თამთა ჩაჩანიძე
(18.08.2025)

"ქართული ოცნებისთვის" "სულერთია" დააკვირდება თუ არა ეუთო/ოდირი ადგილობრივ არჩევნებს. მმართველ პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ ყველა შემთხვევაში, 64-ივე მუნიციპალიტეტში ობიექტურად მოიგებენ, თავის მხრივ ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას საკუთარი გეგმები აქვს.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ახლა "ოცნებისთვის" საერთაშორისო აღიარების საკითხი მნიშვნელოვანი არაა და მათთვის ხელისუფლების გამყარება უფრო მნიშვნელოვანია მუნიციპალურ დონეზეც.

ამასთან უნდა ითქვას, რომ ცოტა ხნის წინ მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ეუთო/ოდირს ქართული ოცნების მთავრობისგან არ მიუღია მოწვევა თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად, შესაბამისად, 4 ოქტომბრის არჩევნებს არ დააკვირდებიან, რაც მათი თქმით, ეწინააღმდეგება წინა პრაქტიკებს, როდესაც მათ 2021, 2017, 2010 და 2006 წლების ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად იწვევდნენ.

ჩამოვა თუ არა ეუთო/ოდირი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, ეუთო/ოდირის მისია ვერ მოახერხებს 4 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე დაკვირვებას თავად "ოცნების" ორაზროვანი განცხადებებისა და ეუთო-ს ქვეყნების უმრავლესობის პოზიციის გამო.

"მდინარაძე იმიტომ იძახის სულერთიაო, რადგან იცის, რომ მუნიციპალურ არჩევნებზე ე.წ. გამარჯვება გარანტირებული აქვთ - ოპოზიცია არ იღებს მონაწილეობას და ცდილობენ ყველაფერი ისე გაასაღონ, რომ აი, ყოველ შემთხვევაში "ოცნება" იგებს და ჩამოვა თუ არა ეუთო/ოდირის მისია სულერთიაო, თითქოს არ ღელავენ.

 

"თუ მისია არ ჩამოვა, იტყვიან, რომ არჩევნები ობიექტურად წარიმართა და ამის გახმოვანება არ უნდოდათო. თუ მისია გვეწვევა, მაშინაც დასკვნას სათავისოდ წაიკითხავენ, რომ ყველაფერი ობიექტურად ჩატარდა.

"შესაძლოა, ეუთო/ოდირის მისია არ ჩამოდის იმიტომ, რომ ეუთო-ს წევრი ქვეყნების უმეტესობა ამ არჩევნებს ლეგიტიმურად არ თვლის. ბოიკოტის ფონზე უმჯობესია არ ჩამოვიდეს მისია, საბოლოო დასკვნას "ოცნება" მაინც სათვაისოდ წაიკითხავს. არ მგoნია ეუთო/ოდირი მხოლოდ თავისი ინიციატივით ჩამოვიდეს, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ეუთო-ს ქვეყნების უმეტესობა არ აღიარებს არჩევნებს და გადაწყვეტილებები კონსენსუსით მიიღწევა. მისია დიდი ალბათობით არ ჩამოვა, შესაბამისად, საერთაშორისო აღიარებაც არ ექნება",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისადმი ევროკავშირის დამოკიდებულება აფერხებს როგორც "ოცნების" მხრიდან მისიის მოწვევას, ისე თავად მისიისგან აქტიური ინიციატივის გამოჩენას.

"მომხდარა ისეც, რომ უცხოელებს ინტერესი გამოუთქვამთ და ქართული მხარე დათანხმებულა. თუ ეუთო/ოდირი-ს ინიციატივა იქნა, სავარაუდოა, რომ არც ახლა იქნება "ოცნებისგან" წინააღმდეგობა, მაგრამ "ქართული ოცნება" საკუთარი ინიციატივის საკითხის დაყენებას მოერიდება. გვახსოვს, ეუთო/ოდირი-ს დასკვნა ევროკავშირმა დღემდე ფაქტიურად არ მიიღო.

"ევროკავშირის მხრიდან ასეთი დამოკიდებულება ეუთო/ოდირი-სთვის შეურაცხყოფა იყო და უნდობლობის რეჟიმში ჩააყენა. ალბათ ეუთო/ოდირი-სთვის საქართველოსკენ წამოსვლა გარკვეულწილად ღირსების საქმეა და შესაძლოა, მისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა ადვილი არ იყოს.

ამიტომაც ვვარაუდობ, რომ ქართული მხარე არ ეცდება ინიციატივა გამოავლინოს, რათა ეუთო/ოდირ-ს ჰქონდეს მოქმედების თავისუფლება დატოვებული, ერთი, ან მეორე მხარე უხერხულ მდგომარეობაში არ ჩადგნენ.

"თუ ქართულმა მხარემ შესთავაზა და იმათ უარი შემოუთვალეს, ეს უკვე ქართულ მხარეს აგდებს უხერხულ მდგომარეობაში. ზოგადად ევროპელების დაპირისპირება საქართველოს ხელისუფლებასთან დაპირისპირება ამ ფონს ქმნის. თუ ეუთო/ოდირი იტყვის ჩვენ გვინდა ჩამოსვლაო, აი მაშინ წინააღმდეგობის გაწევა ნამდვილად დიდი შეცდომა იქნება, მაგრამ ის, რომ ინიციატივა არ გამოავლინო, ეს არცერთ პლიტიკურ პროცესში შეცდომა არაა",- განაცხადა საყვარელიძემ.

ამბობს, რომ ეუთო/ოდირის მისიის ჩამოსვლა 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგისთვის აუცილებელი არაა.

"ასეთი მეთვალყურეების ყოფნას ძირითადად იმისთვის აქვს აზრი, რომ დანარჩენი მსოფლიოსთვის არჩევნების შედეგები დამაჯერებელი იყოს. 2024 წელს ეუთო/ოდირ-მა განაცხადა, რომ არჩევნები კარგად ჩატარდაო. პოლიტიკური მოტივი სხვა ჰქონდათ და ქვეყნებმა და პოლიტიკურმა სტრუქტურებმა მათი შედეგების უარყოფა დაიწყეს, მაშინ მათ შედეგებს რაღა აზრი აქვს?

"თუკი ასეთივე პოლიტიკა გაგრძელდა, რომ ობიექტურ რეალობას აზრი არ აქვს და იმათ პოზიციას, ვინც ამ რეალობას ამოწმებს, მაშინ ასეთ შემოწმებებს აზრი ნამდვილად არ აქვს და პროცესი თავისი გზით წავა. რა თქმა უნდა, თუკი დამკვირვებლები არ ჩამოვიდნენ, ოპოზიცია იტყვის, რომ იზოლაციაში ვართო",- განაცხადა საყვარელიძემ.

რას აცხადებენ "ოცნებაში"

"ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია შეიძლება მოვიწვიოთ, შეიძლება არა - ძალიან გულწრფელი რომ ვიყო, სულერთიას პოზიციაზე ვართ - დიდად არც იმის პრობლემა გვაქვს რომ იყოს [მოწვეული], ან არ იყოს", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, თავად ეუთო/ოდირმაც არ გამოხატა დიდი სურვილი, რომ თვითმმართველობის არჩევნებს დაკვირვებოდა.

„არა, გადაწყვეტილიც არ გვაქვს. თავად ეუთო/ოდირიც ამბობს დაგვიანდა ეს ყველაფერიო. ჩვენ ამაზე ვფიქრობდით. არც კი და არც არა კატეგორიულად და დაბეჯითებით არ გვითქვამს. რატომღაც მათ ჩვენთვის გასაკვირი პოზიცია გამოამჟღავნეს, დიდი სურვილიც არ გამოხატეს თავიანთ განცხადებაში და პოზიციაში.

"ძალიან გულწრფელი რომ ვიყო, სულერთიას პოზიციაზე ვართ. დიდად არც იმის პრობლემა გვაქვს რომ იყოს ან არ იყოს. წარმოუდგენელია, რომ რაიმე პრობლემა გვქონდეს სადამკვირვებლო მისიასთან დაკავშირებით. არ ვგეგმავთ [მიმართვას] და არც ის მომენტი არ გვაქვს, რომ არ დავგეგმოთ. შეიძლება მოვიწვიოთ, შეიძლება არა. ეს დამოკიდებულია ჩვენს გადაწყვეტილებაზე," - განაცხადა მდინარაძემ

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე