ალასკის სამიტი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა. კრემლის პროპაგანდისტები ზეიმობენ პუტინის „დიპლომატიურ გარღვევას" და იმ სიბოლოებზე საუბრობენ, რომელიც შეხვედრისას ყველასთვის თვალშისაცემი იყო. დასავლელი მიმოხილველები კი არ გამორიცხავს, რომ ტრამპმა სამშვიდობო შეთამხმების მისაღწევად ზელენსკიზე ზეწოლა გაზარდოს.
სამიტი საკმაოდ ხანმოკლე გამოდგა. მნიშვნელოვნად შეიცვალა წინასწარ დაანონსებული გეგმაც. არ გამართულა აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა და შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე მათ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხეს.
შეხვედრის წინ კეთდებოდა განცხადებები, რომ სამიტის საუკეთესო შედეგი იქნებოდა ცეცხლის სრული შეწყვეტა უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივით. თუმცა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. დასავლურ მედიაში გაჟონილი ინფორმაციით, რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ მზადაა განიხილოს სრულფასოვანი სამშვიდობო შეთანხმება, ოღონდ თავისი პირობებით.
ეს ნაწილობრივ დაადასტურა დონალდ ტრამპმაც „ფოქს ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში. მისი ცნობით, ვლადიმირ პუტინთან საუბრისას განიხილებიდა უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობისა და ამის სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტიების მიღების საკითხები. ტრამპი აცხადებს, რომ ახლა ბურთი უკრაინის მხარესაა.
ტრამპი პრაქტიკულად შეხვედრის დასრულებისთანავე დაუკავშირდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს. არაოფიციალური ინფორმაციით, ანკორიჯიდან ვაშინგტონამდე ფრენისას იგი დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში ესაუბრებოდა მათ ტელეფონით. შედეგად გადაწყდა, რომ ზელენსკის 18 აგვსტოს ჩავა ვაშინგტონში. ამასთან, უნდა ითქვას, რომ როგორც უკრაინა, ისე ევროპა კვლავ ძველ პოზიციაზე არიან.
სამიტის შემდეგ, ტრამპმა აშშ-უკრაინა-რუსეთის სამმხრივი შეხვედრა დაანონსა, რისთვისაც ზელენსკიმ მზაობა გამოთქვა, რუსული მხარე კი აცხადებს, რომ ამაზე ტრამპი-პუტინის აუდიენციის დროს არაფერი თქმულა, თუმცა გადაწყვეტილების შესახებ განაცხადებენ.
ამასთან, კიევი განაგრძობს პოზიციების კოორდინაციას ყველა პარტნიორთან და მიაჩნია, რომ მოლაპარაკების ყველა ეტაპზე ევროპელების ჩართულობა მნიშვნელოვანია.
სიმბოლოები
განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თეთრი მაისური წარწერით „სსრკ", რომლითაც სერგე ლავროვი ანკორიჯში ჩაფრინდა.
რაც შეეხება პრეზიდენტებს, ტრამპის თვითმფრინავი ალასკაში რამდენიმე წუთით ადრე ჩაფრინდა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი თვითმფრინავიდან არ ჩამოვიდა ელოდებოდა რუსეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის დაჯდომას.
ორივე პრეზიდენტი თუთქმის ერთდროულად ჩამოვიდა ბორტიდან და მათთვის დაფენილი წითელი ხალიჩების გავლით გაემართნენ ერთმანეთისკენ.
მისალმებისას ლიდერებს თავზე ოთხმა მეხუთე თაობის „ეფ-35"-მა ავიაგამანადგურებელმა და ერთმა „ბი-2 სპირიტ"-ის ტიპის ბომბდამშენმა გადაუფრინეს, რაზეც პუტინს რეაქცია ჰქონდა და რაც ამერიკული ძალის დემონსტრირებად შეფასდა. აეროპორტშიც იდგა აშშ-ის რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავი.
პუტინი ტრამპის ავტომობილში ჩაჯდა და ისინი ერთად გაემართნენ მოლაპარაკების ადგილამდე.
მოლოდინი და რეალობა
„სქაი ნიუსი" წერს, თუ რა იყო დაანონსებული და შემდეგ რეალობაში როგორ შეიცვალა გეგმები:
„სამიტის დასაწყისი
მოლოდინი: ორ ლიდერს შორის პირისპირ შეხვედრა, ფოტოს გადაღებით და დასაწყისში კითხვების დასმის შესაძლებლობით.
რეალობა: შეხვედრა შედგა სამი-სამზე მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. დასაწყისში მხოლოდ ფოტოები გადაიღეს და ლიდერებისთვის კითხვები არ დაუსვამთ.
შეხვედრა გაფართოებულ დელეგაციასთან
მოლოდინი: გაფართოებული ორმხრივი სადილი რუსეთისა და აშშ-ის უფრო ფართო დელეგაციებთან.(საუბარი იყო ხუთს პლუს ხუთ ფორმატზე)
რეალობა: მოლაპარაკებების პირველი (დაახლოებით 3 საათიანი) რაუნდის შემდეგ საქმიანი საუზმე გაუქმდა.
პრესკონფერენცია
მოლოდინი: ვრცელი პრესკონფერენცია პრეზიდენტებთან და მსოფლიოდან სპეციალურად ჩასული ჟურნალისტების კითხვები.
რეალობა: ლიდერებმა ინდივიდუალური განცხადებები გააკეთეს, რომელიც 12 წუთს გაგრძელდა. პრესას კითხვის დასმის შესაძლებლობა არ მიეცა.
ზელენსკისთან შეხვედრა: ტრამპი მოამზადებდა ნიადაგს პუტინთან მეორე სამმხრივი შეხვედრისთვის, რეალურად ეს პუტინმა საჯაროდ არ დაადასტურა, თუმცა ტრამპმა "ფოქს ნიუსთან" განაცხადა, რომ ის მაინც შედგება.
ცეცხლის შეწყვეტას რაც სეეხება, მოსალოდნელი იყო და ტრამპიც აცხადებდა, რომ ის არ იქნებოდა კმაყოფილი, თუ ცეცხლის შეწყვეტას ვერ მიაღწევდა, თუმცა, ცეცხლის შეწყვეტა არ გამოცხადებულა და ეს ლიდერებს განცხადებაში არც უხსენებიათ. მეტიც, ტრამპმა, როგორც ჩანს, უკან დაიხია თავისი მუქარისგან, რომ თუ პუტინი უარს იტყოდა, ეს რუსეთისთვის „სერიოზული შედეგების" მომტანი იქნებოდა", - წერს წყარო.
აქვე აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით თავად ტრამპმა შეხვედრა 10 ქულით შეფასა 10-ბალიან სისტემაში.
ტერიტორიების დათმობა და უსაფრთოების გარანტია
შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა „ფოქს ნიუსთან" განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა ახლა ზელენსკიზეა დამოკიდებული. ამასთან, მან უკრაინის პრეზიდენტს მიმართა, რომ „შეთანმება უნდა დადონ".
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც უკრაინის მხრიდან რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას და ასევე აშშ-ის მიერ უკრაინისთვის უსაფრთხოების პოტენციური გარანტიების უზრუნველყოფას შეეხებოდა, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს იყო ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების პუნქტი.
„ვფიქრობ, ეს ის პუნქტებია, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ და ეს ის პუნქტებია, რომლებზეც ძირითადად შევთანხმდით. სინამდვილეში, ვფიქრობ, რომ ბევრ რამეზე ვთანხმდებით. შემიძლია გითხრათ, რომ შეხვედრა თბილი იყო", - აღნიშნა ტრამპმა.
მან ვლადიმერ პუტინს „ძლიერი და ძალიან მკაცრი" ადამიანი უწოდა, მაგრამ განაცხადა, რომ შეხვედრა პოზიტიური იყო.
„ვფიქრობ, რომ დასასრულთან საკმაოდ ახლოს ვართ და უკრაინა ამას უნდა დაეთანხმოს", - აღნიშნა ტრამპმა.
გარდა ამისა, ტრამპმა განაცხადა, რომ შეხვედრამ „პოზიტიურად ჩაიარა" და ის ჯერ არ გეგმავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას და შესაძლოა ამაზე "ორ-სამ კვირაში" დაფიქრდეს.
ტრამპი-ზელენსკის საუბარი
ტრამპმა ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა ალასკის სამიტის შემდეგ, ამასთან ხანგრძლივი სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან, ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან.
„აქსიოსის" ინფორმაციით, საუბარი საათნახევარზე მეტხანს გაგრძელდა. აქედან ტრამპმა ერთი საათი თავად ზელენსკისთან ისაუბრა, ასევე ხაზზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. გამოცემის ცნობით, საუბარი „მარტივი არ იყო", ზელენსკი კი 18 აგვისტოს თეთრ სახლს ეწვევა.
თავად უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა მხარს უჭერს სამმხრივი შეხვედრის ინიციატივას, ორშაბათს კი ტრამთან ვაშინგტონში დეტალურად განიხილავენ „მკვლელობებისა და ომის დასრულებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს".
მოგვიანებით ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „პუტინთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა, ისევე როგორც გვიან ღამით განხორციელებულმა სატელეფონო საუბარმა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან და სხვადასხვა ევროპელ ლიდერთან, მათ შორის ნატო-ს დიდად პატივცემულ გენერალურ მდივანთან. ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასასრულებლად საუკეთესო გზას პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს და არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ხშირად არც მუშაობს".
სატალეფონი საუბრს შემდეგ ევროპელმა ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვმია, რომ უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერა გრძელდება და მზად არიან სამმხრივი სამიტის მიმართულებით თანამშრომლობისთვის. ლიდერები მიესალმებიან ტრამპის ძალისხმევას ომის დასრულებისა უსაფრთხოების გარანტიების მიცემის მზაობის კუთხით, თუმცა, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს უფლება უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას ვეტო დაადოს და უკრაინამ საკუთარი ტერიტორიების შესახებ გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღოს.
შეფასებები
შეხვედრის შემდეგ მყისიერი იყო გამოხმაურებები, როგორც საერთაშორისო გამოცემებში, ისე ინდივიდუალურად ანალიტიკოსებისა და ბლოგერების მხრიდან. მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ყველაფერი პუტინისთვის სასურველი სცენარით წარიმართა და სამიტის ეს შედეგები ყველაზე მომგებიანი რუსეთისთვისაა, ხოლო ტრამპის სტრატეგიის არჩევას უახლოეს კვირებში ელიან.
„ბლუმბერგი" იუწყება, რომ მოლაპარაკებათან დაკავშირებით ინფორმირებული ანონიმური წყაროების ცნობით, ზოგიერთი ევროპელი ჩინოვნიკი შეშფოთებულია, რომ შეთანხმების მისაღწევად, ტრამპი „ახლა ზელნსკიზე ზეწოლას მოახდენს" ტეროტირიების დათმობის მიზნით.
„სი-ენ-ენი" წერს, რომ პუტინმა ამ შეხვედრით ორი უზარმაზარი უპირატესობა მიიღო - პირველი, წითელი ხალიჩით დახვედრა და გასეირნება აღიქმება, როგორც სავარაუდო სამხედრო დამნაშავის რეაბილიტაციის ფორმა, რაც ბევრი უკრაინელისთვის „საშინელი სანახავია". მეორე გამარჯვება კი დროსი მოგებაა - პუტინს შეუძლია დამატებითი სანქციების გარეშე ფრონტზე საომარი მოქმედებები გააგრძელოს.
„თაიმსი" წერს, რომ პუტინი ალასკის სამიტიდან გამარჯვებული გამოვიდა, რადგან მას „წითელი ხალიჩითა და სახელმწიფო მოღვაწის სტატუსით დახვდნენ და არა როგორ ომის დამნაშავედ ცნობილ პირს, რომელსაც დაპატიმრებოს შიშით 125 ქვეყანაში ფეხის დადგმა არ შეუძლია" და თუ ტრამპი კონლფიქტის მოგვარებას ვერ მოახერხებს, ზელენსკიზე ზეწოლას გააძლიერებს.
„თაიმსი" ასევე წერს, რომ სამიტის შემდეგ, ტრამპი პუტინს შეუთანხმდა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესს შეაჩერებს.
ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ სამმხროვი შემხვედრის შემთხვევაში, „ომი შობამდე დასრულდება" და თუ შეხვედრა არ შედგება, „ტრამპი სერიოზულ შედეგებს დააკისრებს პუტინს და მათ, ვინც მის ნავთობსა და გაზს ყიდულობს".
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი სამიტის შედეგებზე წერს, რომ „ორმა ქვეყანამ აღადგინა მაღალი დონის შეხვედრების მექანიზმი, მშვიდად, ულტიმატუმებისა და მუქარის გარეშე", პუტინმა პირადად გააცნო ტრამპს რუსეთის პირობები კონფლიქტის დასასრულებლად, აშშ-მა კი „ჯერჯერობით" უარი თქვა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაზე და „თავად შეხვედრამ აჩვენა, რომ მოლაპარაკებები შეიძლება წარიმართოს წინაპირობების გარეშე, სამხედრო ოპერაციის გაგრძელების პარალელურად".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე