაინტერესებული ისეთი რაღაც შევთავაზოთ ამერიკელებს, რომ მათ შემხვედრი ნაბიჯების გამდომდგა მოუნდეთ. მაგალითად, შევთავაზოთ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაში ამერიკული კომპანია შემოვიყვანოთ; ამასთან, უფრო მეტად ჩაერთოს აშშ აქაურ ეკონომიკურ პროექტებში", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

კითხვაზე, ამ შემთხვევაში ეს ხომ არ გააუარესებს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებს, ანალიტიკოსმა გვითხრა:

„ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ დიდ მოთამაშეებს შორის, რომ არცერთმა თავი გარიყულად და მისი ინტერესები შელახულად არ იგრძნოს. როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ მრავალვექტორული პოლიტიკა აირჩია და მას ბოლო სამი წელია ატარებს, ეს ჩვენთვის უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტი და სარგებლის მომტანი.

„როდესაც ადრე პრემიერი მამუკა ბახტაძე აშშ-ში იყო ჩასული, მაშინდელმა სახელწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საჯაროდ უთხრა - ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ანაკლიის პორტი ჩინეთს და რუსეთთან დაკავშირებულ კომპანიებს არ ჩაუვარდესო. ამერიკელები საქართველოსგან ისეთ შეთავაზებებს ელოდებიან, რომელიც რეგიონში მათ სტრატეგიულ ინტერესებს გააძლიერებს", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახლა სტრატეგიული პარტნირობის განახლება რეალური არაა.

„ეს ახალი განცხადება არაა და „ოცნების" წარმომადგენლები, პირველი პირებიდან დაწყებული, ამას ლაპარაკობენ. იქიდან პასუხები კრიტიკული მოდის, გვახსოვს ელჩის შეფასება კობახიძის გაგზავნილ წერილზე და რუბიოს კომენტარები. „ოცნება" გადატვირთვაზე მუდმივად საუბრობს, ოღონდ ამაზე აშშ-ის მხრიდან რაიმე სერიოზული, ან ნახევრად სერიოზული განცხადება არ ყოფილა.

„სტრატეგიული პარტნიორობის განახლება ახლა რეალური არაა, რას უნდა გადავხედ-გადმოვხედოთ დასავლეთმა მშვენივრად იცის", - განაცხადა ძაბირაძემ.

გადამწყვეტი ფაქტორები

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ იმოქმედებს ორმხრივი სარგებელი, რომელიც მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას კი არა, არამედ აშშ-საც შეეხება.

„ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად იქნებიან საქართველოს, აშშ-სა და ევროკავშირის ხელისუფლებები ერთ ფურცელზე. ურთიერთობის განახლება ვერ და არ მოხდება, თუ ორივე მხარეს ეს თავისებურად ესახება და თავიანთი სამრეკვლოდან უყურებენ. მაგალითად, ევროკავშირს მიაჩნია, რომ საქართველომ ცნობილი კანონები აუცილებლად უნდა გააუქმოს, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ის ყიველთვის დარჩება ლგბტქ თემის მტკიცე დამცველად.

„ამერიკაზე ამ კუთხით ვერ ვისაუბრებ, რადგან ტრამპის მოსვლის მერე მნიშვნელოვნად არის მიდგომები შეცვლილი, მაგრამ მთავარია ის, თუ აშშ რამდენად საკმარისად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების ისეთ შეთავაზებას, რომელიც მოემსახურება რეგიონში აშშ-ს ინტერესების წინ წაწევას და რეალიზაციას. ამ შემთხვევაში წამოვა აშშ თანამშრომლობაზე და შემხვედრ ნაბიჯებს გადმოდგამს.

„თუ საქართველოს ხელისუფლებამ უთხრა „მე ეს მინდა, მე ის მინდა", მაგრამ „შენ რა გინდა" - ამაზე ნაკლები ყურადღება გაამახვილა, ურთიერთობის განახლება რთული წარმოსადგენია. ორმხრივი სარგებელი რა თქმა უნდა ამას გულისხმობს. მას შემდეგ რაც ურთიერთობაში პრობლემები წარმოიშვა, ორივე მხარე მიილტვის, რომ აქედან კონკრეტული ხელშესახები სარგებელი ნახოს და თუ მან ეს ვერ დაინახა, რატომ წამოვა?", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნებამ" პოლიტიკური ორიენტირები უნდა შეცვალოს.

„საქართველოს ხელისუფლებამ პირველ რიგში პოლიტიკური ორიენტირები უნდა შეცვალოს. დღეს ლაპარაკი იმაზე, რომ გვინდა ევროპა და თურმე ევროპამ უნდა გააკეთოს არჩევანი. თან ამბობენ, რომ თურმე ევროპაში ადამიანის უფლებები ირღვევა და როცა ხელისუფლების პირველი პირი ასეთ რამეს ლაპარაკობს და თან ევროპისკენ მივდივართო, ეს ერთმანეთთან შეუთავსებელია, ისევე, როგორც აშშ-სთან მიმართებაში.

„ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა დასავლეთთან მიმართებაში სრულად იმეორებს რუსულ პოლიტიკას და ნარატივს. ეს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს ძირეულად და სერიოზული ცვლილებები განხორციელდეს. თუ ეს არ იქნება, მაშინ რაიმე ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებაზე ლაპარაკიც ზედმეტია", - განაცხადა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე